ნამცხვრები 10 საიდუმლო, რომელიც ფუმფულა ბისკვიტის გამოცხობაში დაგეხმარებათ 2015, 12 იანვარი, 22:45 ალბათ ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა თითქოსდა ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მაგრამ ბისკვიტი მაინც "ჩავარდა", ან უბრალოდ როგორსაც ელოდით, ისეთი ფუმფულა არ გამოვიდა. საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა უცხიმო ბისკვიტზე, რომელსაც გამოიყენებთ როგორც ტორტის, ასევე რულეტის დასამზადებლად. ამიტომ გთავაზობთ 10 ძირითად საიდუმლოს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, ბისკვიტი აუცილებლად ფუმფულა და გემრიელი გამოგივათ.
1. ინგრედიენტების ტემპერატურა ერთნაირი უნდა იყოს და რაც უფრო დაბალი, მით უკეთესი. ეს ეხება ჭურჭელსაც, რომელშიც ბისკვიტის ცომს ამზადებთ. 2. ჩაყრამდე ფქვილი აუცილებლად გაცერით, უმჯობესია, თუ რამდენჯერმე გაცრით. 3. გულმოდგინეთ განაცალკევეთ კვერცხის ცილები და გულები, რათა არც ერთი წვეთი გული არ ჩაყვეს ცილებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილები სათანადოდ არ აითქვიფება. 4. სანამ სხვა ინგრედიენტებზე მუშაობთ, კვერცხის ცილები მაცივარში გქონდეთ, ცივი უკეთესად ითქვიფება. 5. ჭურჭელს, რომელშიც კვერცხის ცილები უნდა ათქვიფოთ, წინასწარ მოაპკურეთ ძმარი ან ლიმნის წვენი, შემდეგ კი გაწმინდეთ მშრალი ხელსახოცით. ასე თავიდან აიცილებთ ჭურჭელზე ცხიმის უმცირესი ნარჩენების არსებობას. 6. ფუმფულა ბისკვიტისთვის აუცილებელია ინგრედიენტების დამატების სწორი თანმიმდევრობა: ჯერ გათქვიფეთ გათეთრებამდე კვერცხის გულები ნახევარ პორცია შაქართან და ვანილთან ერთად. ცალკე გათქვიფეთ ცილები გათეთრებამდე, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ მანამ, სანამ მყარ ბეზეს მიიღებთ. შემდეგ გულების მასას დაუმატეთ მესამედი ბეზე და ძალიან მსუბუქად, კოვზით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით მოურიეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და ისევ კოვზით კარგად აურიეთ. ბოლოს კი ისევ ქვემოდან ზემოთ მოძრაობით შეურიეთ დარჩენილი ბეზე. 7. ჰაერის ბუშტუკები რომ არ დასკდეს, ცომის დიდხანს რევა არ შეიძლება. მალევე გადაიტანეთ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხვეთ 30-35 წთ. 8. ღუმელი აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს გახურებული 180 გრადუსამდე. თუ გამზადებულ ცომს დაცდა მოუწია, ბისკვიტი ფუმფულა აღარ გამოვა. 9. პირველი 20-25 წუთი ღუმელი არ გააღოთ, თორემ ბისკვიტი ჩავარდება. 10. მზა ბისკვიტი ძალიან ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან, დააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ მინიმუმ 8 საათი ოთახის ტემპერატურაზე. 10613 7-ს მოსწონს
|