x
image
მანჩო 777
13 შოკისმომგვრელი საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო
თავს მატერიალისტად თვლით? დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, შეიძლება მეცნიერული მიდგომით აიხსნას? საინტერესოა, როგორ ახსნიდით ამ შოკისმომგვრელ, იდუმალ მოვლენებს, რომლებზეც დღევანდელ პოსტში მოგითხრობთ.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა შემზარავი საიდუმლოებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მოხდა დედამიწის სხვადასხვა ადგილას და რომელთა ამოხსნაზეც ტვინს იმტვრევენ მეცნიერები.


ზამბარებიანი ჯეკი



image

1837 წელს ინგლისური გაზეთები აჭრელებული იყო ცნობებით უცნაური ადამიანის შესახებ, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში ჩნდებოდა, ლონდონიდან დაწყებული, დამთავრებული ლივერპულით. იდუმალი კაცი მოულოდნელად ჩნდებოდა, სახტადდარჩენილი ხალხის წინაშე ხტებოდა უზარმაზარ სიმაღლეზე და უცაბედად ეფარებოდა თვალს. პრესამ მას სახელად ზამბარებიანი ჯეკი უწოდა. უცნაური ადამიანის აღწერა სხვადასხვაგვარი იყო: ერთნი ამბობდნენ, რომ მას წაგრძელებული ყურები და პატარა რქები ჰქონდა, სხვები ამტკიცებდნენ, რომ ჯეკი ჩვეულებრივი ადამიანივით გამოიყურებოდა, მაგრამ ერთ რამეში თვითმხილველების აზრი სრულიად ემთხვეოდა: ყველანი ამტკიცებდნენ, რომ ჯეკი ძალიან გამხდარი მამაკაცი იყო პატარა წვერითა და გამჭოლი გამოხედვით. მის შესახებ კარგა ხანს დადიოდა მითქმა-მოთქმა, მხოლოდ ХХ საუკუნის დასაწყისში გაქრა ეს ადამიანი -მოჩვენება და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. კითხვა, არსებოდა თუ არა ზამბარებიანი ჯეკი სინამდვილეში და თუ არსებობდა, ვინ იყო?- პასუხგაუცემელი დარჩა.


ოუენ პარფიტის უკანასკნელი თავგადასავალი


image


ოუენ პარფიტი XVII საუკუნეში ცხოვრობდა. ის ძალიან ხმაურიან, თავზეხელაღებულ ცხოვრებას ეწეოდა: ზღვაოსნობდა მეკობრეებთან ერთად და მონაწილეობას იღებდა საზღვაო ბრძოლებში. ბოლოს, როცა ის ამდენი თავგადასავლისაგან დაიღალა, დასთან ერთად სამხრეთ ინგლისში დასახლდა და მშვიდ ცხოვრებას მიჰყო ხელი. 1660 წელს მას უკვე 70-მა წელმა მოუკაკუნა. ერთხელ ოუენმა დას სთხოვა სუფთა ჰაერზე გაყვანა, რადგან დამოუკიდებლად მოძრაობა უკვე აღარ შეეძლო. დამ ის ინვალიდის ეტლში ჩასვა და სახლის წინ გაიყვანა, თავად კი სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი. როცა ერთი საათის შემდეგ ქალი ოუენის შემოსაყვანად გავიდა გარეთ, ის ადგილზე აღარ დახვდა. რამოდენიმედღიანმა ძებნამ, რომელშიც პოლიციაც ჩაერთო, არანაირი შედეგი არ გამოიღო. პარალიზებული კაცი, რომელსაც დამოუკიდებლად ორი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო, უგზო-უკვლოდ გაქრა. ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი, ის ვერ იპოვეს.


ბელების ალქაჯი


image

ეს ამბავი 1817 წელს მოხდა. ტეხასის შტატის ქალქ ადამსში მცხოვრები ფერმერი ჯონ ბელი ყანებიდან ბრუნდებოდა. როცა თავის სახლს მიუახლოვდა, დაინახა, რომ პარმაღთან უზარმაზარი ძაღლი იწვა, რომელსაც კურდღლის თავი ჰქონდა. ჯონის მიახლოებისთანავე უცნაური არსება გაქრა. ამ დღიდან ჯონს მოსვენება დაუკარგეს - მის სახლში უცნაური ამბები ხდებოდა, რომლებამც იქაურობა ჯოჯოხეთად აქცია: ოთახის კედლებსა და იატაკზე მოულოდნელად ჩნდებოდა ნაფხაჭნები, გამუდმებით ისმოდა ყეფის ხმა, ოჯახის წევრებს ლოგინის თეთრეული დახეული ხვდებოდათ, ნივთები თავისით ცვიოდა თაროებიდან...მოკლედ, სახლში სრულმა ქაოსმა დაისადგურა. ბელის პატარა გოგონა ჩიოდა, რომ მას გამუდმებით ხელს კრავს და ჩქმეტს ვიღაც უჩინარი არსება. მალე ბოროტმა მოჩვენებამ ოჯახის წევრებს ლაპარაკი დაუწყო. ქალის მაღალი ხმა წყევლიდა მათ, ამბობდა, რომ ვერ იტანდა ბელების ოჯახს და მალე დაღუპავდა მათ. უამრავი თვითმხილველი ყვებოდა ბელების ოჯახში დაბინავებულ უწმინდურ ძალაზე, მაგრამ როგორ დახმარებოდნენ მათ, ეს არავინ უწყოდა. 1820 წელს ჯონ ბელი მკვდარი ნახეს. ის მეტად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოჩვენება აღარავის უნახავს.


პადრე პიოს სტიგმატები


image

1910 წელს ახალგაზრდა კათოლიკე პადრეს პიოს ხელისგულსა და ფეხებზე სტიგმატები გაუჩნდა. რამოდენიმე ხნის განმავლობაში ისინი ხან ქრებოდა, ხან კი ისევ ჩნდებოდა, მაგრამ 1918 წლიდან სტიგმატები პადრეს მუდამ თან ახლდა. ექიმები ვერაფრით მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე და როგორ ემკურნალათ პადრეს სისხლმდენი იარებისათვის. 1968 წელს პიო გარდაიცვალა. კათოლიკურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანი ამ ისტორიას გამოგონილად ჩათვლის, მაგრამ ამ ფაქტის დამადასტურებული უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს.




ომ სეტის რეინკარნაცია


image

1904 წელს ლონდონში დაბადებული დოროთი ლუი იდი ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა 1908 წელს ოთხი წლის გოგონა მშობლებმა ბრიტანეთის მუზეუმში წაიყვანეს. ბავშვმა ეგვიპტური დარბაზის ნახვის შემდეგ უარი თქვა იქაურობის დატოვებაზე და მშობლებს განუცხადა: ეს ჩემი ხალხია. ამის შემდეგ ის თითქოს შეპყრობილი იყო ძველი ეგვიპტით. 1933 წელს დოროთი ცოლად ეგვიპტელს გაჰყვა და საცხოვრებლად კაიროში გადავიდა. იქ მან სახელად ომ სეტი დაირქვა. ჰიპნოზურ ტრანსში ჩაძირულ ქალს შეეძლო საათობით ელაპარაკა თავის ცხოვრებაზე ძველ ეგვიპტეში, სადაც მას ბენტრეშითი ერქვა და კომ ელ სულანის ტაძრის მსახურს წარმოადგენდა. მალე მან მუშაობა დაიწყო აბიდისის სიძველეთა დეპარტამენტში. ქალს შეეძლო ზუსტად დაესახელებინა ძველი არტეფაქტების ადგილსამყოფელი, რომელთაც წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ არქეოლოგები. ომ სეტი 1981 წელს გარდაიცვალა და საფლავში წაიღო თავისი საიდუმლო.


კაცი ტაურედიდან


image

1954 წლის ივლისში წვერებიანი თეთრკანიანი მამაკაცი ტოკიოს აეროპორტში გამოცხადდა და წარადგინა პასპორტი, სადაც ეწერა, რომ ის იყო ქვეყნიდან, სახელად ტაურედი. საგონებელში ჩავარდნილმა მესაზღვრებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ასეთი ქვეყანა არა არსებობს, სთხოვეს მამაკაცს ის რუკაზე ეჩვენებინა. მამაკაცმა დაუფიქრებლად დაადო ხელი ანდორას და კითხვაზე, ხომ არ ცდება ის, უპასუხა, რომ ამ ქვეყანას ტაურედი ჰქვია და ის იქ ცხოვრობს. უცნობი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და იქ საკანში მოათავსეს, სანამ მის ვინაობას გაარკვევდენ და პასპორტის სინამდვილეს დაადგენდნენ. მეორე დილით ის ოთახიდან გაქრა, ისევე, როგორც მისი საბუთები აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის სეიფიდან. მათი პოვნა პოლიციამ ვერ შეძლო და ტაურედის საიდუმლოც ამოუხსნელი დარჩა.


ტერეზიტა ბასას მოჩვენება


image

ტერეზიტა ბასა ილინოისის ჰოსპიტალში მუშაობდა. 1979 წლის თებერვალში ქალის დანით დასერილი გვამი მისსავე ნახევრადდამწვარ ბინაში იპოვეს. პოლიცია ჩიხში შევიდა. რამოდენიმე დღის შემდეგ ბასას კოლეგამ, მედიცინის დამ რემი ჩუამ ნახა სიზმარი, რომელშიც ტერეზამ მას უამბო, რომ ის გააუპატიურა და მოკლა კაცმა, სახელად ალან საუერი, რომელიც მან ტელევიზორის შესაკეთებლად გამოიძახა. ტერეზიტამ მეგობარს აღუწერა აგრეთვე ის სამკაულები, რომლებიც მკვლელმა თან წაიღო სახლიდან. თავდაპირველად ჩუამ გაიფიქრა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი და მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ტერეზიტა ყოველ ღამეს ეცხადებოდა და გამუდმებით თხოვდა დახმარებას, ამიტომ ქალი იძულებული გახდა პოლიციისათვის მიემართა და მოეთხრო ის, რასაც ძილში ნახულობდა. გამომძიებელმა გადაწყვიტა ეს ვერსია შეემოწმებინა. როცა მათ საუერს თავის ბინაში მიაკითხეს, კარი მისმა ცოლმა გააღო, რომელსაც ტერეზიტას სამკაულები ეკეთა. მკვლელმა ყველაფერი აღიარა, მაგრამ პოლიცია კარგა ხანს იყო გაურკვევლობაში, თუ როგორ შეეძლო ტერეზას სულს მოეთხრო ჩუასათვის თავისი ამბავი.



მოჩვენებების გზაჯვარედინი


image

ეს არის უძველესი გადასასვლელი სან-ანტონიოში, ტეხასის შტატში - ადგილი, სადაც ნებისმიერი მძღოლი შეიძლება შეხვდეს მოჩვენებას. მრავალი წლის წინ ამ ადგილზე ტრაგედია მოხდა: მატარებელი შეეჯახა სკოლის ავტობუსს და მასში მყოფი ყველა ბავშვი დაიღუპა. ამ ამბის შემდეგ ყველა, ვინც ამ ადგილას მოხვედრილა, ირწმუნება, რომ თუ მძღოლი მანაქანას გადასასვლელზე გააჩერებს, ის გრძნობს, რომ ვიღაცა მის ავტომობილს უბიძგებს, თითქოს უნდა რელსებიდან გადააგდოსო. ამ ამბის მოწმეები, თანაც ისეთები, ვინც ეს ფაქტი ვიდეოზე დააფიქსირა, საკმაოდ ბევრია.



ბებერი ჩარლის მოგზაურობა


image

ჩარლ ბუინგტონი ინგლისის პატარა ქალაქ ტესბიში ცხოვრობდა. ის მაწანწალა იყო და მთელი ქალაქი ბებერი ჩარლის სახელით იცნობდა. 1955 წლის მაისში კაცი მოულოდნელად გაუჩინარდა. პოლიციის მიერ გამოცხადებულმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. ხუთი წლის მერე, 1960 წელს, მას შემდეგ, რაც მისი სახელი ყველამ დაივიწყა, ჩარლი მოულოდნელად გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის უცხოპლანეტელებს ჰყავდათ წაყვანილი მფრინავი თეფშით და მათთან ერთად მოგზაურობდა გალაქტიკაში. ჩარლის თქმით, მას ყველაზე მეტად მოეწონა სატურნის, ურანის და ნეპტუნის რგოლები. ხალხმა მას სიცილი დააყარა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ რგოლები მხოლოდ სატურნს აქვს. მაშინ გაბრაზებულმა ჩარლიმ მათ უთხრა, რომ მალე ისევ გაფრინდება, რადგან აქ მისი არავის სჯერა. მართლაც, ორიოდე კვირის შემდეგ ის კვლავ დაიკარგა, ამჯერად საბოლოოდ. ათი წლის შემდეგ ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ რგოლები მართლაც ყველა აიროვან გიგანტს აქვს, თუმცა დედამიწიდან მხოლოდ სატურნის რგოლები მოჩანს. საინტერესოა, საიდან უნდა სცოდნოდა ეს ბებერ მაწანწალა ჩარლის?


წმინდა იანუარიუსის სისხლიანი სასწაული


image


წმინდა იანუარიუსი, იტალიურად სენ-ჯენერო, ფრიად საპატივცემულო წმინდანია იტალიაში. მას თავი მოკვეთეს IV საუკუნეში. სიკვდილის ადგილზე შეგროვებულ მის სისხლს ეკლესია საუკუნეების მანძილზე ინახავდა, როგორც წმინდა ნაწილს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ის გახმა, მაგრამ 1939 წელს, სენ-ჯენეროს დღესასწაულის დროს, სისხლი რაღაც სასწაულით ისევ თხევადი გახდა. ეს ფენომენი ათასობით თვითმხილველმა დაადასტურა. ამის შემედგ, ყოველ წელიწადს, როცა ნეაპოლში სენ-ჯენაროს დღესასწაულია, მყარი სისხლი თხევადად გადაიქცევა ხოლმე. ამ სასწაულს ვატიკანიც კი ვერ უკეთებს კომენტირებას, ხოლო ათეისტებმა ბევრი ეცადეს, მაგრამ მეცნიერული ახსნა ამ მოვლენისა ვერ იპოვეს.



სახე ბელმეზიდან


image

1971 წელს ბელმეზში (ესპანეთის პატარა ქალაქი), მარია გომეს პერეირას სახლში, სამზარეულოს ქვის იატაკზე გაჩნდა ლაქა, რომელიც ადამიანის სახეს ჰგავდა. ლაქა არანაირი სარეცხი საშუალებით არ ირეცხებოდა, ხოლო როცა მარიას ქმარმა იატაკი გამოცვალა და ახალ ფილები დააგო, სახე ისევ გამოჩნდა, ამჯერად მისი გამოსახულება გაცილებით მკვეთრი იყო. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 30 წელიწადი, მანამ, სანამ სახლი დასანგრევად გაკუთვნილი შენობების სიაში არ შეიტანეს. სახლის დანგრევის დროს მისი იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს ძველი სამარხი, რომელიც სავსე იყო ადამიანების ძვლებით. სამარხი XIII საუკუნისა იყო. როცა ამ ადგილას ახალი სახლი ააშენეს, მის იატაკზე გამოსახულებამ ისევ დაიწყო გამოჩენა, თუმცა ამჯერად უკვე სხვადასხვა სახეები ცვლიდა ერთმანეთს. ბელმოზაში ჩასულ ტურისტებს ეს საოცრება თავისი თვალით შეუძლიათ იხილონ.


დონ დეკერი - წვიმის კაცი


image

ამ გასაოცარი ისტორიის მხილველები პოლიციელები გახლდნენ, რომლებმაც გამოძიებას ფიცით დაუმტკიცეს მისი ნამდვილობა. ეს ამბავი 1983 წლის 24 თებერვალს მოხდა შტუდსბურგში, პენსილვანიის შტატში. ბაბუის დაკრძალვაზე ჩამოსული დონ დეკერი ღამის გასათევად მეგობართან გაჩერდა, მაგრამ შუაღამისას ის საშინელმა სიცივემ გააღვიძა. მისი ოთახის ჭერიდან და კედლებიდან წყალი გადმოდიოდა. დონმა მეგობარი გააღვიძა და ორივემ ერთად სცადეს გარკვევა, თუ საიდან მოდიოდა წყალი, მაგრამ უშედეგოდ. მეგობრებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ბევრი კირკიტის შემდეგ ვერც მათ დაადგინეს ამ უცნაური წვიმის მიზეზი. წვიმა დილით შეწყდა, როგორც კი დონი სახლიდან გამოვიდა, მაგრამ როცა ის სასაუზმოდ მეზობელ კაფეში შევიდა, იქაც იგივე განმეორდა-ჭერიდან და კედლებიდან წყალმა დაიწყო დენა. წვიმა დოკერს თან სდევდა რამოდენიმე დღის განმავლობაში-სადაც არ უნდა გაჩერებულიყო. საგონებელში ჩავარდნილი დონის დახმარება ერთმა მორწმუნე მეგობარმა ითავა. მან ახალგაზრდა კაცის მაჯაზე ჯვარი ამოწვა, შემეგ კი ურჩია მას ეგზორციზმის-ეშმაკის განდევნის რიტუალი ჩაეტარებინა. ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ წვიმა, როგორც იქნა, შეწყდა.


ეშმაკის ნაკვალევი


image

1955 წლის 9 თებერვლის დილას აღმოსავლეთ დევონშირის რამოდენიმე სოფლის მცხოვრებლები მეტად უცნაური მოვლენის მხილველნი გახდნენ: მათ აღმოაჩინეს, რომ თოვლით დაფარული მინდვრები 40 მილის მანძილზე სავსე იყო უცნაური ნაკვალევით, რომელიც არც ადამიანის და არც რომელიმე ცხოველის ნაკვალევს არ ჰგავდა. როგორც ჩანს, უცნაური სულიერი ორ ფეხზე დადიოდა და ნალის ფორმის ნაფეხურებს ტოვებდა. ნაკვალევის მიხედვით, ამ არსებას შეეძლო მდინარეზე გადახტომა და კედელში გასვლა, რადგან რომელიმე წინაღობის შემდეგ კვალი ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ეს, არც მეტი, არც ნაკლები-ეშმაკის ნაკვალევია. ის ფირზე აღბეჭდეს ჩამოსულმა ლონდონელმა რეპორტიორებმა. ნაკვალევი მხოლოდ თოვლის დადნობის შემდეგ გაქრა.

4
3250
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3250
  
2018, 5 ივნისი, 9:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 30 ივლისი, 18:43
აჰამ :)
2016, 30 ივლისი, 16:34
შესაძლებელია იყოს სიმართლის ნატამალი თქვენს კომენტარში, მაგრამ ზებუნებრივი ძალები რომ არსებობენ-ორი აზრი არაა: სადაც სიკეთეა-იქ ბოროტებაა, სადაც ღმერთია-იქ ეშმაკიცაა..ლოგიკურია უბრალოდ :)
2016, 30 ივლისი, 16:32
საინტერესო სტატია :)
რად თვლი თავს არაქვს მაგას დიდი მნიშვნელობა, უბრალოდ ჯანსაღი თავით უნდა მიუდგე ყველაფერს.
ვიცით რომ ადამიანს მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ მთელ რესურსებს ჯერ არ იყენებს, ზოგი იყენებს გაუთვიცნობიერებლად და მაგიტომ გაურკვევლობაშია.
მეცნიერება არა იმ დონეზე მისული, რომ ყველაფერი ახსნას და რასაც ვერ ხსნიან, იმას მიაწერენ სასწაულს ხოლმე ან ბოროტული ხასიათის მოვლენებთან თუ გვაქ საქმე და მაგალითად გაბოროტებული სული ამტვრევს თეფშებს ესეგი დემონური ძალები აკეთებს.
0 1 4