x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველა დროის ყველაზე ჭკვიანი ბავშვის ტრაგიკული ისტორია

image


ყველა საუკუნეში იყვნენ ბავშვები, რომლებიც საკუთარი უნიკალური ნიჭით და გონიერებით თანამედროვეთა გაოცებას იწვევდნენ. თუმცა, მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია კრისტიან ფრიდრიხ ჰეინიკენი, რომელსაც მეტსახელად "ლიუბეკელ ყრმას" ეძახდნენ.
კრისტიანი 1721 წლის 6 თებერვალს ჩრდ. გერმანიაში, პატარა ქალაქში დაიბადა და 4 წელზე ცოტა მეტხანს იცოცხლა. თუმცა, ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ბავშვის სახელით შევიდა.
მას დღეს რომ გაევლო IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ტესტი, შედეგი 200 ერთეულს გადააჭარბებდა (ნორმად 86 -114 ითვლება). ბავშვი ღრუბელივით იწოვდა ცოდნას სხვადასხვა სფეროებიდან. ის არ იყო საკუთარ თავში ჩაკეტილი, თავისუფლად შედიოდა კონტაქტში ადამიანებთან და აოცებდა მათ თავისი მეტყველებით და ანალიზის უნარით. 10 თვის ასაკში, სხვა ბავშვებივით, ცალკეულ სიტყვებს კი არ ამბობდა, რთული წინადადებებით საუბრობდა.

ბავშვის მამა – არქიტექტორი პაულ ჰეინეკენი და დედა კატარინა – სამხატვრო მაღაზიის მფლობელი და ალქიმიკოსი შვილს სამყაროს შეცნობაში ეხმარებოდნენ. პატარა კრისტიანი ახლადმოსმენილ ტექსტს მაშინვე, უშეცდომოდ იმეორებდა. მშობლები შეძლებული ადამიანები იყვნენ და რა თქმა უნდა, ბავშვს აღმზრდელი ჰყავდა და როდესაც ძიძა სოფიმ თავისი ცოდნა სრულიად ამოწურა, მშობლებმა აღმზრდელი სილეზიიდან (ისტ. მხარე ცენტრალურ ევროპაში) გამოიძახეს. ქალბატონ ადელსმანს, რომელიც ბავშვის ძიძა-გუვერნანტკა იყო, ჰეინეკენ-უფროსმა მოვალეობა ასე განუმარტა: «თქვენ უნდა დააწახნაგოთ ეს ძვირფასი ქვა და ალმასი – ბრილიანტად გადააქციოთ».
3 თვის შემდეგ, კრისტიან ფრიდრიხმა უკვე ბიბლიის პირველი 5 წიგნი იცოდა ზეპირად. ხოლო, 2 წლის ასაკში, ბიბლიურ ისტორიებს ჰყვებოდა და წმინდა წიგნიდან, ამ ისტორიებთან დაკავშირებულ, საკმაოდ დიდი ფრაგმენტების ციტირებას ახდენდა.
კიდევ ერთი წლის შემდეგ, ბავშვმა თავის ცოდნას გეოგრაფიის და მსოფლიო ისტორიის ცოდნა მიამატა, ლათინურ და ფრანგულ ენებთან, მათემატიკისთან და ბიოლოგიასთან ერთად. 4 წლის იყო, ეკლესიის და რელიგიის ისტორიის შესწავლა რომ დაიწყო.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ბავშვმა ყველაფერი იცოდა ქვეყანაზე. ინფორმაცია მის შესახებ, წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა. ამიტომ, ლიუბეკის გიმნაზიის მოსწავლეებს არ გაჰკვირვებიათ, როდესაც ბიჭმა, ლექციის წასაკითხად, კათედრასთან დაიკავა ადგილი.
მსმენელთა შორის იყო იოჰან ჰენრიხ ფონ ზელენი, გიმნაზიის რექტორი. მოგვიანებით, მან გაიხსენა 1724 წლის 2 იანვარი – როგორც დღე, როდესაც «ცოცხალი ენსიკლოპედიის» ხილვის ბედნიერება ხვდა წილად.
პატარა ბიჭუნამ ლექცია რომის და გერმანელი იმპერატორების ბიოგრაფიების ანალიზით დაიწყო. შემდეგ, ისრაელის მეფეებზე გადავიდა და გერმანიის გეოგრაფიული თავისებურებები მიმოიხილა. ლექცია კრისტიანმა ადამიანის ჩონჩხის აღწერილობით დაასრულა. მიუხედევად იმისა, რომ ეს საკითხები სხვადასხვა თემებს ეხებოდა, პატარა ვუნდერკინდმა ერთმანეთზე ისე გადააბა, რომ მათგან ერთიანი ლოგიკური ჯაჭვი შექმნა.
«აუდიტორია მოჯადოებულივით იყო, პატარა ორატორს ყველა პირდაღებული უსმენდა, - ჩაიწერა დღიურში ფონ ზელენმა. - მაგრამ, როდესაც ეკლესიის ზარების ხმა გაიგო, პატარამ უეცრად საუბარი შეწყვიტა: «ახლა კი, მაპატიეთ, ბატონებო, მოწყალების დასთან უნდა წავიდე!» – თქვა და კათედრიდან ჩამოვიდა».
ლიტერატურის და ხელოვნების მოღვაწეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატარა კრისტიანის განდიდებასა და მისი სახელის სამარადისოდ უკვდავყოფაში. მაგ., ჰამბურგელმა კომპოზიტორმა და პოეტმა, გეორგ ფილიპ ტელემანმა მას რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრისტოფერის მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბავშვის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო. ისინი, ვინმესგან ბავშვისადმი ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში, მაშინვე შეხვედრას აწყობდნენ და იმაზე არ ფიქრობდნენ, თუ რამდენად დამქანცველი და რთული იყო მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა პატარა ბავშვისთვის.

ხმა, საოცარი ბიჭუნას შესახებ ფრიდრიხ IV დანიელამდეც მივიდა. მეფე უნდობლობით ეკიდებოდა ყველას და ყველაფერს და როდესაც მას უთხრეს, რომ არსებობდა ბავშვი, რომელიც 3 წლის ასაკში თავისუფლად ფლობდა 4 ენას, არ დაიჯერა და მისი კოპენჰაგენში ჩაყვანა ბრძანა.
ბიჭუნამ მეფის და კარისკაცების წინაშე რამდენიმე ლექცია წაიკითხა ისტორიაში, ავტორიტეტული წყაროების მითითებით. ამის გამო, მას კიდევ ერთი მეტსახელი – Mirakulum შეარქვეს, რაც ლათინურად «საოცრებას» ნიშნავს.
ერთადერთი, რაზეც უარი თქვა ბავშვმა, – მეფესთან ერთად სადილი იყო. მან მეფეს თავაზიანად აუხსანა, რომ არაფერს ჭამს, ფაფის და ხორბლისგან მომზადებული კერძების გარდა.
მეფე ამანაც გააოცა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ბავშვის კვება მთლიანად მის ძიძას, სოფის ეკისრებოდა, რომელმაც მას თითქმის დაბადებიდან ჩაუნერგა, რომ როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, არ უნდა ჭამოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. ეს აზრი იმდენად ძლიერ იყო შთაგონებული, რომ ბავშვი ოჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან ვერ ჩერდებოდა, როდესაც მაგიდაზე თევზის ან ხორცის კერძები იყო.
სწორედ ერთფეროვანი კვების მსხვერპლი გახდა პატარა გენიოსი. ის ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დროდადრო ლოგინად ვარდებოდა და კუნთების ტკივილისგან კვნესოდა, არაფერს ჭამდა, უძილობით იტანჯებოდა, ვერ იტანდა ხმაურს და ნებისმიერ სუნს. ის გამუდმებით ითხოვდა ხელების დაბანას და ამბობდა, რომ შეხვედრაზე წასვლა არ უნდოდა.
ექიმები ამბობდნენ, რომ სიმპტომების მიხედვით, ბავშვი ცელიაკიით იყო დაავადებული, რაც დიდი ოდენობით გლუტეინის მიღებით იყო გამოწვეული.
იმ დროს, დანიელმა ექიმებმა არაფერი იცოდნენ ამ დაავადების შესახებ, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ბავშვის ავადმყოფობის მიზეზი, არაბალანსირებული კვება იყო და მას მსუბუქი სუპი აჭამეს.
თავიანთი ეჭვები ექიმებმა ბავშვის მშობლებსაც გაუზიარეს. მაგრამ დედას ძიძის განაწყენება არ უნდოდა და ბავშვი ისევ ფაფაზე გადაიყვანა.
რამდენიმეთვიანი მოგზაურობის შემდეგ, კრისტიანი სამშობლოში დაბრუნდა და 1724 წ. 11 ოქტომბერს ის უკვე სახლში იყო. როგორც ლიუბეკელმა ექიმმა განაცხადა, უცხოეთიდან დაბრუნებისთანავე, ბავშვს სხეულის სისუსტის პროგრესირება, სახსრების და თავის ინტენსიური ტკივილები დაეწყო. ის უძილობით იტანჯებდა და მადა არ ჰქონდა. 1725 წ. 16 ივნისს კრისტიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, უკვე ჩამოთვლილი ჩივილების გარდა, მას სახე გაუსივდა და წყლულოვანი გამონაყარით დაეფარა. განუვითარდა ალერგიის ძლიერი შეტევა – მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა ფქვილის შემცველ ყველა პროდუქტს «აუჯანყდა». ერთხელ, როდესაც ფეხებს ბალახის ნაყენით უზელდნენ, მან წარმოთქვა: «ჩვენი ცხოვრება კვამლივით არისო». ამის შემდეგ, მისთვის ცნობილი 200 საეკლესიო სიმღერიდან რამდენიმე შეასრულა და ხმა საწოლთან შეკრებილი იმ ადამიანების ხმას აყოლა, რომლებიც მისთვის ლოცვებს კითხულობდნენ.
პატარა კრისტიანი 1725 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები ღმერთისადმი თხოვნა იყო, რომ მისი სული მიებარებინა: «ღმერთო იესო, მიიღე ჩემი სული...» – თქვა და სული დალია...

imageimageP. S. პატარა კრისტიანი 4 წლის და 5 თვის ასაკში გარდაიცვალა. შეეძლო კი «ლიუბეკელ ყრმას» ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრება? და ვინ არის დამნაშავე მის უდროო სიკვდილში: პატივმოყვარე მშობლები, ძიძა და მისი შეხედულებები რაციონზე, თუ ბუნება, რომელმაც ის ცოდნის მიღების მოჭარბებული სურვილით და ნიჭით დააჯილდოვა? ან რა აუცილებელი იყო მისთვის, ცხოვრების პირველსავე წლებში, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნის ერთიანად შესწავლა?

ჩვენს დროშიც არიან ბავშვები, დროზე ადრე რომ ამთავრებენ სკოლას და უმაღლეს სასწავლებლებშიც აბარებენ, მაგრამ, როგორც ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ბავშვები არც ფიზიკურად და არც ფსიქო-ემოციურად, მზად არ არიან ასეთი სახის დატვირთვისთვის.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageნახევარკაცი, რომელმაც უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე ნორმალური ადამიანების უმრავლესობამ
მსოფლიოს უცნაური სკოლები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია. TOP - 9

თავის ტვინს, დამოუკიდებლად, სხეულის გარეშე არსებობა უკვე შეუძლია!

3
1165
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1165
  
2018, 19 აგვისტო, 20:19
სამწუხარო ის არის, რომ სისულელით მოკლეს ბავშვი
2018, 19 აგვისტო, 8:14
მაგის წარმოდგენა რთული არ არის, მაგ., გარი კასპაროვის IQ 195-ია. მსგავსი შეფასების სისტემა არ არსებობდა XV საუკუნეში, მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ, ტესტი ლეონარდო და ვინჩის რომ გაევლო, მასაც იგივე შედეგი ექნებოდა.
2018, 18 აგვისტო, 21:12
საინტერესოა , როგორი იქნებოდა მისი ტვინი ზრდასრულობასი
0 1 3