x
image
natia.a
"ყველამ იცოდა, რომ ეს აფხაზი სამ ქართველს იფარავდა... დედამ მხოლოდ 7 თვის მერე გაიგო სიმართლე" - ემოციური მოგონება აფხაზეთში მოგზაურობაზე
image
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თორნიკე ჯობავა ფეისბუქის პირად გვერდზე აფხაზეთში მოგზაურობის შესახებ წერს. ემოციურმა და დასაფიქრებემა პოსტმა უკვე საკმაოდ ბევრი მოწონება დაიმსახურა ფეისბუქის მომხმარებელთა მხრიდან:


"3 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოვახერხე აფხაზეთში 3 დღით მემოგზაურა. თუმცა ამჯერად უფრო გამიმართლა და ჩემი ოცნების ქალაქს, სოხუმს ვეწვიე!
თბილისიდან სოხუმამდე 467 კილომეტრია. ცოტათი მეტი ვიდრე ბათუმამდე, თუმცა ამ მანძილის გავლას მთელი 23 წელი მოვანდომე... რა იქნება კიდევ 23 წლის შემდეგ? ნუთუ გაგრამდეც ამდენი მაქვს სასიარულო? მე ხომ ჯერ არ ამიხდენია ყველა ოცნება აფხეზეთში. ვფიქრობ, რომ არა. გაგრამდე გაცილებით უფრო ახლოა. იმდენად ახლო, რომ წარმოდგენაც კი არ გვაქვს!


image
4 წლის ვიყავი გალი რომ დავტოვეთ. მის მერე იქ არაფერი შეცვლილა. ხალხიც ისევ ისეთია. იმედიანი, როგორც მაშინ, უკანასკნელ დღემდე. იმედიანი და სევდიანი. ისევე როგორც მთლი ქალაქი, ისევე როგორც მთელი აფხაზეთი. თითქოს მოიწყინეს უჩვენოდ. ვერც აფხაზს ნახავთ გახარებულს, გალაღებულს, სიცოცხლის წყურვილით. მათაც სევდიანი ღიმილი დაჰკრავთ. არც მათ უნდოდათ ეს ომი. "მშვიდობიან დროს", "კარგ დროს", ასე იხსენებენ ომამდელ პერიოდს და ჭიქას მიჭახუნებენ ქართული ღვინით სავსეს.


ოჩამჩირეში ბოლოს 11 წლის წინ ვიყავი. ვნახე ზღვა და პლიაჟი. ცარიელი პლიაჟი.. ვნახე უსიცოცხლო სახლები, რომლებიც თავიანთ პატრონს ელიან. ვნახე როგორ ანგრევს ომი ყოველგვარ კვალს ცივილიზაციისას. ჩვენი ილორიც ვნახე.. მხოლოდ შორიდან.. მაშინ ვთქვი, რომ მე კვლავ დავბრუნდებოდი, რომ ის ახლოდან მენახა და აი 11 წლის შემდეგ მე ისევ აქ ვარ, ოჩამჩირე..



imageჩვენი უფროსი აფზახი მეგობარი, რომელსაც ამ მოგზაურობისას დავუმეგობრდით და რომელმაც ეს მოგზაურობა საკუთარ თავზე ითავა, საინტერესო ისტორიებს გვიყვება. თურმე აქ ადრე ნავთობს ეძებდნენ და მის მაგივრად ცხელი წყლები აღმოაჩინეს. ასე აშენდა ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი მინახავს. აკაციის ხეებში ჩაფლული ბუნებრივი აბანოები. ირგვლივ სულ ტყე, შუაში კი ცხელი დიდი აუზი, გარშემო პატარა-პატარა აუზებით. როგორ მომინდა შიგნით ჩახტომა. მაგრამ წინ სოხუმი გველოდა. ჩვენი ოცნების ქალაქი!
გამიჭირდება ენით აღვწერო ის შეგრძნება, რომელიც სოხუმთან მიახლოებისას დაგვეუფლა ყველა ჩვენთაგანს. ვიცოდით, თუ გვკითხავდნენ, უნდა გვეთქვა, ტურისტები ვართ, მაგრამ მთელი სოხუმი ისე მოვიარეთ თავი ყველაზე შინ მეგონა. ასე სახლში ჯერ არასდროს ვყოფილვარ. არც არავის გავუჩერებივართ, არც არაფერი უკითხავთ. ხმაც არ გამიგია სოხუმის. მხოლოდ ჩემი გულის ხმა მესმოდა. ბულვარი, ფუნიკულიორი, ბოტანიკური ბაღი, ზღვა, რომელიც ყველა მხრიდან მოსჩანს.. ეს ყველაფერი ისეთი ამაღელვებელია..

imageჩვენმა აფხაზმა მეგობარმა გვთხოვა ომში დაღუპულების მემორიალთან მივსულიყავით. უამრავი გვარია. მათ შორის ქართული გავარებიც. არ ვიცი ვის მხარეს იბრძოდა ეს ხალხი, ან კი ჰქონდა ამ ომს საერთოდ მხარე, მაგრამ ერთი კი ვიცი დანამდვილებით, რომ როცა შევრიგდებით და ჩვენ აუცილებლად შევრიგდებით, როცა დავბრუნდებით და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, უნდა ავაშენოთ ყველაზე დიდი მემორიალი, ნიშნად შერიგების, სადაც ქართველთა და აფხაზთა გვარებს ერთად იხილავს მთელი მსოფლიო, რათა გაიგოს რომ უკვდავია ჩვენი ძმობა, რომ ჩვენი გულები ერთად განისვენებენ, რომ ჩვენი ერთობა მარადიულია უკუნისამდე და რომ დროს მხოლოდ დროებით შეუძლია დაგვაშოროს და მოვა დრო.. და მოვა დრო.. და ეს დრო უკვე დგება..


image
სოხუმიდან წამოვიღე რამდენიმე კენჭი და უდიდესი იმედი და გზავნილი მთელი საქართველოსთვის: "ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით", "ჩვენ თქვენს გარეშე ვერ ვიცხოვრებთ", "ეს მიწა ყველას გვეყოფა", "ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი", "ჩვენ ძმათა სისხლი დავღვარეთ". მოვიწმინდოთ ეს სისხლი. ვაპატიოთ ერთმანეთს. შევუნდოთ და შეგვინდობენ. ჩვენ შეგვიძლია ეს!

ჩვენი ოცნება ახდა, სოხუმის მიწაზე ფეხი დავდგით, თავი სიზმარში გვეგონა, მაგრამ ასეთი რაღაცეები სიზმარშიც არ მინახავს. ჩვენ აფხაზურ სუფრასთან ვისხედით. აფხაზების ოჯახში. ვსვამდით ქართულ ღვინოს და ერთად ყოფნას ვლოცავდით. ვინმეს რომ ეთქვა აფხაზებთან ერთად პურს გატეხავ და ღვინოს დალევო, მშვენიერ სიტყვასაც მოვამზადებდი, თუმცა, ალბათ, მაინც დამავიწყებდა ემოციები. მათ ჩვენ მიგვიღეს ისე, როგორც იღებენ მხოლოდ თავისიანებს. ბევრი რამ გავიხსენეთ, ბევრი რამე ვინატრეთ. ერთმა ისტორიამ გული ისე გამითბო..

7 თვე ეძებდა დედა შვილს, 7 თვე ელოდა მის ამბავს. ვის არ ეკითხებოდა, ვის არ აწუხებდა. მაგრამ ფრონტის ხაზიდან არაფერი ისმოდა.. ომს ესეთი კანონი ჰქონდა, ვინც ქართველს შეიფარებდა სიკვდილით სჯიდნენ. სოხუმში კი აფხაზის სახლში სამი სტუდენტი იმალებოდა. ყველამ იცოდა, მათ შესახებ. ყველამ იცოდა, რომ ეს აფხაზი სამ ქართველს იფარავდა. ყველამ! ერთმა არ გასცა! არც ერთმა არ უღალატა! დედამ მხოლოდ 7 თვის მერე გაიგო სიმართლე, რომ მისი შვილი აფხაზმა იხსნა. და რამდენია ასეთი შვილი! მოდი, ამაზე დავწეროთ. მოდი, ერთმანეთზე დავწეროთ. მოდი, ვუთხრათ მათ სარა ბარა ბზია! ისინი გვეტყვიან მიყვარხარ! დედამიწას ხომ მხოლოდ სიყვარული ატრილებას. ასე არაა, დომენიკო?

სოხუმიდან რომ გამოგვაცილეს, ერთმა აფხაზმა ახალგზარდამ ხელი ჩამომართვა. ბაბუა გაუჯავრდა, როგორ ემშვიდობები, ჩაეხუტე, იმეგობრე, ერთად იყავითო!

ერთად ვიქნებით, ბაბუ! ერთად ვიქნებით..." - თორნიკე ჯობავა.

image



სტატიის პირველ ფოტოდ აღებულია ინგლისელ ჯონ ჯონსის მიერ 1993 წელს გადაღებული აფხაზეთის ომის კადრი.



image




0
759
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0