"გვინდა გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს"-"ნიჭიერის" გუნდი განცხადებას ავრცელებს.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის მუსიკალური ტელეპროექტი "ნიჭიერი" ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული მეგა-შოუა. მეექვსე სეზონის პირველ გადაცემას დიდი რეიტინგი ჰქონდა. ერთ-ერთი კონკურსანტის, ჟანა წითულაურის გამოსვლის გამო პროექტი სკანდალში გაეხვა. ჟანას მეზობელი "ნიჭიერის" ხელმძღვანელობას ბრალს დებდა იმაში, რომ ფსიქიურად არამყარი გოგონა მოტყუებით მიიყვანეს
შოუში. ამ აჟიოჟატთან დაკავშირებით "ნიჭიერის" გუნდი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
"გვინდა გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა "ნიჭიერში."
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრეკასტინგზე.
უფრო დეტალურად: "ნიჭიერის" პრეკასტინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა "რუსთავი2"-ის რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრეს სტატუსით და იქიდან გამოსულმა გაიგო "ნიჭიერის" პრეკასტინგის შესახებ, შემდეგ კი დაცვას ჰკითხა, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი, სადაც ტარდებოდა პრეკასტინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.
პრეკასტინგზე მოსულმა ჟანამ განაცხადა, რომ ის არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით მიიღო მონაწილეობა "ნიჭიერში", როგორც მომღერალმა.
რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში.
"ნიჭიერის" გუნდი."