x
image
natia.a
Mediator image
ვინ იყო სინამდვილეში სტალინის შვილი და რა აკავშირებდა მას სადამ ჰუსეინთან - სიმართლე, რომელსაც დიდხანს მალავდნენ
image

სტალინის უფროსი ვაჟის ბედის შესახებ არსებულ სხვადასხვა ვარაუდებს შორის არის ერთი, რომლის მიხედვით იაკობ ჯუღაშვილი ერაყის დიქტატორის მამა გახდა.


image

იაკობ ჯუღაშვილი გერმანელთა ტყვეობაში.

პირველი სიყვარულის ნაყოფი

სტალინის უფროსი ვაჟის - იაკობ ჯუღაშვილის ბიოგრაფია მთელი რიგი მითებითა და წინააღმდეგობებით არის მოცული. ერთდროულად რამდენიმე ვერსია არსებობს იმისა, რაც მას 1941 წლის ზაფხულში შეემთხვა. სხვადასხვა ისტორიკოსები ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს აძლევენ მამასთან მის ურთიერთობას.

იაკობ ჯუღაშვილის ცხოვრება ტრაგიზმით სავსე იყო, მაგრამ მან შეძლო ღირსების შენარჩუნება ყველაზე ძნელ წუთებშიც კი.



image
ეკატერინე სვანიძე, იაკობის დედა.

რევოლუციონერის - იოსებ ჯუღაშვილისა და მისი მეუღლის, კატო სვანიძის პირმშო დაიბადა საქართველოში, სოფელ ბაჯში, 1907 წლის 18 მარტს. ბიჭი ექვსი თვის იყო, როცა დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა. იოსები, რომელსაც საოცრად უყვარდა თავისი მეუღლე, დაკრძალვაზე საფლავში მის კუბოსთან ერთად ჩამხტარა... მომავალი ბელადისთვის ცოლის გარდაცვალება საშინელი დარტყმა აღმოჩნდა.

თუმცა რევოლუციური მოღვაწეობა, რომელსაც თან სდევდა დაპატიმრებები და გადასახლებები, საშუალებას არ აძლევდა მამას შვილის აღზრდისთვის თავად მიეხედა. იაკობ ჯუღაშვილი გაიზარდა დედის ნათესავებთან.


image
ვაჟის აღზრდის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა იოსებს მხოლოდ 1921 წელს მიეცა, მოსკოვში, როცა ბიჭი უკვე 14 წლის იყო.

"ხულიგანი და შანტაჟისტი"

ხასიათით ვაჟი მამას დაემსგავსა, თუმცა ერთმანეთს ვერაფრით უგებდნენ. ახალგაზრდული მაქსიმალიზმის ასაკში შესული, ფაქტიურად უმამოდ გაზრდილი იაკობი, თავის ქცევით ხშირად აღიზიანებდა სახელმწიფოებრივი საქმეებით დატვირთულ მამას.

მაგრამ ნამდვილი სერიოზული კონფლიქტი მამასა და შვილს შორის 1925 წელს მოხდა, როცა ელექტროტექნიკური სკოლის დამამთავრებელ კლასში მყოფმა იაკობმა 16 წლის ზოია გუნინას ცოლად შერთვის სურვილი გამოთქვა.
image
სტალინი ვაჟის ნაადრევი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამიტომ ფიცხმა ახალგაზრდამ თავის მოკვლა გადაწყვიტა. საბედნიეროდ იაკობი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ მამის მხრიდან პატივისცემა სამუდამოდ დაკარგა. სტალინმა შვილს შეუთვალა, რომ "ხულიგანი და შანტაჟისტი" იყო და ნებას რთავდა ეცხოვრა თავის ნებაზე.

სამაგიეროდ, მეორე ქორწინებიდან ბელადის შვილებს - ვასილისა და სვეტლანას, ძალიან უყვარდათ ძმა. სვეტლანა იაკობთან უფრო ახლოსაც კი იყო, ვიდრე ვასილისთან.

ზოია გუნინასთან ქორწინება საკმაოდ მალე დასრულდა. ამას მოჰყვა ოლგა გალიშევასთან რომანი, შემდეგ კი იაკობს ბალერინა იულია მალცერი შეუყვარდა.


image


იაკობ ჯუღაშვილი ქალიშვილთან, გალინასთან ერთად, 1940 წ.

ისინი 1936 წელს დაქორწინდნენ. იაკობისთვის ეს მეორე, ხოლო იულიასთვის მესამე ქორწინება იყო. ამ დროისთვის იაკობმა საბოლოოდ აირჩია სამხედრო კარიერა და შევიდა წითელი არმიის საარტილერიო აკადემიაში.

1938 წლის თებერვალში იაკობსა და იულიას ქლიშვილი, გალინა შეეძინათ.

უგზოუკვლოდ დაკარგული

იაკობის ცხოვრება თანდათან კალაპოტში დგებოდა. მამა ზრუნვითა და ყურადღებით არ ანებივრებდა, თუმცა არც თავად იაკობი ცდილობდა "ოქროს ბიჭუნას" როლის მორგებას.

1941 წელს, ოფიცერი არტილერისტი იაკობ ჯუღაშვილი ფრონტზე წავიდა. მამასთან გამომშვიდობება, როგორც იმდროინდელი მოწმეების მონათხრობიდან ჩანს, საკმაოდ მშრალი იყო. სტალინმა მოკლედ მიახალა შვილს: "წადი, იბრძოლე!".

უფროსი ლეიტენანტი, იაკობ ჯუღაშვილი ფრონტზე 24 ივნისიდან იმყოფებოდა და უკვე 7 ივლისს თავი გამოიჩინა ბელარუსიის ქალაქ სენოსთან ბრძოლაში. რამდენიმე დღეში მე-20 არმიის ნაწილები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა იაკობის სატანკო დივიზია, მტრისგან გარშემორტყმული აღმოჩნდა. 1941 წლის 16 ივლისს, ალყიდან თავის დაღწევის მცდელობის დროს, ქალაქ ლიოზლოს მიმდებარედ, უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

იაკობის ძებნა ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ.


image1941 წლის გერმანული ბროშურა, რომელშიც იაკობი პროპაგანდული მიზნებისთვის არის გამოყენებული.

ტყვეობაში

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, საბჭოთა ჯარისკაცების თავზე გადმოიყარა ბროშურები. მათზე აღბეჭდილი იყო სტალინის ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც, ვითომდა ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ. ნაცისტები მებრძოლებს სთავაზობდნენ მიებაძათ ბელადის ვაჟისთვის.

არაფერია ცნობილი იმაზე, თუ რა განიცადა სტალინმა იაკობის ტყვედ ჩავარდნის ამბის შეტყობის დროს. სამაგიეროდ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ მოსალოდნელი პროპაგანდისტული ეფექტი ჰიტლერის მომხრეების პლაკატებს არ მოჰყოლია.

იაკობ ჯუღაშვილი არ იყოს საჯარო პიროვნება და საბჭოთა ჯარისკაცები ვერ ხვდებოდნენ, ფოტოზე ნამდვილად ბელადის ვაჟი იყო აღბეჭდილი თუ გერმანულ პროვოკაციასთან ჰქონდათ საქმე.

თუმცა ეს არც საბჭოთა ხელისუფლებამ იცოდა დანამდვილებით. სარწმუნო დოკუმენტები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იაკობ ჯუღაშვილის თავს ტყვეობაში ყოფნისას, გერმანულ არქივებში აღმოჩნდა მხოლოდ მაშინ, როცა ომი თითქმის დასასრულს იყო მიახლოებული.

აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ 1941 წლის 16 ივლისს ტყვედ ჩავარდილი უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი დაკითხვებზე ძალიან ღირსეულად იქცეოდა, გერმანელებთან თანამშრომლობაზე არ წავიდა და არც ომში საბჭოთა კავშირის საბოლოო გამარჯვებაში ეპარებოდა ეჭვი.

თავიდან გერმანელები ცდილობდნენ იაკობი მოლაპარაკებებით გადაებირებინათ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს. შემდეგ ცოტა ხნით გესტაპოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც დაშინების მეთოდებს იყენებდნენ. მაგრამ არც ამან გამოიღო ნაცისტებისთვის სასურველი შედეგი.

სიკვდილი

საბოლოოდ, იაკობ ჯუღაშვილი გადაყვანილი იქნა განსაკუთრებულ ბანაკ "А"-ში, ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკთან, სადაც თავმოყრილი იყვნენ ანტიჰიტლერული კოალიციის მაღალჩინოსანთა ნათესავები.

ბანაკში იაკობს თავი საკმაოდ ჩაკეტილად ეჭირა და ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილს არ მალავდა.

1943 წლის 14 აპრილს, იაკობ ჯუღაშვილი მოულოდნელად ჩავარდა ბანაკის მავთულხლართებში, რომელშიც მაღალი ძაბვის დენი გადიოდა. ამავდროულად, ბანაკის დარაჯმა ცეცხლიც გახსნა და იაკობი ადგილზე გარდაიცვალა.


image
ლეიტენანტ ჯუღაშვილის ამგვარი საქციელის მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ერთ-ერთი ტყვე, რომელიც იაკობთან ერთად იმყოფებოდა, ირწმუნებოდა, რომ ჯუღაშვილი დათრგუნული იყო მას შემდეგ, რაც მოისმინა ბერლინის რადიოგადაცემა, რომელშიც ციტირებული იყო სტალინის სიტყვები იმის შესახებ, რომ "მას არ ჰყავს არავითარი შვილი, სახელად იაკობი.".

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ პირველივე დაკითხვების დროს, იაკობმა აღიარა, რომ რცხვენოდა მამის წინაშე იმის გამო, რომ ტყვედ ჩავარდა. შესაძლოა, ზემოხსენებული რადიოგადაცემა მართლაც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, რომლის შემდეგად იაკობ ჯუღაშვილმა თვითმკვლელობა ადაწყვიტა.

იაკობის სხეულის კრემაცია მოხდა, ფერფლი კი ბერლინში გაიგზავნა, მომხდარის შესახებ ანგარიშთან ერთად.

გაცვლა, რომელიც არ შედგა

იაკობ ჯუღაშვილთან დაკავშირებული სამხედრო ისტორია ეხება 1943 წელს. ამტკიცებენ, ვითომდა წითელი ჯვრის ორგანიზაციის საშუალებით, ნაცისტებმა სტალინს იაკობის გაცვლა შესთავაზეს სტალინგრადში ტყვედ აყვანილი ფელდმარშალის, ფრიდრიხ პაულსის სანაცვლოდ. ამგვარი შეთავაზების არსებობის შესახებ თავის მოგონებებში წერს სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა.


image
პასუხად სტალინს, ვითომდა განუცხადებია: "მე ჯარისკაცებს ფელდმარშალებზე არ ვცვლიო!". ზოგიერთ ისტორიკოსს ეჭვი ეპარება, რომ მსგავს შეთავაზებას საერთოდ ჰქონდა ადგილი. სტალინის კრიტიკოსები კი მის უარში ბელადის არაადამიანურობას ხედავენ. მაგრამ ისმის შეკითხვა: ჰქონდა კი საკუთარი შვილის ამგვარი ხერხით გადარჩენის უფლება ლიდერს მებრძოლი ქვეყნისა, რომლის მილიონობით ჯარისკაცი ტყვედ იყო ჩავარდნილი?

გიორგი ჟუკოვი თავის მემუარებში წერდა, რომ ერთხელ, ომის დროს, საკუთარ თავს ნება მისცა და სტალინს შეეკითხა იაკობის ბედის შესახებ. ბელადი მხრებში მოიხარა და უპასუხა, რომ იაკობი ბანაში ჰყავთ სხვებისგან იზოლირებული და, იქიდან, სავარაუდოდ, ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა.

სხვადასხვა წყაროებში ნახსენებია რამდენიმე სპეცოპერაცია, რომელთა მიზანი იყო იაკობ ჯუღაშვილის გათავისუფლება. მაგრამ ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა.

იყო თუ არა იაკობ ჯუღაშვილი სადამ ჰუსეინის მამა?

იაკობ ჯუღაშვილის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მისი მეუღლე, იულია მელცერი დააპატიმრეს. მან ციხეში წელიწადნახევარი გაატარა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იაკობმა ნაცისტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, იულია გაათავისუფლეს.


image


იაკობ ჯუღაშვილის პასპორტი

იაკობის ქალიშვილის, გალინა ჯუღაშვილის მოგონებების მიხედვით, დედის გათავისუფლების შემდეგ, სტალინი სიკვდილამდე ზრუნავდა მათზე და შვილიშვილს განსაკუთრებული სინაზით ეპყრობოდა. ბელადი თვლიდა, რომ გალინა ძალიან ჰყავდა იაკობს.
image
თუმცა იაკობის ახლობლები მისი ბედის შესახებ სხვა ვერსიას ეთანხმებიან. გალინა ჯუღაშვილისა და სტალინის ნაშვილები ვაჟის, არტიომ სერგეევის აზრით, იაკობ ჯუღაშვილი დაიღუპა ბრძოლაში, 1941 წლის 16 ივლისს. ხოლო გერმანელთა ტყვეობაში მყოფი ადამიანი მისი ორეული იყო. ტყვეობაში მყოფი იაკობის ფოტო მის ახლობელებს ფოტომონტაჟად მიაჩნიათ და დაკითხვის ოქმებში არსებულ შეუსაბამომბებზეც მიუთითებენ. კერძოდ, ნათესავების მტკიცებით, იაკობს საერთოდ არ ეხერხებოდა უცხოური ენები, მაშინ როცა ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი, ვითომდა, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.

არსებობდა მრავალი ვერსია იმის შესახებაც, რომ იაკობ ჯუღაშვილი, ვითომდა გადარჩა და ომის შემდეგ გადაწყვიტა აღარ დაბრუნებულიყო სსრკ-ში. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, იაკობის ომისშემდგომი ხეტიალი ერაყში დასრულდა, სადაც დაოჯახდა და გახდა მამა...სადამ ჰუსეინისა. ამის დამადასტურებელ საბუთად მოჰყავთ ერაყის დიქტატორის ფოტოები, რომლებზეც იგი "წყლის ორი წვეთივით ჰგავს ბაბუას", იოსებ სტალინს.

ეს ვერსია საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სადამ ჰუსეინი დაიბადა 1937 წელს, როცა იაკობ ჯუღაშვილი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში მშვიდად ცხოვრობდა.

ჯილდო 30 წლის შემდეგ

წინააღმდეგობების მიუხედავად, ისტორიკოსები ერთ რამეში თანხმდებიან - იაკობ ჯუღაშვილი ნამდვილად არ იყო სამშობლოს მოღალატე და ნაცისტების ხელშემწყობი. 1977 წლის 27 დეკემბერს, სსრკს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, გერმანელი ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და ტყვეობაში ყოფნისას გმირული საქციელის გამო უფროსი ლეიტენანტი, იაკობ იოსების ძე ჯუღაშვილს სიკვდილის შემდგომ მიენიჭა სამამულო ომის I ხარისხის ორდენი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ მოიკლა თავი სტალინის საყვარელმა ქალმა - სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე საიდუმლოა

image

2. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"

image

3. როგორ ბარდებოდნენ ტყვედ სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცები II მსოფლიო ომის დროს - ფაქტები, რომლებიც ბევრს დააფიქრებს

image

4. რა გააკეთა გერმანელმა ტყვემ დახვრეტის წინ- ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

image

5. როგორ ხდებოდა ომის დროს ხალხის მოსატყუებლად სსრკ–ში ფოტოების მონტაჟი

image

6. იაპონური მაფიის საიდუმლო ცხოვრება - შიშის ქვეშ გადაღებული უნიკალური ფოტოები

image

7. ქართველი თავადი, რომელზეც მსოფლიო წერდა, ბოლოს კი რუსთაველზე სიგარეტებს ყიდდა- ნიკო ბაგრატიონის უცნაური ისტორია...

image








3
13562
12-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
13562
  
2017, 11 თებერვალი, 15:40
საინტერესო იყო .

ცოტაც და ჰუსეინიც გორელი აღმოჩნდებოდა :-))
2017, 7 თებერვალი, 16:13
საინტერესო სტატიაა, მაგრამ სადამ ჰუსეინის ქართველობაზე აგორებული ჭორი რომელიც მუსირებდა ერთ დროს, სასაცილოა.
1. იაკობ ჯუღაშვილი ოფიციალური წყაროებით დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში.
2. არცერთი წყარო არ ადასტურებს იაკობის ყოფნას ერაყში.
3. სადამ ჰუსეინი დაიბადა 1937 წელს
ასე რომ ბლეფია...
0 1 3