ნამცხვრები ულამაზესი 3D ნაძვის ხეები ორცხობილასგან - (რეცეპტები და ინსტრუქციები) 2015, 30 დეკემბერი, 13:29 ახალი წლისთვის ყველა ცდილობს განსაკუთრებული და ორიგინალური დესერტით დაამშვენოს სუფრა. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე იდეას თუ როგორ შეიძლება უბრალო ორცხობილისგან პატარა საახალწლო ნაძვის ხეები შევქმნათ. ამგვარი საჩუქარი სუფრასაც გაალამაზებს და ბავშვებსაც საზეიმო განწყობას შეუქმნის. რაც მთავარია, პატარები განსაკუთრებით იხალისებენ მათი მომზადებისას. პირველ რიგში გთავაზობთ უბრალო ორცობილას რეცეპტს, რომელიც ნაძვის ხეების გაკეთებისთვის დაგჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიერ გამოცდილი ნებისმიერი რეცეპტი გამოიყენოთ. მთავარია, ორცხობილა არ იყო ფუმფულა (არ გამოიყენოთ მაწონი, არაჟანი ან ხაჭო). შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლაკვერის ცომი: ინგრედიენტები: • სოდა— 1/2 ჩ.კ • შაქარი— 200 გ. • თაფლი (თხევადი) — 250 გ. • კარაქი (გამლღვალი და გაგრილებული) — 200 გ. • კვერცხი — 3 ცალი • კონიაკი — 50 მლ. • დარიჩინი — 1/4 ჩ.კ. • კოჭა (დაფქვილი) — 1/4 ჩ.კ. • ფქვილი— რასაც შეიზელს მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით. გამოვიღოთ ცომი და 1 საათი დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე. ამის შემდეგ ცომი მზადაა გამოყენებისთვის. 1. შეგვიძლია ცომს სხვადასხვა ფერის საკვები საღებავები შევურიოთ, სხვადასხვა ზომის მრგვალი ფორმები გამოვაცხოთ და სურათზე მოცემულ ნაძვის ხეებად ავაწყოთ. 2. ერთნაირი ზომის სამკუთხედებით აწყობილი ნაძვის ხეების გაკეთებაც არ არის რთული. მათი შეწებება კი მარტივად შეიძლება კარამელის საშუალებით: 1, 5 ჩ.ჭ. შაქარი და რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი დადგით მაღალ ცეცხლზე, ურიეთ, სანამ არ დაიწყებს კარამელიზებას და არ გაიკეთებს დიდ ბუშტებს. ამას სჭირდება დაახლოებით 10 წთ. გადმოდგით და სწრაფად გამოიყენეთ, რადგან ძალიან მალე ხმება. დეკორაციისთვის კი ე.წ. აისინგი გამოიყენეთ: 1 მოზრდილი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევათქვიფოთ 2 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი (აუცილებლად გაცრილი). ვთქვიფოთ მანამ, სანამ წებოვანი მასა არ გახდება. მიღებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოხატეთ ცალკული ნაწილები. ამის შემდეგ დააცადეთ, სანამ აისინგი სრულიად არ გაშრება. ამას შეიძლება რამდენიმე საათიც დასჭირდეს. იგივე პრინციპით შეგვიძლია ოთხი ერთნაირი ზომის სამკუთხედისგან გავაკეთოთ მაღალი ნაძვები. 3. ისევ წრიული ფორმებით გაკეთებული, აისინგითა და სხვადასხვა ფერის მოსაყრელებით გაფორმებული ნაძვის ხეები. 4. ამგვარი ნაძვის ხის შექმნა კი ცოტა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამისათვის მოგიწევთ რამდენიმე, სხვადასხვა ზომის ხუთქიმიანი ვარსკვლავის გამოცხობა, ერთმანეთზე შემცირებადი ზომით განლაგება და აისინგით შეწებება. შემდეგ კი შეგიძლიათ სასურველი კრემით, დეკორაციებით ან უბრალოდ ჩირთ მორთოთ. 5. ამ ულამაზესი ნაძვის ხეების გაკეთება კი შაბლონის გარეშე ვერ მოხერხდება. ამისათვის სამი დეტალის გამოჭრა დაგჭირდებათ წინასწარ გამზადებული შაბლონით, შემდეგ კი ერთმანეთში ჩამაგრება. ეს ყველაფერი ქვემოთ ინსტრუქციაში დეტალურადაა ნაჩვენები. 6. შეგიძლიათ წინა მოდელის გამარტივებული ვარიანტიც გააკეთოთ: გამოაცხვეთ ორი ერთნაირი ზომის ნაძვის ხე, პირველი დატოვეთ მთელი, მეორე კი გაჭერით ჰორიზონტალურად და ნაწილები შეაწებეთ პირველი ნაძვის ხეზე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. (შეწებებისთვის გამოიყენეთ აისინგი ან კარამელი, როგორც ზემოთ ითქვა). 411 8-ს მოსწონს
|