x
image
natia.a
"პრიანიკის" ტორტი ბანანით (ცხობის გარეშე)
image

გთავაზობთ უმარტივესი, მაგრამ ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტს, რაც განსაკუთრებით გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ან დრო არ გაქვთ გაზქურასთან ფუსფუსის. ამ ტორტის ძირითად ინგრედიენტებს ე.წ. "პრიანიკები", ბანანი და არაჟანი წარმოადგენს. "პრიანიკები" ამ შემთხვევაში უმჯობესია იყოს შოკოლადის, რაც თითქმის ყველა მარკეტში გვხვდება.


საჭირო ინგრედიენტები:


500 გრ. შოკოლადის "პრიანიკები"

500 გ. არაჟანი


100 გ. შაქრის პუდრი

2 ცალი ბანანი

ნიგოზი გემოვნებით

გახეხილი შოკოლადი მოსართავად


შენიშვნა:


ბანანის მაგივრად ან მასთან ერთად შეგიძლიათ სხვა ხილი გამოიყენოთ. ნიგოზი, სურვილისამებრ, შეგიძლიათ საერთოდ არ გამოიყენოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ასევე ქიშმიში და სხვა წვრილად დაჭრილი ჩირი. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.


მომზადება:


არაჟანი და შაქრის პუდრი ავურიოთ.


ჰორიზონტალურად დავჭრათ "პრიანიკები". დავჭრათ ბანანი.


ფორმაში, რომელშიც ტორტი უნდა ავაწყოთ, ჩავაფინოთ საკონდიტრო ცელოფანი ისე, რომ ზემოდან გადასაფარებლადაც დაგვრჩეს. "პრიანიკის" თითო ნაჭერი ამოვავლოთ არაჟანში და ჩავაწყოთ ფორმაში. დარჩენილ გვერდებს ისევ "პრიანიკის" ნატეხებით ამოვავსებთ.


მეორე ფენად დავაწყობთ ბანანს, შემდეგ ისევ "პრიანიკს" და ა.შ. სანამ ფორმა არ გაივსება. ამგვარად არაჟანში ამოვლებული "პრიანიკი" იძენს ჩვეულებრივი შოკოლადის ბისკვიტის გემოს.


ბოლოს მოვაყაროთ ნიგოზი. გადავაფაროთ ზემოდან ცელოფანი და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3 საათით, შეგვიძლია მთელი ღამე დავტოვოთ.


მაცივრიდან გამოღების შემდეგ გადავაბრუნოთ ლანგარზე, მოვხსნათ ცელოფანი და ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი, ნიგოზი და ა.შ. ჩვენი ფანტაზიით.


imageimageimageimage
imageimage





შენიშვნა: მომზადების უფრო გასამარტივებლად, შეგვიძლია "პრიანიკი" დავჭრათ კუბიკებად და დაჭრილ ბანანთან და ნიგოზთან ერთად უბრალოდ ავურიოთ არაჟანში. ეს ნარევი ჩავასხათ ცელოფნიან ფორმაში და ასე გავაცივოთ. დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად.









0
342
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0