სხვა სხეულის რვა ყველაზე ექსტრემალური მოდიფიკაცია 2014, 21 დეკემბერი, 16:11 ნათქვამია, დედამიწაზე რამდენი ხალხია, კულტურაც იმდენივეაო. ყველა კულტურას გააჩნია თავისი წეს-ჩვეულებები და რიტუალები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი მათგანი მეტად უცნაური და შიშისმომგვრელია, მაგრამ მათი ტრადიციები საუკუნეების წიაღში იღებენ სათავეს.
მოდით, ერთად მოვახდინოთ ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და გავიცნოთ უცნაური ადამიანები, რომლებიც რელიგიური კულტის, ტრადიციების, ვაჟკაცობის დამტკიცების ან სულაც სილამაზის გამო უჩვეულო მსხვერპლზე მიდიან და ნებაყოფლობით იმახინჯებენ თავიანთ სხეულებს.
1. ყურების გაწელვის რიტუალი ყურების გაწელვის რიტუალი უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რადგან ყურების მოდიფიკაციის კულტურა არსებობდა ჯერ კიდევ აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები თანამედროვე ადამიანების პირველყოფილ წინაპრებში. დღეისათვის ბევრ თანამედროვე კულტურაშია მიღებული ყურების გაწელვა და ის განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით. ყველაზე გავრცელებულ მოტივაციას ამ რიტუალისა წარმოადგენს რელიგია, სრულწლოვანების აღნიშვნა, ბოროტი სულების განდევნა, სექსუალურობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკური სილამაზეც კი. ლამის მთელი მსოფლიოს ხალხებში არსებობს ყურების მოდიფიკაციის პრეცენდენტი - კენიაში მცხოვრები მასაის ტომებიდან დაწყებული ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები უაორანის ტომის ხალხებით დამთავრებული. ის, რომ ნებისმიერ თანამედროვე ახალგაზრდას შეუძლია შევიდეს პირსინგის სალონში და მოითხოვოს მისთვის სასურველი სამშვენისის დასამაგრებლად საჭირო პირსინგის გაკეთება ყურებზე ან ლამის მთელი გვირაბის გაყვანა სხეულის ან პატარა ნაწილზე, სწორედ ამ კულტურის - ყურების მოდიფიკაციის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. 2. ხის საცობები ცხვირის ნესტოებში და ხელოვნურად დამახინჯებული სახე აპატანის ხალხები, რომლებიც ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, მთელ ინდოეთში განსაკუთრებით ლამაზ ხალხად ითვლებოდა, განსაკუთრებით აპატანელი ქალები, რომლებსაც მეზობელი ტომები გამუდმებით იტაცებდნენ. ასე, რომ, ისინი იძულებული ხდებოდნენ ძალად დაემახინჯებინათ თავი, რომ ამ გზით თავიდან აეცილებინათ ძალადობა სხვა ტომების მამაკაცების მხრიდან. ამისათვის ისინი ცხვირში იდგამდნენ დიდ ხის საცობებს, რომ ნესტოები გაფართოებულიყო და ცხვირს უშნო იერსახე მისცემოდა. ეს ტრადიცია დღესაც შემორჩენილია აპატანის ხალხებში, რომლის რაოდენობაც 26 ათას კაცს ითვლის. 3. ფირფიტის ჩადგმა ტუჩებში-ესეც სხეულის მოდიფიკაციის ერთ-ერთი სახეა ფირფიტები, რომლებიც, როგორც წესი, მრგვალია და დამზადებულია თიხის ან ხისაგან, იდგმება გახვრეტილ ქვედა ან ზედა ტუჩში და თანდათანობით წელავს მას. არქეოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებენ, რომ ეს მოდიფიკაცია ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იქნა შემოღებული სუდანში, ეთიოპიაში, მოზამბიკში, მეზოამერიკასა და ეკვადორში. ამჯამად ეს რიტუალი შემორჩენილია აფრიკასა და ამაზონში მცხოვრებ ზოგიერთ ტომებში. როგორც წესი, ფირფიტის ჩადგმის დროს იღებენ ორ ან მეტ ქვედა კბილს. ზოგიერთ ტომში ფირფიტებს დგამენ როგორც ზედა, ასევე ქვედა ტუჩში, ზოგ ტომში კი მხოლოდ ზედა ტუჩში. ძველი წყაროების მიხედვით ითვლება, რომ ფირფიტის სიგანე და სისქე დამოკიდებული იყო ადამიანის სოციალურ სტატუსზე და მის ეკონომიურ მდგომარეობაზე, მაგრამ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყოდით, რომ მისი სიდიდე ადამიანის ტუჩის ზომაზე და მის სურვილზეა დამოკიდებული, თუ რამდენად "გაფლაშული" ტუჩები სურს ჰქონდეს მის პატრონს. 4. პირსინგი პირზე და ლოყებზე-ტაილანდელი მედიუმების საყვარელი გასართობი ზოგი ადამიანისათვის ეს შეიძლება ზედმეტად ექსტრემალური იყოს, მაგრამ ტაილანდელი ახალგაზრდებისათვის ეს სავსებით ნორმალურია. ისინი არაფრად აგდებენ ტკივილს, რადგან სწორედ ეს რიტუალი ითვლება ბავშვობის დასასრულად და ზრდასრულ ცხოვრებაში ფეხის შედგმად. ეს სახალხო რიტუალი ყოველწლიურად ტარდება და ტაილანდელი ახალგაზრდები ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, რომ ისინი უკვე დიდები არიან. ვეგეტერიანული ფესტივალი, რომელიც პუხკეტში ტარდება, სავსეა რელიგიური რიტუალებით. ტრანსში ჩავარდნა და პირსინგი-ცერემონიის ერთ ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ყველაზე შთამბეჭდავია რიტუალი, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობის ათი დღის მანძილზე ყოველ დილით ტარდება: მედიუმები ლოყებსა და ტუჩებში იყრიან ლითონის საგნებს და ამ დროს აბსოლუტურად უგრძნობი რჩებიან ტკივილის მიმართ. მაზოხიტების (სხვაგვარად შეუძლებელია უწოდო ამ ხალხს) მეორე ნაწილი გავარვარებულ ნაკვერცხლებზე ან ლურსმნებზე დადის შიშველი ფეხებით. ისინი ამ დროს ტრანსის მდგომარეობაში არიან, რაც შესაძლებლობას აძლევთ გაუძლონ საათების განმავლობაში გაგრძელებულ პირსინგის პროცედურებს. ამბობენ, რომ ჭრილობები ფესტივალის შემდეგ ყველას უხორცდება და მიუხედავად არასტერილურობისა, ინფექციის შეჭრის შემთხვევები არასოდეს გამოვლენილა, თუმცა საშინელი იარები სამუდამოდ "ამშვენებენ" ამ უშიშარი ახალგაზრდების სახეს. 5. კბილების წაწვეტება კბილების წაწვეტება-ესაა პრაქტიკა, რომლის დროსაც ხელოვნურად ახდენენ წინა კბილების წამახვილებას. სხეულის მოდიფიკაციის ეს ფორმა უამრავ კულტურაში არსებობდა. ბალის კუნძულებზე კბილებს ჭრიდნენ ადამიანებს იმიტომ, რომ კბილი ასოცირდებოდა სიბოროტესთან და ავ სულებთან. კბილების წაწვეტებას ზოგი ტომი უკავშირებდა ზრდასრულ ცხოვრებაში ფეხის შედგმას. მაიას კულტურის დროს კბილებს არამარტო წვეტიან ფორმას აძლევდნენ, არამედ მათზე ტვიფრავდნენ სხვადასხვა ფიგურებსა და ასოებს. ბევრ ტომებში კბილებს ამახვილებდნენ ცხოველებთან იმიტაციის მიზნით. ეს ტრადიცია ახლაც შემორჩენილია აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ხალხებში. 6. ნაიარევი სხეულზე - უამრავი კულტურის ხალხებში ფართოდ გავრცელებული რიტუალი სეპიკის ტომის ხალხებსა და პაპუა-ახალ გვინეაში ნაიარევების დატანა სხეულზე მამაკაცად გახდომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როტუალია. ესაა ცერემონიის ნაწილი, რომელიც კვირეების განმავლობაში გრძელდება და რომელშიც, იარების გარდა, შედის სახალხო დამცირების პროცედურაც. ტომის უხუცესი მამაკაცები ახალგაზრდა ჭაბუკების სხეულებს სამართებლით სერავენ იმგვარად, რომ შეხორცების შემდეგ ჭაბუკის ტანი ალიგატორს დაემსგავსოს. ისინი თვლიან, რომ ალიგატორი ყველა ბავშვურ საწყისს შეჭამს და ახალგაზრდა ჭაბუკი ნამდვილ მამაკაცად გადაიქცევა. 7. ნაიარავები სახეზე-სასტიკი რიტუალი დინკას ტომის ხალხებში დინკას ტომის გოგონები და ჭაბუკები იშვიათად ტირიან, როცა ტომის შამანს მათ სახესთან გავარვარებული დანა მიაქვს: თუ ისინი ატირდებიან ან ტკივილისაგან კანკალს დაიწყებენ, მათ იციან, რომ საზოგადოებაში ადგილი არასოდეს ექნებათ, ისინი დაკარგავენ თავიანთ სტატუსს, ამიტომ ამჯობინებენ მოთმინებით აიტანონ ტკივილი. სახის ნაიარევით დაფარვა მთელ სუდანშია გავრცელებული, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნაიარევი ქალებს უკეთდებათ სახეზე და ის მათი მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელია. მამაკაცებს დინკას ტომებში ძირითადად სამი ან მეტი პარალელური ხაზი უკეთდებათ შუბლზე, რაც მათი გამბედაობის და ვაჟკაცობის ნიშნად ითვლება. ეს ხაზები ზრდასრული ასაკის მიღწევისთანავე კეთდება და ამის შემდეგ ჭაბუკი ტომის თანასწორუფლებიან წევრად ითვლება. 8. "გრძელკისრიანები" ანუ "ქალი-ჟირაფები" ჩრდილოეთ ტაილანდში მცხოვრები პადაუნგის ტომის ქალები მთელ მსოფლიოში ცნობილი არიან, როგორც ყველაზე მაღალი კისრის პატრონები. მათ "გრძელკისრიანებს" ან "ქალ-ჟირაფებსაც" უწოდებენ. ყელის ასეთი უჩვეულო სიმაღლე გამოწვეულია იმით, რომ პატარა ასაკიდანვე პადაუნგი ქალები ყელზე ლითონის სამკაულს ატარებენ, რომელზეც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება რგოლების რაოდენობა და რაღა თქმა უნდა, კისრის სიმაღლეც ნელ-ნელა მატულობს. ამ რგოლების რაოდენობამ შესაძლებელია 25-საც კი მიაღწიოს, ზოგიერთი ქალი კი მას არასოდეს არ იხნის, რადგან უზომოდ წვრილი კისერი უბრალოდ ვერ გაუძლებს თავის სიმძიმეს. 239 15-ს მოსწონს
|