ნ. ხრუშჩოვის ცოდვები და გასაიდუმლოებული ისტორიული თარიღი
1945 წლის 7 მაისს გენერალმა იოდლმა, ვერმახტის სახელით, გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, სსრ კავშირი არ ჩქარობდა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას დამარცხებულ გერმანიასთან. ამიტომ, ორი ქვეყანა, ფორმალურად, ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა...
ბრძანებას «საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ომის დასრულების შესახებ», ჰიტლერის გერმანიის კაპიტულაციიდან, 10 წლის შემდეგ, 1955 წლის 21 იანვარს მოაწერა ხელი. თუმცა, ეს თარიღი ისტორიის სახელმძღვანელოებში არ შესულა და თუ რატომ, ამის და თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, ჟურნალისტთან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ი. ჟუკოვმა ისაუბრა:
«სტალინი ერთიანი გერმანიის მომხრე იყო»
— ბატ. იური, გამოდის, რომ ომის დამთავრების თარიღად 1955 წლის 25 იანვარი უნდა ჩავთვალოთ?
— სწორედ ასეა!
— მაშინ, 1945 წ. 9 მაისს რაღას ვუშვრებით?
— ერთმანეთში ნუ ავურევთ, ეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის. არსებითად, გერმანიის კაპიტულაციით, ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებები დასრულდა იარაღის გამოყენებით. ხოლო 55-ში, ომი იურიდიულად და დიპლომატიურად დამთავრდა.
— მაგრამ, რატომ გახდა საჭირო, ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად 10 წელი ლოდინი?
— ეს ისტორიული და დიპლომატიური კაზუსია. თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ... ვიდრე ომი მიმდინარეობდა, თეირანის, იალტის და პოტსდამის კონფერენციებზე 3 ზესახელმწიფოს – სსრკ-ს, აშშ -ს და დიდ ბრიტანეთს შორის, გერმანიის შემდგომ ბედთან დაკავშირებით, შეთანხმება იყო მიღწეული. გადაწყდა, რომ ომის შემდეგ, ქვეყანა ერთიანობას შეინარჩუნებდა. თუმცა, გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი განხილვა უძღოდა. ამ შეხვედრების სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, სტალინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ გერმანია დემილიტარიზებული, ნეიტრალური და ერთიანი ყოფილიყო.
— და რაში სჭირდებოდა მას გერმანიის ერთიანობის შენარჩუნება?
— სტალინს ახსოვდა, რაც მოხდა ვერსალის (საუბარია 1919 წ. ვერსალის საზავო ხელშეკრულებაზე. რედ.) შემდეგ. საფრანგეთმა რეინის ზონა მიითვისა, ხოლო 1923 წელს რურის ოკუპირებაც მოახდინა, პოლონეთის ხელში მთიანი სილეზია აღმოჩნდა, დასავლეთ პრუსიის ნაწილი... თუმცა, ჩერჩილი და რუზველტი გერმანიის გაყოფას ემხრობოდნენ. გერმანიის დანაწილების მომხრე იყო საფრანგეთიც. ფრანგებს გერმანიას და საფრანგეთს შორის «უსაფრთხოების ზონის» შექმნა და ზაარლანდის ოლქის – ქვანახშირის უდიდესი აუზის მითვისება ან იმ ადგილზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდოდა.
«მოკავშირეების პოლიტიკა»
— ბრიტანეთი რას მოიგებდა გერმანიის გაყოფით?
— დიდი ბრიტანეთი ომის გამო ძალიან დასუსტდა და ფაქტიურად, ამერიკის დახმარებაზე ცხოვრობდა. ის მიხვდა, რომ მიუხედავად დიდი ზარალისა, კონტნენტზე ყველაზე ძლიერი ქვეყანა მხოლოდ სსრ კავშირი იყო, ეს კი, მას ძალიან აშინებდა. ამიტომ, 46 წელს ბრიტანელები გერმანიის გაყოფას მოითხოვდნენ, რომ საკუთარი ზონის ტერიტორიაზე ძლიერი სამხედრო ბაზები მოეწყოთ და ევროპის კონტინენტურ ნაწილზე საფუძვლიანად დამკვიდრებულიყვნენ.
— და ამერიკა?
— ამერიკელებმაც გადაწყვიტეს ევრობაში ფეხის მოკიდება და ამის განსახორციელებლად «დემოკრატიის მამებად» მოევლინნენ გერმანიას. 46 წელს, საკუთარ ოკუპირებულ ზონაში, მათ ადგილობრივი არჩევნები და ფულის რეფორმა ჩაატარეს, გაჩნდა დასავლეთის მარკა, რომელიც შემდეგში, დოიჩმარკა გახდა. ხოლო, 1948 წელს სამმა ყოფილმა მოკავშირემ, საკუთარი ზონები გააერთიანა და საპარლამენტო საბჭო შექმნა. ერთი წლის შემდეგ კი, დას. გერმანიამ კონსტიტუცია მიიღო და ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარა. ქვეყანაში შეიქმნა გფრ-ს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც კონრად ადენაუერი, გერმანიის I ბუნდესკანცლერი ხელმძღვანელობდა. სსრ კავშირს კი მეტი გზა არ დარჩა და საკუთარ ზონაში გდრ შექმნა, თუმცა გერმანიის გაერთიანებას ცდას არ აკლებდა და 1953 წლისთვის შეთანხმება მიღწეული იყო... ეს ყველაფერი დოკუმენტებით არის დადასტურებული (სსრ კავშირს ერთიანი გერმანია უფრო აწყობდა, ვიდრე მის ერთ ნაწილში, კაპიტალისტური ბანაკის ბაზის შექმნა)!
«გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა საბჭოთა ზონაში პუტჩის პროვოცირება მოახდინა»
— შემდეგ რა მოხდა? რატომ არ გაერთიანდა გერმანია?
— შემდეგ მოხდა ის, რასაც კ. ადენაუერი თავის მემუარებში აღწერს: როდესაც მისი პარტია, «ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირი» მიხვდა, რომ მას ძალა მხოლოდ რეინის ზონაში ჰქონდა და პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა, პოლიტიკური კონკურენციის შეეშინდა და 1953 წლის 13 ივლისს ბერლინში ამბოხება მოაწყო, რომელიც დღეს «საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო ამბოხების სახელით არის ცნობილი».
— იქნებ, ამბოხება მაინც «ქვემოდან» იყო?
— წაიკითხეთ მისი მემუარები! ის პირდაპირ აღიარებს, რომ «აჯანყება» მისი ორგანიზებული იყო და პროცესებსაც ის მართავდა. ჩვენ კი მეტი გზა არ გვქონდა, არეულობის თავიდან ასაცილებლად, ბერლინში ჯარი უნდა შეგვეყვანა. იყვნენ დაღუპულებიც... ადენაუერმა ყველაფერი გათვალა: მან პუტჩის ჩახშობით ისარგებლა, სსრ კავშირის დისკრეტიტირება მოახდინა და ლონდონი და ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ სსრ კავშირთან გარიგებაზე არ წასულიყვნენ.
1955 წლის იანვარში უკვე ნათელი გახდა, რომ გერმანიის გაერთიანება არ შედგებოდა. მაშინ, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით: გერმანიის რომელიმე ნაწილის მითითების გარეშე, ქვეყანასთან საომარი მდგომარეობა დასრულებულად გამოვაცხადეთ, რაც გდრ-ს სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავდა და აღმოსავლეთ გერმანიას არმიის შექმნის საშუალებას აძლევდა. იანვარში, სსრ კავშირში სწირედ ის ბრძანება გაფორმდა, ხოლო თებერვალში სსრ კავშირმა გფრ აღიარა.
«ჩვენ არ დაგვიწყია ქვეყნის დანაწევრება!»
— ე. ი. გერმანიის დაშლაში ბრალი არ მიგვიძღვის?
— იმ დროის ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ასე გამოდის. რა თქმა უნდა, 1945 წლის აპრილში რუზველტი რომ არ გარდაცვლილიყო და იმავე წლის ივლისში, ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებზე, ჩერჩილი რომ არ დამარცხებულიყო და პრემიერის სკამი ეტლის არ დაეკავებინა, შესაძლებელია, ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო... სტალინის, ჩერჩილის და რუზველტის «ტრიო» დაიშალა და მათ შორის დადებული შეთანხმება, გერმანიის მომავლის შესახებ, გაუქმდა. ჩვენი მოთხოვნა, რომ მოგვეხდინა საწარმოების დემონტაჟი და სსრ კავშირში გადაგვეტანა, ომის შედეგად მიღებული ზარალის სანაცვლოდ, ამერიკელების მიერ ძარცვად ფასდებოდა. და ეს იმ ფონზე, რომ თავად ამერიკელები ნადირობდნენ გერმანული საინჟინრო აღმოჩენების პატენტებზე.
— მაგრამ, ბერლინის კედელი ხომ ჩვენ ავაშენეთ... და როგორც გორბაჩოვი ამბობდა, დები და ძმები ერთმანეთს ათწლეულებით დავაშორეთ...
— მაპატიეთ, მაგრამ ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ! კედლის აღმართვა, ორ ბლოკს შორის დაპირისპირების და კონფლიქტის შედეგი იყო და თუ ჩვენ გვადანაშაულებენ, ამაში წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის (ბერლინის კედლის მშენებლობის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სამუშაოზე დას. ბერლინში გადადიოდა, რადგან იქ, აღმ. ბერლინის მოსახლეობის მისაზიდად, ბევრად მაღალი ხელფასი იყო. გარდა ამისა, უამრავმა ადამიანმა საერთოდ მიატოვა სახლ-კარი და საცხოვრებლად ქალაქის მეორე მხარეს გადავიდა. ამის გამო, გდრ-ი ყოველწლიურად მილიარდობით მარკას კარგავდა. რედ.)
«ტყვეები არაფერ შუაში იყვნენ»
— არიან ისტორიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ომის მდგომარეობა იმიტომ გაიწელა, რომ სამხედრო ტყვეები არ გაგვეშვა, რომლებიც ომის შედეგად, დანგრეული ობიექტების აღდგენაზე მუშაობდნენ...
— ეს მთლად ასე არ არის. ბრძანებაზე ხელის მოწერის შეფერხების მიზეზი ტყვეები არ იყვნენ. თუმცა, ამ გარემოების წყალობით, ეკონომიკის აღსადგენად, ბევრი მათგანი საბჭოთა კავშირში დარჩა.
— მაგრამ, რატომ არ მოხვდა ეს თარიღი ისტორიის სახელმძღვანელოში? თუნდაც, სსრ კავშირში?..
— იმიტომ, რომ ეს 1955 წელს მოხდა, როდესაც ხელისუფლების სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვი იყო და ჩვენი წარსულის მითოლოგიზირება იყო დაწყებული. ხრუშჩოვს ომის და სტალინის თემის ახლიდან წამოწევა ნამდვილად არ აწყობდა, რადგან საკუთარი ცოდვების გადაბრალებას ყოფილ ხელისუფლებაზე ცდილობდა.
დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომელშიც შავით თეთრზე წერია, თუ როგორ ითხოვდნენ პარტიის პირველი მდივნები «ხალხის მტრების» დახვრეტის უფლებას, გამოძიების და სასამართლოს გარეშე. მათ შორის იყო მოსკოვის ოლქის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი ნ. ხრუშჩოვიც, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ განცხადებაში იმასაც მიუთითებდა, თუ რამდენი ადამიანი იყო დასახვრეტი. 1937 წელს მან, მოსკოვის მახლობლად, 20 ათასამდე კულაკი (მდიდარი გლეხი) აღმოაჩინა. საიდან და როგორ მოგროვდნენ ისინი იმ ადგილზე, უცნობია, გაკულაკების პროცეცი ხომ დიდი ხნის წინ იყო დასრულებული... როდესაც 1938 წელს ხრუშჩოვი კიევში გადაიყვანეს, ის იქიდან გამოგზავნილ პირველსავე დეპეშაში ითხოვდა, რომ 20 000 ადამიანის დახვრეტის ბრძანებაზე ხელი მოეწერათ, – არ უნდოდა, რომ წინა სამუშაოზე დაუსრულებელი საქმე დარჩენოდა. ხოლო, როდესაც ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა, საკუთარი დანაშაულის სტალინთვის გადააბრალებით, ისტორიაში სუფთა სახელით შესვლას ცდილობდა...