სხვა ''დაქცეული სამოთხე "- ერთი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტის სავალალო დასასრული 2016, 25 თებერვალი, 23:39 გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მხილველი გახდა უნიკალური ექსპერიმენტისა სახელწოდებით - "ბიოსფერო-2".
1991 წლის სექტემბრის ერთ დღეს ფუტურისტულ ფორმებში გამოწყობილმა რვა ადამიანმა ხელი დაუქნია ჟურნალისტებს და მეცნიერებს და აროზონას შტატში მდებარე უდაბნოში მოთავსებულ სპეციალურ შლიუზში-კიდობანში შევიდა.
ჰაერგაუმტარი მინის გუმბათი მოიცავდა ხუთ ლანდშაფტურ მოდულს - ჯუნგლები, სავანა, ჭაობი, უდაბნო და პატარა ოკეანეც კი ლამაზი პლაჟითა და მარჯნის რიფებით. ამ სილამაზის შუაში მოთავსებული იყო სასოფლო-სამეურნეო ბლოკი, აღჭურვილი ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით, ასევე ავანგარდულ სტილში აშენებული საცხოვრებელი სახლი. ადამიანების გარდა, საექსპერიმენტო სივრცეში შეუშვეს ფაუნის 4000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის თხები, კატები, ქათმები და სხვა ცხოველები. ამ კიდობანს დამოუკიდებლად უნდა ეარსება ორი წლის განმავლობაში, ცოცხალ არსებებს უნდა ეკვებათ მხოლოდ აქ მოყვანილი მოსავლით, უნდა ესუნთქათ ჰაერით, რომელსაც შლიუზის შიგნით მოქცეული მცენარეები გამოჰყოფდნენ, უნდა გაესუფთავებინათ და გამოეყენებინათ ერთი და იგივე წყალი. ერთი სიტყვით, ეს იყო მინიატურული პლანეტა, რომელსაც არ განეცადა ტექნიკური რევოლუცია, აქ რვა განათლებულ, ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანს უნდა ეშრომა საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, უნდა ესადილა ერთად, დასვენების ჟამს მოესმინა მუსიკა და ასე შემდეგ... და ეს ყველაფერი მათ უნდა გაეკეთებინათ დიადი მიზნის, კერძოდ, მეცნიერების გულისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ პატარა სამოთხეში უწევდათ ცხოვრება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე იოლი იყო. თავდაპირველად მართლაც ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საკვლევი ადამიანები და მათი ხელმძღვანელები ფიქრობდნენ: კოლონისტები ენთუზიაზმით მუშაობდნენ ფერმებში, ამოწმებდნენ ყველა სისტემის გამართულ მუშაობას, აკვირდებოდნენ ჯუნგლების ხმაურიან ცხოვრებას, იჭერდნენ თევზს, შუადღით სხდებოდნენ თავიანთ პატარა პლაჟზე, ხოლო საღამოობით ერთად ვახშმობდნენ აივანზე. ფერმის მწვანე კვლებსა და მინის საზღვარს იქეთ მოჩანდა უკაცრიელი უდაბნო და მთაგრეხილები, რომლის უკანაც მზე ჩადიოდა. ვახშმის შემდეგ აწყობდნენ ფილოსოფიურ დისკუსიებს ან იმპროვიზებულ კონცერტებს. ბევრს მათაგანს თან ჰქონდა წამოღებული მუსიკალური ინსტრუმენტი და თუმცა მათ შორის არცერთი არ იყო პროფესიონალი მუსიკოსი, ერთობლივი ძალისხმევით მაინც არაჩვეულებრივ ავანგარდულ კონცერტებს მართავდნენ. ეს იდილია მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა. ერთ დილას "ბიოსფერო-2"-ის მთავარი მექანიკოსი ვან ტილო საუზმეზე მეტად აღელვებული გამოცხადდა. მან მეგობრებს გაანდო, რომ აქვს მეტად უცნაური და არასასიამოვნო ახალი ამბავი: ატმოსფეროს მდგომარეობის ყოველდღიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ კიდობნის დამპროექტებლები ანგარიშში შეცდნენ -ატმოსფეროში გამუდმებით კლებულობდა ჟანგადის შემცველობა და იმატებდა ნახშორორჟანგის რაოდენობა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ოდნავ იყო შესამჩნევი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდებოდა, სადგურზე არსებობა შეუძლებელი გახდებოდა. ამ დღიდან მეგობრული დამოკიდებულება რვა ადამიანს შორის დასრულდა და მათ შორის დაიწყო ბრძოლა იმ ჰაერის მოსაპოვებლად, რომლითაც ისინი სუნთქავდნენ. პირველ რიგში გადაწყდა, რომ რაც შეიძლება ინტენსიურად გაეშენებინათ მწვანე ბიომასა-მცენარეები. მთელ თავისუფალ დროს კოლონისტები მათ დარგვასა და მოვლას უთმობდნენ. მეორე, მათ მთელი ძალით აამუშავეს ნახშორორჟანგა გაზის სათადარიგო მშანთქმელი, მესამე, მოულოდნელი დამხმარე აღმოჩნდა ოკეანე, რომლის ფსკერზეც ილექებოდა ზედმეტი CO2 და ძმარმჟავად გარდაიქმნებობდა. ცუდი ის იყო, რომ ამის გამო ოკეანის მჟავიანობა სულ უფრო და უფრო იმატებდა, მაგრამ ეს უკვე მეორეხარისხოვანი პრობლემა იყო. ამ ცდებმა ბევრი სარგებელი ვერ მოიტანა- ჰაერი გუმბათის ქვეშ სულ უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა და სუნთქვა დღითიდღე ჭირდა. სულ მალე ბიონავტების წინაშე კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა: გამოირკვა, რომ ფერმას მხოლდო 80%-ით შეეძლო დაეკმაყოფილებინა კოლონისტების კვებითი მოთხოვნილებანი. მათი ყოველდღიური რაციონი (ერთნაირი მამაკაცებისა და ქალებისათვის) შეადგენდა 1700 კალორიას, რაც ნორმალურია მჯდომარე, არააქტიური შრომით დაკავებული ადამიანისათვის, მაგრამ კატასტროფულად მცირე იყო იმ დატვირთვისათვის, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებდა ''ბიოსფერო-2''- ის თითოეული მცხოვრები. თავდაპირველად სადილს შვედური მაგიდის სტილში აწყობდნენ, მაგრამ ამის გამო დაიწყო სერიოზული კონფლიქტები, ამიტომ შემდგომში უკვე თითოეულს ცალკე უდებდნენ თეფშზე გრამებში აწონილ თავის ულუფას. ადამიანები მუდამ მშივრები დგებოდნენ სუფრიდან და ოცნებობდნენ გარესამყაროში არსებულ სხვადასხვა გემრიელობებზე. საღამოს ფილოსოფიური დისკუსიები შეცვალა ოცნებებმა იმის შესახებ, თუ რას შეჭამდა თითოეული მათგანი, როცა სანატრელ თავისუფლებაზე გავიდოდა. ერთ მშვენიერ დღესაც საწყობი, სადაც ბიონავტების მთავარი სასუსნავი- ბანანები ინახებოდა, ანონიმურმა მძარცველმა გაქურდა და ამის შემდეგ იძულებული იყვნენ, ის გასაღებით დაეკეტათ. მანამ, სანამ ნარჩენებს ღორებს მისცემდნენ, ადამიანები საგულდაგულდ აცლიდნენ მას სასარგებლო ნაწილებს, ბანანისა და თხილის ნაჭუჭები უკვე დელიკატესად იქცა. ერთ საღამოს ჯეინ პონტერი, პასუხისმგებელი ფერმაზე, გამოტყდა, რომ მისთვის ექსპერიმენტის დაწყებამდეც იყო ცნობილი სასურსათო კრიზისის შესახებ. შესახლებამდე რამოდენიმე თვით ადრე მან გამოთვალა, რომ ბიონავტებს საკვები არ ეყოფოდათ, მაგრამ დოქტორ ვალფორდის (პროექტის ხელმღძვანელის) ზეგავლენით მან გადაწყვიტა, რომ ეს დიეტა სასარგებლოც კი იქნებოდა ჯანმრთელობისათვის. სხვათა შორის, დოქტორი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც არასოდეს წუწუნებდა საკვების უკმარისობის გამო. ის კვლავინდებურად ჯიუტად იცავდა საკუთარ მოსაზრებას დიეტის სარგებლიანობის შესახებ: ნახევარი წლის მშიერი დიეტის შემდეგ ბიონავტების სისხლის მიმოქცევის სისტემა მართლაც გაუმჯობესდა, დაიკლო ქოლესტერინის რაოდენობამ, გაუმჯობესდა მეტაბოლიზმი. მათ დაკარგეს სხეულის მასის 10-18% და გამოიყურებოდნენ საოცრად ახალგაზრდულად. ისინი მხიარულად უღიმოდნენ მინის კედლის გარშემო შეკრებილ ჟურნალისტებს და ცნობისმოყვარე ტურისტებს, ღებულობდნენ რა ისეთ სახეს, თითქოს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ ეს ასე სულაც არ იყო: ბიონავტები დღითიდღე სულ უფრო და უფრო ცუდად გრძობდნენ თავს. 1992 წლის ზაფხული განსაკუთრებით მძიმე გახდა კოლონისტებისათვის: მავნებლებმა ბრინჯის მთელი მოსავალი გაანადგურეს და რამოდენიმე თვის მანძილზე მათ თავი მხოლოდ ლობიოთი, ბატატით და სტაფილოთი უნდა გაეტანათ. ბეტა-კაროტინის სიჭარბის გამო მათი კანი ნარინჯისფერი გახდა. ამ უბედურებას დაემატა განსაკუთრებით ძლიერი ქვიშის ქარიშხალი, რის გამოც კიდობნის თავზე არსებული ცა თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში ღრუბლებით იყო დაფარული, რამაც ძალიან შეამცირა ჯუნგლების ფოტოსინთეზი და პარალელურად, ესოდენ ძვირფასი ჟანგბადის მარაგი. სამყარო ბიონავტების გარშემო ნელ-ნელა კარგავდა თავის სილამაზეს და ჰარმონიულობას. "უდაბნოში" ჭერზე გამუდმებული კონდენსაციის გამო გამუდმებით მოდიოდა წვიმა, რის გამოც უამრავი მცენარე დაიღუპა. უზარმაზარი, ხუთი მეტრი სიმაღლის ხეები ჯუნგლებში საოცრად დაკნინდნენ და დაპატარავდნენ, ზოგი მათგანი მოულოდნელად წაიქცეოდა ხოლმე, ანადგურებდა რა ქვეშ მოყოლილ მცენარეულ საფარს (შემდგომში, იკვლევდნენ რა ამ ფენომენს, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხეების უეცარი წაქცევის მიზეზი იყო გუმბათის ქვეშ ქარის არარსებობა, რომელიც ამაგრებს ხეების შტამს ბუნებაში). ტბაში ძალზე შემცირდა თევზის რაოდენობა, სულ უფრო ძნელი ხდებოდა ოკეანის მჟავიანობასთან გამკლავება, რის გამოც გამუდმებით იღუპებოდნენ მარჯნები). ჯუნგლებისა და სავანის ცხოველთა სამყარო დღითიდღე მცირდებოდა და მხოლოდ ტარაკნები და ჭიანჭველები გრძნობდნენ მშვენივრად თავს, მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ისინი ავსებდენ ყველას ნიშას, ნაპრალს, მათთან გამკლავება უკვე შეუძლებელი იყო. მოკლედ, ბიოსფერო ნელ-ნელა კვდებოდა. არც "სამოთხის" მკვიდრნი ყვნენ უკეთეს დღეში-ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა დღითიდღე კლებულობდა და 16%-ს შეადგენდა სტანდარტული 20 %-ის ნაცვლად. ასეთი ჰაერი მაღალი მთის გაიშვიათებული ჰაერის ანალოგიურია, თუმცა ჯანმრთელი ადამიანი კარგად ეგუება ასეთ ჰაერს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კოლონისტების ზოგადი მდგომარეობა მეტად მძიმე იყო, ამიტომ მათ გამუდმებით აწუხებდათ მთის ავადმყოფობა ( ზღვის ავადმყოფობის ანალოგი). ბიონავტები ძალიან სწრაფად იღლებოდნენ, გამუდმებით ესხმოდათ თავბრუ, მათ უკვე აღარ შეეძლოთ შეესრულებინათ სამუშაოს საჭირო რაოდენობა, მაგრამ ყველაზე მეტად ჟანგბადურმა შიმშილმა ასახვა ჰპოვა მათ მორალურ მდგომარეობაზე. ყველა მათგანი თავს დეპრესიულად, დათრგუნულად გრძნობდა, მუდამ მოღუშულები, გაღიზიანებულები და ჩაფიქრებულები იყვნენ, გუმბათის ქვეშ ყოველდღე ახალი სკანდალი ხდებოდა. კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ალანი ნებას არ რთავდა დანარჩენებს სააშკარაოზე გამოეტანათ მათი პრობლემები. ის ინარჩუნებდა ისეთ სახეს, თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. კოლონისტების ნახევარი (ორივე კაპიტანი, პიარ-დირექტორი და სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი) მას აბსოლუტურად უჭერდა მხარს, ისინი თვლიდნენ, რომ ნებისმიერი, თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად უნდა გაეტარებინათ კოლონიაში დაგეგმილი ორი წელი. ოთხი ბოინავტი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო დახმარების თხოვნა მეცნიერებისათვის გარესამყაროდან, რათა გაერკიათ, თუ რატომ კლებულობდა ჟანგბადი, ასევე ისინი მოითხოვდნენ, რომ ცოტაოდენი საკვები მაინც შეეწოდებინათ მათთვის. ჯეინ პოინტერი, ლიდერი ჯგუფისა, რომელიც დახმარების თხოვნით გამოდიოდა, ასე აღწერდა იმჟამინდელ სიტუაციას: " მე მევალებოდა ცხოველების მოვლა და ფერმის დალაგება. თავი საშინლად მიბრუოდა და ძლივს ვახერხებდი ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. დილიდან ჩვენ საუბარი გვქონდა ჩვენს მდგომარეობაზე და მე ჩემთვის ჩავილაპარაკე, რომ აქ დარჩენა და სიკვდილი რაღაც სექტანტობისმაგვარი იყო. უცებ ჩემს უკან ხმაური გავიგონე, მოვიხედე და აბიგაილი დავინახე, რომელიც რაღაცას ღეჭავდა. უცებ მან სახეში შემაფურთხა. რატომ?-დაბნეულმა ვკითხე. -კარგად იცი, რატომაც, - მიპასუხა გაბრაზებულმა და წავიდა". ამ დროს უბრალო მაყურებლებს, რომლებიც ავტობუსებით მოდიოდნენ იმის სანახავად, თუ რა ხდებოდა უზარმაზარ, ადამიანების აკვარიუმში, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რა ვნებები ბობოქრობდა იქ. ისინი დგებოდნენ მინის კედლებთან, ჭამდნენ ჰოთ-დოგებს, წრუპავდნენ "კოკა-კოლას'' და ფუტურისტულ კოსტიუმებში ჩაცმული ადამიანები მათ საოცრად დიდსულოვან და მომთმენ გმირებად მიაჩნდათ, სინამდვილეში კი ისინი დაღლილები, მშივრები, უჟანგბადობით გატანჯულები იყვნენ. 1992 წლის შემოდგომისათვის ჟანგბადის შემცველობა გუმბათის ქვეშ არსებულ ატმოსფეროში 14%-მდე შემცირდა. დოქტორმა ვალფორდმა გამოაცხადა, რომ ის იხსნიდა თავის ვალდებულებას, რადგან უჟანგბადობით გამოფიტულ მის ტვინს უბრალო აზროვნება - ორნიშნა რიცხვების გამრავლებაც კი აღარ შეეძლო. ღამ-ღამობით ბიონავტებს ხშირად ეღვიძებოდათ, რადგან ამ დროს მცენარეთა აქტიური ფოტოსინთეზი მკვეთრად კლებულობდა და მეცნიერებას შეწირული ადამიანები იგუდებოდნენ და ხველებით იხრჩობდნენ. ამ დროისათვის კიდობანში არსებული ყველა ხერხემლიანი ცხოველი დაიღუპა. ექსპერიმენტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ალენმა და ბასსმა მიიღეს გადაწყვეტილება გაეხვრიტათ კაფსულა და "ბიოსფერო-2"-ის ატმოსფერო ჟანგბადით გაემდიდრებინათ. აგრეთვე მათ ნება მისცეს ბიონავტებს გამოეყენებინათ მარცვლეულის და ბოსტნეულის ხელშეუხებელი მარაგი. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კოლონისტების მდგომარეობა, მაგრამ ორი მტრული დაჯგუფება კვლავ დარჩა ორ დაპირისპირებულ საომარ ბანაკად, მათ ერთმანეთთან კონტაქტი და საუბარიც კი შეწყვიტეს. 1993 წლის 23 სექტემბერს, როცა ბიოსფეროს დეჰერმეტიზაცია საზეიმოდ მოხდა, იქედან გამოსული ადამიანების სახეზე შეიძლებოდა მხოლოდ იმის წაკითხვა, რომ ისინი სიხარულით ტოვებდნენ ''სამოთხეს'' და რომ ბიოსფერო საცხოვრებლად უსარგებლო აღმოჩნდა. ჟურნალისტებმა, რომლებმაც გაიგეს კაგფსულის გახვრეტის და გარესამყაროდან ჟანგბადის მიღების ამბავი, ეს ფაქტი უზარმაზარ სკანდალად ააგორეს და ექსპერიმენტს მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი თაღლითობა უწოდეს. მაინც რაში მდგომარეობდა ჟანგბადის "აორთქლების" საიდუმლო?- როდესაც მეცნიერებმა ყურადღებით დაათვალიერეს სავალალო მდგომარეობაში მყოფი კიდობანი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთავარი დამნაშავე ცემენტის კედლები იყო. ჟანგბადი რეაქციაში შედიოდა ცემენტთან და ნალექის სახით ილექებოდა კედლებზე. ჟანგბადის კიდევ ერთი აქტიური მომხმარებლები იყვნენ მიწაში მყოფი ბაქტერიებიც. ბიოსფეროსათვის აარჩიეს ყველაზე ნაყოფიერმიწიანი ადგილი, რომ მასში არსებული ბუნებრივი მიკროლემენტები დიდხანს ყოფილიყო საკმარისი, მაგრამ მეცნიერებმა ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ასეთ მიწაში, როგორც წესი, ბევრია მიკროორგანიზმები, რომლებიც ისევე სუნთქავენ ჟანგბადით, როგორც ხერხემლიანები. სამეცნიერო ჟურნალებმა ეს აღმოჩენა ბიოსფეროს მიერ მოტანილ ერთადერთ და ყველაზე დიდ სარგებლობად აღიარეს. "პატარა პლანეტის" ერთ-ერთ შიგა კედელზე დღემდე შემორჩენილია ექსპერიმენტის მონაწილე ერთ-ერთი ქალის მიერ დაწერილი ფრაზა: "მხოლოდ აქ ვიგრძენით, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული გარემომცველ ბუნებაზე. თუ არ იქნება ხეები-ჩვენ ვერ ვისუნთქებთ, თუ დავაბინძურებთ წყალს - წყურვილით დავიხრჩობით". 329 9-ს მოსწონს
|