"გერმანული მედიით აქტიურად შუქდება ინფორმაცია, რომ საქართველოდან ძალიან დიდი საფრთხე მოდის ქართული მაფიის სახით..."-ვენაში მცხოვრები სალომე სალაძის დამაფიქრებელი სტატუსი.
ავსტრიის ქალაქ ვენაში მცხოვრები ქართველი, სალომე სალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი გულისტკივილს გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გერმანული მედია აქტიურად აშუქებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოდან ქართული მაფიის სახით დიდი საფრთხე არსებობს:
"ორი დღეა გერმანული მედიით - ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებით აქტიურად შუქდება ინფორმაცია, რომ საქართველოდან ძალიან დიდი საფრთხე მოდის ქართული მაფიის სახით და რომ ქართველები პირველ ადგილზე არიან გერმანიის მასშტაბით ორგანიზებული დანაშაულებების ჩადენის რაოდენობის მიხედვით.
წერენ, რომ უამრავი ქართველი ჩამოდის ე.წ. "აზულად" (ლტოლვილად) და შემდეგ ისინი ძარცვავენ ყველაფერს, საიუველირო მაღაზიებიდან დაწყებული, აფთიაქებით დამთავრებული. წერენ, რომ ევროპა უნდა ერიდოს ამ ქვეყანას, რომ არაფრით არ შეიძლება ევროკავშირში ჩვენი შეშვება... მერე ჩაჰყვები კომენტარებს და გული გაგისკდება იმხელა აგრესიაა ქართველების მიმართ...
დღეს ჩემი გერმანელი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით, სინანულით მიგზავნიდნენ სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას. ეს ყველაფერი გულსატკენია, ასეულობით ქართველი, რომელიც აქ ცხოვრობს ცდილობს საქართველო ევროპულ საზოგადოებას საუკეთესო კუთხით დაანახოს, იღწვიან, ათას სიკარგეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ კრიმინალური შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი მონდომება.
ბუნებრივია, გამიზნულად არ ვაზიარებ არცერთს სტატიას, რომ გააზრებულად თუ გაუაზრებლად არ შევუწყო ხელი აქაურ საზოგადოებაში ჩემი ქვეყნისადმი ზიზღის გაღვივებას.
თუმცა, ჩემთვის ცოტა საეჭვოა, რომ ეს ინფორმაცია ახლა გახდა ზე-აქტუალური, როცა ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. არ მინდა ვისაუბრო ჩემს ეჭვებზე, რატომ და ვის მიერაა ეს ახლა ხელშეწყობილი, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით რა ხდება, როგორი კრიტიკული სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ გერმანიაში და ის თუ რამდენად დიდია ქართველების მიერ აქ ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა.
უბრალოდ, გთხოვთ მთელი დღის მანძილზე ნუ ატრიალებთ თქვენს გვერდზე ამ გერმანულენოვან ლინკებს, რადგან თავისდაუნებურად პიარდება ეს ინფორმაცია და ხვალ ბევრად მეტი გერმანელი შემოგვხედავს როგორც ერს და ქვეყანას ეჭვის და ზიზღის თვალით ვიდრე დღეს, თორემ ის ყველამ ვიცით, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა თითოეულ ჩვენგანს, როგორც ინდივიდს ჩვენი პირვნული მახასიათებლების დამსახურებით ნაცნობ გერმანელებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს და მსგავსმა ფაქტებმა არანაირი გავლენა არ მოახერხოს ჩვენს და მათ ურთიერთობაზე..."
არა მარტო გერმანიაში, ქართველების დანაშაულებრივი ქმედებები ევროპის ბევრ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. ცხადია, რომ ქართველებს და საქართველოს სახელს უტეხენ ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც იოლად გამდიდრების მიზნით, უამრავ დანაშაულს სჩადიან.
არ ვამბობ რომ ანგელოზები ვართ ქართველები მაგრამ არც ეგრეა საქმე.