x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კლეოპატრა – უკანასკნელი ფარაონი პტოლემეების დინასტიიდან

თითქმის არავის ახსოვს ეგვიპტის ფარაონების სახელები, მაგრამ, კლეოპატრას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ან ჰგონია, რომ იცის. ვიღაცისთვის ის კურტიზანი იყო, ვიღაცისთვის, – მზაკვარი, რომელიც სამოქალაქო ომების მიზეზი გახდა, ვიღაცისთვის კი პირიქით, – სათნოების ეტალონი.


image


imageბავშვობა და ახალგაზრდობა


კლეოპატრა ძვ, წ. აღრ 69 წლის 2 ნოემბერს დაიბადა. დაბადების ადგილი დღემდე უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ის ანტიკური სამყაროს კულტურის ცენტრში – ალექსანდრიაში მოევლინა ამ ქვეყანას. ეგვიპტის დედოფლის ძარღვებში ბერძნული სისხლი ჩქეფდა, რადგან პტოლემეები დინასტიის დამაარსებლის, ალექსანდრე დიდის, გენერალ პტოლემეს შთამომავლები იყვნენ.

imageკლეოპატრას ბავშვობის და ახალგაზრდობის შესახებ, ფაქტიურად, არაფერია ცნობილი. მაგრამ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მომავალმა მმართველმა კარგი განათლება მიიღო. მას შეეძლო ფილოსოფიურად მსჯელობა, არგუმენტირებულად აზროვნება, უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, იცოდა 8 უცხო ენა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ბერძენი ფარაონებისგან განსხვავებით, შეეძლო არაბულად წერა-კითხვა. ეს ყველაფერი ძალიან გასაკვირია, რადგან იმ დროს, ბერძნულ ოჯახებში, გოგონების განათლებაზე საერთოდ არ ზრუნავდნენ. მაგ., კლეოპატრას და ბერენიკა, მისი საპირისპირო პიროვნება იყო: უყვარდა გართობა, ზარმაცი, საკმაოდ მოუხერხებელი და მოუქნელი იყო. ეტყობა, მამას – პტოლემე XII ჰგავდა, რომელიც ძვ. წ. აღრ. 58-55 წლებში ქვეყნიდან გააძევეს და ხელისუფლება მის ქალიშვილს, ბერენიკას გადასცეს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი ამ შემთხვევის შესახებ წერდა, რომ ბერენიკა განდევნილი ფარაონის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო. ამიტომ, გაჩნდა მოსაზრება, რომ კლეოპატრა ფარაონს თავის ხარჭასთან შეეძინა და შესაძლოა, ქალიშვილის განათლებაზე სწორედ დედას ეზრუნა და ქვეყნის მართვისთვის მოემზადებინა.

image

დედოფალი


კლეოპატრა ტახტზე ძვ. წ. აღრ. 51 წ. ავიდა და ეგვიპტეს 21 წელი მართავდა. ის 2-ჯერ იყო უმცროს ძმებთან ფორმალურ ქორწინებაში, რადგან პტოლემეების სახლის ტრადიციები, არ აძლევდა ქალს სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვის უფლებას. მოგვიანებით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საკუთარი ძმების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და მათი მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მმართველობას, თავის არასრულწლოვან ვაჟთან ერთად აგრძელებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 96 % უდაბნოს ეკავა, ეგვიპტე რომისთვის მაინც სასურველი იყო. ევროპელ დამპყრობლებს, უპირველეს ყოვლისა, ნილოსის სანაპიროებზე არსებული უძველესი ცივილიზაციის ნაშთები აინტერესებდათ. ამასთან, ეგვიპტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ისედაც რომს ეკუთვნოდა, მაგრამ ქვეყანა სრულად დაპყრობილი არ ჰქონდათ. ამიტომ ეგვიპტე, ამის და კიდევ ფინანსური დავალიანების გამო, რომზე იყო დამოკიდებული.

მმართველობის პირველი წლები ძალიან რთული აღმოჩნდა კლეოპატრასთვის. ქვეყანაში ორწლიანი გვალვის გამო, სურსათის დეფიციტი შეიქმნა, ამას და-ძმას შორის დაპირისპირებაც დაემატა... თავდაპირველად კლეოპატრა ქვეყანას მარტო უძღვებოდა – მან თავისი არასრულწლოვანი ძმა და როგორც უკვე აღვნიშნეთ «ქმარი» მართვას ჩამოაშორა, მაგრამ როდესაც პტოლემე XIII წამოიზარდა, ბედს არ შეურიგდა და კლეოპატრას წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო. მას მომხრეები როგორც სასახლეში, ისე მის გარეთ ჰყავდა და თავი რომ გადაერჩინა, დედოფალი სირიაში გაიქცა.


image

imageახლო აღმოსავლეთში დაუპატიჟებელ სტუმრად მყოფი კლეოპატრა მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა, მას სამშობლოში უნდოდა დაბრუნება და არა უბრალოდ – არამედ, მხოლოდ სრულფასოვანი მმართველის სტატუსით.

ეგვიპტეში შექმნილი მდგომარეობის გასარკვევად, ალექსანდრიაში იულიუს კეისარი (ცეზარი) გაემართა 7 000 კაციანი ჯარით. იქ ჩასულს, ქვეყნის ტახტზე პტოლემე XIII დახვდა. მან შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ეგვიპტის ახალ მმართველს, მამის დროინდელი ვალის (10 მლნ. დინარი) გადახდა მოსთხოვა. ახალ ფარაონს ესმოდა, თუ ტახტის შენარჩუნება სურდა, უნდა გადაეხადა... და ასეც მოიქცა.

თავის მხრივ, კლეოპატრაც ხვდებოდა, რომ როგორმე კეისრის ნდობა უნდა მოეპოვებინა. ერთი ლამაზი ლეგენდის თანახმად, მხედართმთავრის გადაბირების მიზნით, მოხერხებული გოგონა საიდუმლოდ ჩავიდა ეგვიპტეში და ალექსანდრიის სასახლეში შეაღწია: ერთგულმა მსახურებმა ის ხალიჩაში გადაახვიეს და როგორც ძვირფასი საჩუქარი, ისე მიართვეს კეისარს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ლეგენდა არის და სინამდვილეში, ის თეთრეულის ტომარაში ჩასვეს და ისე შეიყვანეს რომაელის საძინებელში. ამ უკანასკნელს კი, კლეოპატრა დანახვისთანავე შეუყვარდა და მაშინვე მის მხარეს გადავიდა.

imageimage
კეისარმა და-ძმა ეგვიპტის თანამმართველებად დანიშნა, მაგრამ პტოლემეს მომხრეებს ეს აზრი არ მოეწონათ. გაჩაღდა სამოქალაქო დაპირისპირება და ომი, რომლის დროსაც პტოლემე XIII დაიღუპა (ტბაში დაიხრჩო) და ეგვიპტის ტახტი კლეოპატრას დარჩა. ის თავის უმცროს ძმაზე, პტოლემე XIV-ზე დაქორწინდა და ქვეყნის მართვა რომის პროტეკტორატით გააგრძელა. იმავე პერიოდში, მას კეისართან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა და მასთან ვაჟი — ცეზარიონი («პატარა ცეზარი») შეეძინა:

ძვ. წ. აღრ. 46 წელს კეისარმა კლეოპატრა რომში გამოიძახა, რომსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობა ხელშეკრულების დადების მიზეზით. ეგვიპტის დედოფლისთვის სპეციალურად ააშენეს მდიდრული ვილა, სადაც კლეოპატრამ მომდევნო ორი წელი გაატარა და როგორც მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, ცეზარინიც სწორედ იქ დაიბადა.


image


იმ დროს რომში სამოქალაქო ომი იყო, რომელიც კეისრის მომხრეების გამარჯვებით, ძვ. წ. აღრ. 45 წლის გაზაფხულზე დასრულდა და სენატმა იულიუს კეისარს იმპერატორის ტიტული მიანიჭა. მაგრამ, სენატის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც სამოქალაქო ომის შემდეგ, კეისარმა შეიწყალა, მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყეს და 44 წლის 15 მარტს იმპერატორი მოკლეს.

კლეოპატრამ რომი დატოვა და ალექსანდრიაში დაბრუნდა. იოსებ ფლავიუსის გადმოცემით, სამშობლოში დაბრუნებულმა დედოფალმა, რადგან მფარველი აღარ ჰყავდა, ტახტის დაკარგვის შიშით, საკუთარი ძმა მოწამლა და ქვეყნის მართვა, როგორც საკუთარი ვაჟის რეგენტმა, გააგრძელა.

ხელისუფლების სათავეში მყოფი კლეოპატრა, გამუდმებით ერთი მიზნისთვის — საკუთარი სამეფოს დიდებისთვის იღწვოდა. სავარაუდოდ, მისი სასიყვარულო ისტორიებიც ამ მიზნის აღსრულებასთან იყო დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, კეისრის სიკვდილი ძალიან უმტკივნეულოდ გადაიტანა და ეს ფაქტი, ეგვიპტეზე რომის გავლენის შესასუსტებლად გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, მას დახმარებას რომის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანთა ჯგუფი უწევდა. ხოლო, როდესაც ეგვიპტეში მარკუს ანტონიუსის ლეგიონი ჩავიდა, დედოფალმა მათ უღალატა, და განაცხადა, რომ რომის ოპოზიციასთან არა ის, არამედ, მისი გარემოცვა თანამშრომლობდა. ასე, რომ, კლეოპატრამ კეისრის შემდეგ, თავიდან რომის მტრებიც მოიშორა და სრულიად თავისუფალი, ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის ემზადებოდა... და აი, მის «ნაზ გულში», ახალი «სიყვარულის ცეცხლი» აენთო, ახლა უკვე მარკუს ანტონიუსისადმი. და რა თქმა უნდა, მისი გრძნობა უპასუხოდ არ დარჩენილა. საქმე იმაშია იყო, რომ მარკუს ანტონიუსმა უკვე კარგა ხნის წინ განიზრახა რომის რესპუბლიკისგან დამოუკიდებელი, საკუთარი იმპერიის შექმნა.

კლეოპატრას მარკუსთან სამი შვილი — ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინა. ბავშვებს მფლობელობაში გულუხვი მშობლებისგან მიწა გადაეცათ, რომლიც არათუ მათი მმართველობის ქვეშ არ იყო (ისინი მხოლოდ მის ნაწილს აკონტროლებდნენ), არამედ, ოფიციალურად, რომს ეკუთვნოდა. ეს სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, რომის რესპუბლიკას არ მოეწონა და ეგვიპტისკენ ლეგიონი დაიძრა, ოქტავიანე ავგუსტუსის მეთაურობით.

imageიმ დროინდელი წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 31 წლის 2 სექტემბერს, აქციუმთან საზღვაო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, კლეოპატრამ გაქცევა გადაწყვიტა, რომ ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, რამე გადაერჩინა და ანტონიოც მას დაედევნა. მაგრამ, მათი თითქმის განადგურებული ფლოტი ოქტავიანეს დანებდა, ხოლო მის კვალდაკვალ, იარაღი დემორალიზირებულმა ქვეითმა არმიამაც დაყარა.

ამის შემდეგ, კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი ალექსანდრიაში დაბრუნდნენ და თანამოაზრეებთან ერთად, თავდაცვისთვის დაიწყეს მზადება. თუმცა, მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ სიტუაცია უიმედო იყო და შექმნილ ვითარებაში, ბრძოლას აზრი არა ჰქონდა, მარკუსს ყველაზე ერთგული მომხრეები ჩამოშორდნენ. თითქმის 1 წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ოქტავიანე ავგუსტუსი, ჯართან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა. ამ ხნის მანძილზე, კლეოპატრა საწამლავებზე ექსპერიმენტებს ატარებდა. ის ისეთ საშუალებას ეძებდა, რომელიც ადამიანს სწრაფად და ყოველგვარი ტანჯვის გარეშე კლავდა. ზემოთ ხსენებული წყაროების ცნობით, ყოველი ახალი შხამის შექმნის შემდეგ, დედოფალი წამალს ერთ-ერთ მონას ასმებდა და მისი სიკვდილის პროცესს აკვირდებოდა.

ალექსანდრიასთან რომაული ლეგიონის გამოჩენის შემდეგ, მარკუსი ბრძოლისთვის მოემზადა, ხოლო კლეოპატრა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის მომზადებულ ოთახში ჩაიკეტა, სადაც მის მფლობელობაში არსებული განძი და სწრაფად აალებადი ნივთიერება იყო მოთავსებული. ოთახში შესვლის წინ, მან დაიბარა, რომ თუ კომპრომისის მიღწევა არ მოხერხდებოდა, რომაელები საგანძურს ვერ მიიღებდნენ. ხოლო, ბრძოლაში დამარცხებულ და სასახლეში დაბრუნებულ ანტონიუსს, მისივე ბრძანებუთ, ეგვიპტის დედოფლის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩა (ოფიციალურად, მას ეგვიპტის სიმდიდრეზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რომს, თავის გადასარჩენად, ვერაფერს შესთავაზებდა) და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფმა, საკუთარი ხმლით მოიკლა თავი.



image


თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული კლეოპატრასაც. თუმცა, მასთან ოქტავიანეს წარმომადგენელი მივიდა და მოლაპარაკება შესთავაზა. კლეოპატრას იმედი გაუჩნდა, მან ოქტავიანეს მოხიბვლა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენა გადაწყვიტა. მაგრამ, მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ, დედოფალს დეპრესია დაეწყო, ის არც ჭამდა, არც სვამდე და საწოლიდანაც არა დგებოდა. ბოლოს მასთან რომაელი მთავარსარდალი კორნელი დოლაბელა მივიდა და უთხრა, რომ ის ოქტავიანეს რომაული ტრიუმფისთვის უნდა მომზადებულიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ტრადიციის მიხედვით, დამარცხებული დედოფალი, როგორც მონა, ტრიუმფატორის ეტლს ბორკილებდადებული უნდა გაჰყოლოდა უკან. მაგრამ, მან ამ დამცირების და სირცხვილის თავიდან აცილება შეძლო – პტოლემეების უკანასკნელმა შთამომავალმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

image

პირადი ცხოვრება


კინომატოგრაფიაში კლეოპატრას როლს ყოველთვილ ლამაზი და ეფექტური გარეგნობის მსახიობები თამაშობენ. ეს როლი, სხვადასხვა დროს, ვივიენ ლიმ, სოფი ლორენმა, ელიზაბეტ ტეილორმა და მონიკა ბელუჩმა შეასრულეს. მაგრამ, ის რომ კლეოპატრა ლამაზი იყო, მხოლოდ მითია. მეცნიერებმა, წლების მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, ეგვიპტის დედოფლის სახის რეკონსტრუქცია მოახდინეს და შედეგი ნამდვილად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა.

კემბრიჯის უნუვერსიტეტის ეგვიპტოლოგი სალი ენ ეშტონი 1 წლის მანძილზე მუშაობდა კლეოპატრას სახის რეკონსტრუქციაზე და მან არა მარტო ძველი მასალები, უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებიც გამოიყენა, მათ შორის სამგანზომილებიანი მოდელირება და საბოლოო ჯამში გამოსახულება მიიღო, რომელიც ძალიან განსხვავდება კლეოპატრას გარეგნობასთან დაკავშირებულ, სტერეოტიპული წარმოდგენებისგან.


image


შემონახული გამოსახულებების მიხედვით, კლეოპატრას საკმაოდ დიდი ზომის ცხვირი, წვრილი ტუჩები და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა. ბრიტანეთის ისტორიის მუზეუმის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედოფლის სხეული საკმაოდ კუნთოვანი და სრული იყო და 152 სმ სიმაღლის პირობებში, საკმაოდ არაპროპორციულად გამოიყურებოდა. მეცნიერთა აზრით, ასეთი გარეგნობა მისი გენეტიკით იყო განპირობებული: პტოლემეების მაკედონური დინასტიის წარმომადგენლების უმრავლესობას, სწორედ მსგავსი გარეგნობა ჰქონდა.
ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქი კლეოპატრას შესახებ წერდა: «ამბობენ, რომ გარეგნობით დედოფალი დიდად არ გამოირჩეოდა... თუმცა, როდესაც საუბარს იწყებდა, შეუდარებელი იყო და თავისი ქარიზმით ყველას ატყვევებდა».


image


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2013 წ. აღმოჩენილი, აქამდე უცნობი, უძველესი ეგვიპტური პაპირუსის შესწავლის შემდეგ, ინგლისელმა და იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეგვიპტის დედოფალი დილიდან საღამომდე მხოლოდ სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული და ორგიებისთვის, რომლის მოწყობასაც მას აბრალებენ, უბრალოდ დრო არ ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, კლეოპატრა «მორალურად მდგრადი» იყო და ყველაზე მეტად ქვეყანაზე, საკუთარი ოჯახის პატივს და ღირსებას უფრთხილდებოდა. იგივე კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ 2 მამაკაცი იყო — იულიუს კეისარი და მარკუს ანტონიუსი.


image


ისტორიკოსებმა ისიც გაარკვიეს, თუ რატომ ჰქონდა კლეოპატრას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი სახელი. როგორც აღმოჩნდა, ამ ჭორების უკან, დედოფლის უპირველესი მტერი ოქტავიანე ავგუსტუსი იდგა. მას კლეოპატრა იმდენად სძულდა, რომ დამშვიდება ვერც მისი სიკვდილის შემდეგ შეძლო. სწორედ ოქტავიანემ უბრძანა «ჟამთაღმწერებს», რომ მსოფლიოსთვის და მომავალი თაობებისთვის ეცნობებინათ, «ეგვიპტელი ქალის» (ასე ეძახდა ის კლეოპატრას. იმდენად სძულდა, რომ მისი სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა) სისხლიანი ორგიების და მისი «თავაშვებული» ცხოვრების შესახებ. მისივე ბრძანებით, კლეოპატრას უამრავი ქანდაკება დაამზადეს, არც თუ ისე მოკრძალებულ პოზებში. თუმცა, არსებობდა ხელის შემშლელი ფაქტორი, რომლის გამო, შეიძლება მის მიერ გავრცელებული ხმები საეჭვო გამხდარიყო, – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დედოფალი ლამაზი არ იყო და შესაბამისად, არც საყვარლების არმია ეყოლებოდა, როგორც ამას ოქტავიანე ამტკიცებდა...

და სწორედ მაშინ გადაწყდა, კლეოპატრას ვითომ მითიური სილამაზისთვის ქების შესხმა და მისი მშვენიერების განდიდება. ოქტავიანეს გეგმამ გაამართლა და მის მიერ მოგონილი ტყიული ყველამ დაიჯერა.

imageგარდაცვალება


დედოფლის გარდაცვალება, ისევე როგორც მისი ცხოვრება, ლეგენდებით არის გარემოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, კლეოპატრამ ეგვიპტურ კობრას დააგესლინა თავი. სხვა ვერსიით, მას შხამი თმის სამაგრში ჰქონდა მოთავსებული და საჭირო დროს, გამოიყენა კიდეც.


image


სწორედ საწამლავით სიკვდილის ვერსიას ემხრობოდა გერმანელი მეცნიერი კრისტოფ შეფერი. რომელიც, კვლევის ჩასატარებლად, სხვა მეცნიერებთან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც თავისი თეორია ძველი სამედიცინო ტექსტების შესწავლით (მეცნიერმა ყველა საარქივო დოკუმენტი შეისწავლა, რაც კი კლეოპატრას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით დედოფლის პირადი ექიმის ჩანაწერები) და ადგილობრივ სერპენტოლოგთან (ქვეწარმავლების და ამფიბიების მკვლევარი) კონსულტაციით გადაამოწმა.

ყოველივე ამის შემდეგ, შეფერი და მისი კოლეგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველაზე ცნობილი ეგვიპტელის სიკვდილის მიზეზი, გველის ნაკბენი არ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, კლეოპატრა ოპიუმის, კონიოს და ტილჭირის სასიკვდილო კოქტეილის მიღებით გარდაიცვალა. «ამ მცენარეების ნაზავი, ადამიანის სიკვდილს, ყოველგვარი ტანჯვის, ტკივილის და გარეგანი ცვლილებების გარეშე, რამდენიმე საათში იწვევს. ხოლო, დედოფალი კლეოპატრა ისეთს არაფერს გააკეთებდა, რომ მის სახეზე ტანჯვის კვალი აღბეჭდილიყო. მაგ., ისეთს, როგორსაც გველის შხამი იწვევს. დოკუმენტების თანახმად, კლეოპატრას სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ, ისეთივე ყოფილიყო, როგორიც სიცოცხლეში იყო». — კვლევის დასრულების შემდეგ, განაცხადა კრისტოფ შეფერმა.


P.S. ანტიკური სამყაროს ცნობილმა დედოფალმა, კლეოპატრამ კოსმეტიკური საშუალებების არაერთი რეცეპტი დაგვიტოვა, რომლებსაც თვითონ ქმნიდა და მოიხმარდა.
არქეოლოგებმა, მკვდარი ზღვის მიდამოებში, უძველესი ლაბორატორია აღმოაჩინეს, რომელშიც კოსმეტიკური და ფარმაცევტული საშუალებები მზადდებოდა. ეს ნამდვილი პარფიუმერულ-კოსმეტიკური ფაბრიკა იყო, რომელსაც ძვ. წ. აღრ. I საუკუნეში, თავად კლეოპატრა ხელმძღვანელობდა.


image

imageimageimageimageimage




1
1265
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1265
  
2019, 5 ივნისი, 10:38
ძალიან საინტერესო იყო.
0 1 1