x
image
natia.a
რატომ მოიკლა თავი სტალინის ცოლმა - სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე საიდუმლოა
image

გოგონა და რევოლუციონერი

ე.წ. პერესტროიკის პერიოდში, როცა საბჭოთა ეპოქის საიდუმლოებების გახსნა დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიული პერსონაჟი გახდა ნადეჟდა ალილუევა, იოსებ სტალინის მეუღლე. სტატიებსა თუ წიგნებში, ყველაგან იბეჭდებოდა ერთი და იგივე სიუჟეტი: ბელადის ცოლმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა მეუღლის პოლიტიკის დამღუპველობა, პირში მიახალა ეს ყველაფერი და ცოტა ხანში დაიღუპა კიდეც. დაღუპვის მიზეზად კი სულ სხვადასხვა რამ სახელდება - თვითმკვლელობიდან დაწყებული, სტალინის ბრძანებით მოკვლით დამთავრებული.

სინამდვილეში ნადეჟდა ალილუევა დღესაც გამოუცნობ ქალბატონად რჩება. მასზე ერთდროულად ბევრი რამ და არაფერი ვიცით. იგივე შეიძლება ითქვას მის ურთიერთობაზე სტალინთან.

ნადეჟდა დაიბადა 1901 წლის სექტემბერში, ბაქოში, მუშა-რევოლუციონერის, სერგეი ალილუევის ოჯახში. გოგონა რევოლუციონერების გარემოცვაში იზრდებოდა, თუმცა თავად თავიდან პოლიტიკით არ ინტერესდებოდა.

ალილუევების საოჯახო ისტორიაში შემონახულია ერთი საინტერესო ამბავი: ორი წლის ასაკში ნადეჟდა სანაპიროზე თამაშის დროს ზღვაში ჩავარდნილა. დახრჩობისგან გოგონა იხსნა 23 წლის მამაცმა ახალგაზრდამ - იოსებ ჯუღაშვილმა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ალილუევები პეტერბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნადეჟდა ტემპერამენტიან და მტკიცე გოგოდ იზრდებოდა. იგი 16 წლის იყო, როცა მათ სახლში გამოჩნდა გადასახლებიდან დაბრუნებული იოსებ სტალინი. ახალგაზრდა გოგონას თავდავიწყებით შეუყვარდა რევოლუციონერი, რომელიც მასზე 21 წლით უფროსი იყო.


image

კონფლიქტი ორ ხასიათს შორის

იმ დროს სტალინის პირველი ცოლი, ეკატერინა სვანიძე უკვე გარდაცვლილი იყო. მათი ქორწინება ხანმოკლე გამოდგა - ცოლმა გარდაცვალების შემდეგ იოსებს ექვსი თვის ვაჟი, იაკობი დაუტოვა. სტალინის მემკვიდრეს ნათესავები ზრდიდნენ, რადგან თავად მამას, რომელიც მთლიანად რევოლუციურ მოღვაწეობაში იყო ჩაფლული, დრო არ ჰქონდა.

იოსებისა და ნადეჟდას ურთიერთობა აფიქრებდა სერგეი ალილუევს. გოგონას მშობელს აღელვებდა არა ასაკობრივი სხვაობა, არამედ ის, რომ ქალიშვილის ფიცხი და ჯიუტი ხასიათი, მისი აზრით, ნაკლებად გამოდგებოდა ბოლშევიკური პარტიის გამოჩენილი მოღვაწის მეუღლობისთვის.

თუმცა სერგეი ალილუევის ეჭვებს გავლენა არაფერზე მოუხდენია - გოგონა სტალინთან ერთად ფრონტზე გაემგზავრა. ოფიციალურად ქორწინება გაფორმდა 1919 წლის გაზაფხულზე.
image

თვითმხილველთა მოგონებები მოწმობს, რომ ამ ქორწინებას საფუძვლად მართლა ედო სიყვარული და ძლიერი გრძნობები. თუმცა ამავდროულად იყო ორ ძლიერ ხასიათს შორის კონფლიქტი. ნადეჟდას მამის შიში გამართლდა - მუშაობაში ჩართულ სტალინს სურდა თავის გვერდით ეხილა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ოჯახურ კერაზე ზრუნვას. ნადეჟდა კი თვითრეალიზებისკენ მიისწრაფვოდა და დიასახლისის როლი არ აწყობდა.

იგი მუშაობდა ეროვნების საკითხების კომისარიატში, ლენინის სამდივნოში, თანამშრომლობდა ჟურნალთან "რევოლუცია და კულტურის" და გაზეთთან "პრავდა".


მოყვარული დედა და მზრუნველი ცოლი


image

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი, რომელიც იოსებსა და ნადეჟდას შორის დაიწყო 1920-იანი წლების დასაწყისში, არანაირად არ უკავშირდებოდა პოლიტიკას. სტალინი იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი კაცი, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებდა სამუშაოზე - სახლში ბრუნდებოდა გვიან, დაღლილ-დაქაცული, ღიზიანდებოდა სულ მცირე რამეზეც კი. ახალგაზრდა ნადეჟდას კი ცხოვრებისეული გამოცდილება აკლდა იმისათვის, რომ ცეცხლზე ნავთი აღარ დაესხა.

თვითმხილველები შემდეგ შემთხვევას აღწერენ: სტალინმა მოულოდნელად შეწყვიტა ცოლთან ლაპარაკი. ნადეჟდა ხვდებოდა, რომ ქმარი რაღაცით ძალიან უკმაყოფილო ოყო, მაგრამ მიზეზი ვერ გაეგო. ბოლოს სიტუაციას ნათელი მოეფინა - თურმე იოსები თვლიდა, რომ მეუღლეები ერთმანეთს შენობით უნდა მიმართავდნენ, მაგრამ ნადეჟდა, მიუხედავად ქმრის მრავალგზის თხოვნისა, მაინც თქვენობით ესაუბრებოდა.

1921 წელს ნადეჟდასა და იოსებს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ვასილი დაარქვეს. სულ მალე ოჯახში აღსაზრდელად აიყვანეს პატარა არტემ სერგეევი, დაღუპული რევოლუციონერის შვილი. ამის შემდეგ ნათესავებმა მამასთან ჩამოიყვანეს უფროსი ვაჟი, იაკობი. ასე გახდა ნადეჟდა დიდი ოჯახის დედა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის მოვლაში ნადეჟდას მოსამსახურე ეხმარებოდა. მაგრამ ბავშვების აღზრდას კი თავად ართმევდა თავს და ნორმალური ურთიერთობის დამყარება შეძლო გერთან, იაკობთანაც.



image

ოჯახთან დაახლოებული პირების მონათხრობის მიხედვით, იოსებს უყვარდა ახლობლების წრეში ყოფნა და პრობლემებისგან დასვენება. მაგრამ ამავე დროს იგრძნობიდა, რომ ამ როლში იგი მთლად მოხერხებულად ვერ გრძნობდა თავს. მან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო ბავშვებთან, ზოგჯერ ცოლსაც უხეშად მიმართავდა ხოლმე, თუმცა ამისათვის არავითარი მიზეზი არ არსებობდა.


image

იოსებ სტალინი ნადეჟდა ალილუევასთან (მარჯვნიდან პირველი) და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად.



ვნება და ეჭვიანობა

ეჭვიანობის საბაბი მეუღლეზე შეყვარებულ ნადეჟდას ქმრისთვის არასოდეს მიუცია. თავად კი ძალიან ძლიერად და ხშირად ეჭვიანობდა.

უფრო მოგვიანებითი დროს მიმოწერა ამას ადასტურებს. აი, მაგალითად ნაწყვეტი ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც ნადეჟდამ სოჭში დასასვენებლად წასულ ქმარს მისწერა: "რაღაც აღარაფერს იწერები... ალბათ მწყერებზე გასეირნებამ გაგიტაცა ან წერა გეზარება... შენზე ერთი საინტერესო ახალგაზრდა ქალბატონი საუბრობდა, ამბობდა, რომ შესანიშნავად გამოიყურები." "ცუდად არ ვცხოვრბ. უკეთესის მოლოდინი მაქვს", - პასუხობს სტალინი, - "რაღაც მოგზაურობებზე მიმანიშნებ. გაცნობებ, რომ არსად ვყოფილვარ წასული და არც ვაპირებ. გკოცნი ძალიან ბევრს. მაგრად და ბევრს. შენი იოსები."


ნადეჟდასა და იოსების მიმოწერა იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემების მიუხედავად მათ შორის გრძნობა შემორჩენილი იყო. "როგორც კი 6-7 თავისუფალ დღეს გამონახავ, ეგრევე სოჭში გამოქანდი, " - წერს სტალინი, - "ვკოცნი ჩემს ტატკას. შენი იოსები." ერთხელ ნადეჟდამ შეიტყო, რომ შვებულებაში მყოფი მეუღლე ავად გახდა. ბავშვები მოსამსახურეებს დაუტოვა და ქმართან გაემგზავრა.

1926 წელს ოჯახში ქალიშვილი დაიბადა, რომელსაც სვეტლანა დაარქვეს. გოგონა მამის რჩეული გახდა. თუ ვაჟებს სიმკაცრეში ზრდიდა, ქალიშვილს თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევდა.


image


1929 წელს ოჯახური კონფლიქტები ისევ გამწვავდა. როცა ქალიშვილი სამი წლის გახდა, ნადეჟდამ გადაწყვიტა აქტიური ცხოვრება განეახლებინა და მეუღლეს განუცხადა, რომ ინსტიტუტში ჩაბარება სურდა. სტალინს ეს აზრი არ მოეწონა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაუთმო ცოლს. ნადეჟდა ალილუევა გახდა საწარმოო აკადემიის ტექსტილის წარმოების ფაკულტეტის სტუდენტი.

"თეთრ პრესაში წავიკითხე, რომ ეს შენზე ძალიან საინტერესო მასალაა"

1980-იან წლებში პოპულარული იყო შემდეგი ვერსია: საწარმოო აკადემიაში სწავლის დროს, თანაკლასელებისგან ნადეჟდამ ბევრი რამ შეიტყო სტალინის კურსის დამღუპველობის შესახებ, რამაც მიიყვანა იგი მეუღლესთან საბედისწერო კონფლიქტამდე.

სინამდვილეში ამ ვერსიის არანაირი მყარი მტკიცებულება არ არსებობს. არავის არ უნახავს წერილი, რომელიც ნადეჟდამ ვითომდა სიკვდილის წინ დაუტოვა ქმარს და რომელშიც ვითომ ამხილა მისი პოლიტიკა.


image
ზემონახსენები 1929-1931 წლების მიმოწერა პირიქით, ამტკიცებს იმას, რომ ნადეჟდასა და იოსებს შორის მტრობა არ ყოფილა. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ასევე ნადეჟდას მიერ 1931 წლის 26 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილი წერილი: "მოსკოვში გადაუღებლად წვიმს. ირგვლივ ნესტი და მოწყენოლობაა. ბავშვებმა, რა თქმა უნდა უვე გადაიტანეს გრიპი, მე კი ის მშველის, რომ სულ ჩათბუნული დავდივარ, შემდეგ წერილთან ერთად გამოგიგზავნი დმიტრიევსკის წიგნს "სტალინსა და ლენინზე" (ამ გაქცეულისას)... თეთრ პრესაში წერენ, რომ ეს ძალიან საინტერესო მასალაა შენს შესახებ. გაინტერესებს? ამიტომ ვითხოვე მოეტანათ ეს წიგნი."

ძნელი წარმოსადგენია, რომ ცოლი, რომელიც ქმართან პოლიტიკურ კონფლიქტში იმყოფება, მსგავს ლიტერატურას გაუგზავნის მას. სტალინის საპასუხო წერილში ამ მიზეზით გაღზიანების ნატამალიც კი არ ჩანს, პოლიტიკაზე საერთოდ არ საუბრობს: "გამარჯობა ტატკა! აქ არნახული შტორმი იყო. ორ დღე გაავებული მხეცივით მძვინვარებდა ქარბუქი. ჩვენს აგარაკზე ძირიანად ამოთხარა 18 მუხა. გკოცნი მაგრად. იოსები." ამდენად, არანაირი რეალური მტკიცებულება იმისა, რომ 1932 წელს სტალინსა და ნადეჟდას შორის რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი იყო, არ არსებობს.


image
იოსებ სტალინი ცოლთან, ნადეჟდა ალილუევასთან და კლიმენტ ვოროშილოვთან და მის მეუღლე ეკატერინასტან ერთად.


უკანასკნელი ჩხუბი

1931 წლის 7 ნოემბერს, აღლუმის შემდეგ, ვოროშილოვების ბინაში დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სცენას, რომელიც იქ განვითანდა, ყველა აღწერს მხოლოდ გადმოცემით. ნიკოლაი ბუხარინის ცოლი, ქმრის სიტყვებზე დაყრდნობით, წიგნში "დაუვიწყარი", შემდეგს წერს: "ნასვამი სტალინი ნადეჟდა სერგეევნას სახეში აყრიდა სიგარეტის ნამწვავებს და ფორთოხლის კანს. მან ვერ აიტანა ასეთი უხეშობა, ადგა და ბანკეტის დასრულებამდე წავიდა."

სტალინის შვილიშვილი, გალინა ჯუღაშვილი, ნათესავების სიტყვებზე დაყრდნობით, შემდეგ აღწერას გვიტოვებს: "ბაბუა გვედით მჯდომ ქალბატონს ესაუბრებოდა. პირდაპირ ნადეჟდა იჯდა, მათ ყურადღებას არც აქცევდა და თავის მხრივ ისიც აქტიურად საუბრობდა. უცბად, ხმამაღლა, ყველას გასაგონად რაღაც გესლიანი წარმოთქვა. ბაბუამ, თავის აუწევლად ასევე ხმამაღლა უპასუხა: "სულელო!" ნადეჟდა ოთახიდან გაიქცა და კრემლის ბინაში გაემგზავრა."

ერთმანეთისგან განსხვავდება ვერსიები იმის შესახებაც, რაც შემდეგ მოხდა. ერთნი ამბობენ, რომ სტალინი ღამის გასათევად აგარაკზე წავიდა, ხოლო ნადეჟდას, რომელმაც ტელეფონით დარეკა, დაცვამ აუწყა, რომ იოსები იქ ვიღაც ქალთან ერთად იმყოფებოდა. მეორე ვერსიით, ნადეჟდამ უბრალოდ ვერ შეძლო ქმართან დაკავშირება.


imageსტალინი შვილებთან, ვასილთან და სვეტლანასთან ერთად.

სვეტლანა ალილუევა, სტალინის ქალიშვილი ამტკიცებდა, რომ იმ დღეს მამა სახლში დაბრუნდა და თავის კაბინეტში გაათია ღამე.

ბანკეტზე მყოფი ვიაჩესლავ მოლოტოვი კი შემდეგს ყვებოდა: "1932 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ბევრნი შევიკრიბეთ ვოროშილოვის ბინაში. სტალინმა პურის ქერქებისგან ბურთი შეკრა და ყველას თვალწინ ეგოროვის ცოლს ესროლა. მე დავინახე ეს, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ალილუევა იმ დროს, ჩემი აზრით ცოტა ფსქოპატიც იყო. მასზე ეს ყველაფერი ისე მოქმედებდა, რომ თავის შეკავება აღარ შეეძლო. წვეულებიდან იგი ჩემს ცოლთან, პოლინა სემიონოვნასთან ერთად წავიდა. ისინი კრემლთან სეირნობდნენ. გვიან ღამე იყო, ჩემს ცოლს ეწუწუნებოდა, ეს არ მომწონს, ის არ მომწონსო. იმ პარიკმახერთან კიდე... რატომ წამოიწყო იმ საღამოს ასეთი თამაშიო... საქმე კი უბრალოდ ის იყო, რომ ცოტა დალია და გაიხუმრა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ქალზე იმოქმედა. ძალიან ეჭვიანობდა ქმარს. ბოშური სისხლი თავისას შვებოდა."



ეჭვიანობა, ავადმყოფობა თუ პოლიტიკა?

ამგვარად, შეიძლება ვთქვათ, რომ მეუღლეებს შორის მართლა მოხდა კონფლიქტი, თუმცა არც სტალინს და არც სხვებს ამ ინციდენტისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ.

მაგრამ 19332 წლის 9 ნოემბრის ღამეს, ნადედა ალილუევამ გულში დამიზნებული "ვალტერის" პისტოლეტით თავი მოიკლა. ეს იარაღი მას აჩუქა ძმამ, პაველ ალილუევმა, საბჭოთა სამხედრო მოღვაწემ, წითელი არმიის მთავარი ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ტრაგედიის შემდეგ, როცა პისტოლეტი აიღო სტალინმა წარმოთქვა: "ეს პისტოლეტი ხომ სათამაშოა, წელიწადში ერთხელ ისვრიდა."



მთავარი შეკითხვა: რატომ მოიკლა სტალინის ცოლმა თავი?

სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა წერდა, რომ დედა თვითმკვლელობამდე მიიყვარა პოლიტიკის ნიადაგზე აღმოცენებულმა კონფლიქტმა: "ეს თავის შეკავება, ეს უმკაცრესი შინაგალი დისციპლინა და დაძაბულობა, ეს უკმაყოფილება და გაღიზიანებულობა, რომელსაც გულში იხშობდა, რომელიც ზამბარასავით სულ უფრო ძლიერად იკუმშებოდა, ბოლოს და ბოლოს აუცილებლად ამოხეთქავდა, ზამბარა საშინელი ძალით გასწორდებოდა."

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დედის სივდილის დროს სვეტლანა მხოლოდ 6 წლის იყო და მისი ეს აზრი, როგორც თავადვე ამბობს, ნათესავების ნაამბობს უფრო ეყრდნობა.

სტალინის ნაშვილები ვაჟი, არტიომ სერგეევი ერთ-ერთ ინტერვიუში სულ სხვა ვერსიას გამოთქვამს: "მე 11 წლის ვიყავი, როცა იგი დაიღუპა. აუტანელი თავის ტკივილები აწუხებდა. 7 ნოემბერს მე და ვასილი აღლუმზე წაგვიყვანა. ოციოდე წუთის შემდეგ წავიდა - ვეღარ გაძლო. მას, როგორც ჩანს, ჰქონდა თავის ქალის ძვლების გენეტიკურად არასწორი შეზრდა და ამგვარ შემთხვევებში, თვითმკვლელობა ხშირია."

ამავე ვერსიას ეთანხმება ნადეჟდას ძმიშვილი, ვლადიმირ ალილუევი: "დედას (ანა სერგეევნას) შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ მდგომარეობამდე თავის ტკივილებმა მიიყვანა. საქმე ის არის, რომ როცა ალილუევა 24 წლის იყო, დედაჩემისადმი მიწერილ წერილებში წერდა: "ჯოჯოხეთური თავის ტკივილები მაწუხებს. მაგრამ იმედი მაქვს, გამივლის." სინამდვილეში ტკივილი არ ცხრებოდა. რას აღარ აკეთებდა, რითი აღარ მკურნალობდა. სტალინმა ცოლი სამკურნალოდ გერმანიაშიც გაგზავნა, საუკეთესო პროფესორებთან. ყველაფერი უშედეგოდ. ბავშვობიდან ერთი მოგონებაც შემომრჩა: "თუ ნადეჟდა სერგეევნას ოთახის კარი დაკეტილი იყო, ესე იგი თავი სტკიოდა და ისვენებდა. ასე რომ, ჩვენ ერთადერთი ვერსია გვაქვს: ვეღარ გაუმკლავდა მტანჯველ ტკივილს."


image

ძეგლი ნადეჟდა ალილუევას საფლავზე


"მან მე მთელი დარჩენილი ცხოვრება დამისახიჩრა"

ასე იყო თუ ისე, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცოლის სიკვდილი სტალინისთვის შოკი იყო და დიდი გავლენა მოახდინა მთელ მის დარჩენილ ცხოვრებაზე. თუმცა აქაც არსებობს აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა.

სვეტლანა ალილუევა წიგნში "ოცი წერილი მეგობარს", წერს: "როცა (სტალინი) გამოსამშვიდობებლად მოვიდა სამოქალაქო პანაშვიდზე, კუბოსთან მივიდა, მაგრამ უეცრად ხელი კრა, შეტრიალდა და გაეცალა. აღარც დაკრძალვაზე მოსულა."

არტიომ სერგეევს კი შემდეგი ვერსია აქვს: "კუბო იდგა ГУМ-ის ერთ-ერთ შენობაში. სტალინი ტიროდა. ვასილი კისერზე ეხვეოდა იმეორებდა: "მამა, ნუ ტირი". როცა კუბო გაიტანეს, სტალინი გაჰყვა კატაფალკას, რომელიც ნოვოდევიჩის მონასტრისკენ გაემართა. სასაფლაოზე გვიბრძანეს მუჭით მიწა აგვეღო და კუბოზე დაგვეყარა. ასეც მოვიქეცით."

ნადეჟდა ალილუევა ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაქვრივებული სტალინი ხშირად მოდიოდა საფლავზე, იჯდა სკამზე და დუმდა.

სამი წლის შემდეგ, ახლობელ ადამიანებთან გულითადისაუბრის დროს სტალინს წამოსცდა: "ბავშვებს რა უჭირთ, რამდენიმე დღეში დაივიწყეს, მე კი მთელი დარჩენილი ცხოვრება დამისახიჩრა". შემდეგ კი ბელადმა თქვა: "შევსვათ ნადიას სადღეგრძელო!".


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვინ უყვარდა სინამდვილეში გალაკტიონის მუზას და რატომ არ კითხულობდა პოეტის ლექსებს მერი შერვაშიძე

image


2. მაიაკოვსკის ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორია, რომელიც პარიზში ლეგენდად იქცა

image


3. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"
image


4. უცნობი ისტორია სტალინზე, პეპელაზე და ტანკზე...
image


5. ვინ იყო სტალინის "ტერმინატორი" და მისი 5 საიდუმლო ოპერაცია
image



3
7768
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
7768
  
2017, 7 სექტემბერი, 9:23
დიდი მადლობა, ჩემო კარგო.
2017, 7 სექტემბერი, 1:40
ძალიან მომწონს თქვენი სტატიები ^^
2016, 13 დეკემბერი, 13:05
ძლიერი, სრული და ისტორიული სტატია, როგორც ყოველთვის
0 1 3