სხვა ნივთები წარსულიდან ანუ პოსტი მათთვის, ვინც სსრკ-ში დაიბადა 2016, 18 თებერვალი, 16:46 სხვადასხვა საიტზე ხეტიალისას წავაწყდი ფოტოსურათებს, რომლებმაც ჩემი ბავშვობა გამახსენა. რაღა თქმა უნდა, ნოსტალგია მომეძალა და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოგონებები წარსულზე. ისინი, ვინც საბჭოთა კავშირში არიან დაბადებულნი, აუცილებლად გამიგებენ და გაიხსენებენ უზარმაზარ, აწ უკვე გამქრალ ქვეყანას, სადაც ჩვენ სიყმაწვილის უზრუნველი წლები გავატარეთ.
1. კომუნისტური პარტიის ყრილობები...ყველაზე მეტად იმით დამამახსოვრდა, რომ საათობით მიდიოდა ტრანსლაცია ტელევიზიით და რადგან მაშინ სულ ორიოდე არხი იყო, მოუთმენლად ველოდი უსასრულო მოხსენებების დამთავრებას 2. რიგი ცივ-ცივი ბურახისათვის (თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბურახი არასოდეს გამისინჯავს, რატომღაც მისი სუნი მეზიზღებოდა) 3. ლენინი-ეს სახელი ისმოდა ყველგან და ყოველთვის 4. მაღაზიის თაროები სავსე, მყიდველები - უმნიშვნელო რაოდენობით 5. პიონერის წითელი ყელსახვევი... ძალიან მომწონდა ეს აქსესუარი, განსაკუთრებით თეთრ წინსაფარსა და თეთრ პერანგს უხდებოდა 6. საბჭოური მანქანები ...ხალხს ფული ჰქონდა, მაგრამ მანქანა ბევრისათვის მაინც მიუწვდომელი ფუფუნება იყო, წლობით უნდა ჩამდგარიყავი რიგში მის შესაძენად 7. საბჭოური ლიმონათი-ნატურალური და გემრიელი 8. ტროლეიბუსის და ავტობუსის ბილეთები და საოცრად თავაზიანი კონტროლიორები 9. ასეთ მრიცხველებს დღესაც ბევრგან ნახავთ 10. წითელი თუმნიანი და ლურჯი 25-მანეთიანი...აი ამათ ჰქონდა მსყიდველობითი უნარი, თუ ჰქონდა 11. ფასზე არ გეცინებათ? 12. ამის გემოს რა დამავიწყებს.. რა "სგუშონკა" არ მოვსინჯე, მაგრამ ის გემო ვერცერთში ვერ ვიპოვე 13. საოცარია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ პრეზერვატივებს 1955 წელსაც ამზადებდნენ საბჭოთა კავშირში.. არადა მეგონა, რომ სსრკ–ში სექსი არ არსებობდა 14. ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვის ჭიქა.. გაგეცინებათ და დღესაც მშვენივრად ვიყენებ ასეთ ჭიქებს ნამცხვრების ცხობის დროს პროდუქტების საზომად 15. რძის პაკეტები...მიუხედავად იმისა, რომ რძის რიგში უთენია უნდა ჩამდგარიყავით და კაცმა არ იცოდა, შეგხვდებოდათ თუ არა, მაინც სასიამოვნოდ მახსენდება ამ რძის არომატი 16. სკოლის ფორმები. ახლანდელი მოსწავლეები იტყვიან - ეს რა სიმახინჯეაო, ჩემი თაობისათვის კი სწორედ გაქათქათებული, გახამებული და კოხტად გატკიცინებული თეთრი წინსაფრები იყო მოდური 17. საბჭოური ტელევიზორები..მერე რა, რომ თხევადპლაზმური არ იყო. მთავარი იყო შაბათ საღამოს "ილუზიონში" საინტერესო ფილმი გაეშვათ 18. საბჭოური წარმოების მაცივარი.. დახვეწილი დიზაინი და მშრალი ყინულის კამერა სულაც არ ჰქონდა, სამაგიეროდ მუდამ სავსე იყო 19. ყავა, რომელსაც საოცარი სურნელი და გემო ჰქონდა 20. პულვერიზატორი, რომელსაც ნახავდით თითქმის ყველა სახლსა და საპარიკმახეროში 21. მაგნიტოფონი Электроника... მახსოვს, როცა ჩემს უფროს ძმას უყიდეს, ლამის საწოლშიც კი არ იშორებდა 22. კონიაკის ნაკრები, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში იყო. ისე, ერთი შეხედვით წყლის დასალევად განკუთვნილ ჭურჭელს უფრო ჰგავდა. საინტერესოა, ვინმეს დაგილევიათ აქედან კონიაკი? 23. ხორცსაკეპი მანქანა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი ხორცსაკეპი მანქანებისა, რომლებიც იწარმოებოდა სსრკ-ში. ის ახლაც ბევრ ოჯახშია შემორჩენილი 24. Montana-ს საათი - საკმაოდ მოდური საათი, რამოდენიმე მელოდიით და განათებით. ეს საათი ბევრი იმდროინდელი ბიჭის ოცნება იყო 25. ...და რაღა თქმა უნდა, "ლაღიძის წყლები". ჩემი თაობის სტუდენტობის უსაყვარლესი ადგილი კიდევ უამრავი ნივთის გახსენება შეიძლება შორეული 70-80-იანებიდან... მე არ ვამტკიცებ, რომ სსრკ-ში ყველაფერი კარგი და იდეალური იყო, მაგრამ ეს იყო უზარმაზარი ქვეყანა, რომლის შვილებიც ჩვენ ვიყავით-ბავშვები, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და ჩვენ ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. 80-იანელებო, არ მეთანხმებით? 268 8-ს მოსწონს
|