რამდენიმე დღის წინ ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით ხობის ტაძარში გადატანის თხოვნით ხობისა და ფოთის ეპარქიამ კულტურის სამინისტროს მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო. გადაწყდა, რომ 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადააბრძანებენ.
კვართის ერთი დღით მახათას მთაზე განთავსების სურვილი ცოტა ხნის წინ პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა. თუმცა ამისათვის სმინისტროსგან ნებართვის აღება მსოფლიო ბანს არასწორად მიაჩნია, რადგან თვლის, რომ კვართი "არ ეკუთვნის კულტურის სამინისტროს, ის ეკუთვნის ზუგდიდს" და ნებართვაც სწორედ მეგრელებმა უნდა მისცენ.
პაატა ბურჭულაძის ამ განცხადებამ მორწმუნე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უარყოფითად შეხვდა მას საპატრიარქოც, რომელმაც გუშინ თავის ვებ-გვერდზე ოფიციალური განხცადება გამოაქვეყნა და საკუარი პოზიცია დააფიქსირა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში:
"ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ ზუგდიდელებთან ახლახანს გაკეთებულმა შეთავაზებამ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, ა.წ. 21 სექტემბერს ჩამობრძანების შესახებ, ამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა, რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს ნათქვამი საქართველოს საპატრიარქოსთან დააკავშირა.
ვაცხადებთ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ გახმოვანებული ზემოაღნიშნული აზრი არის მისი იდეა. ასეთ თემებზე კი ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებელად და მიუღებელად მიგვაჩნია. რაც შეეხება ღვთისმშობლის შობის დღეს (21 სექტემბერი) ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადაბრძანების სურვილს, ამისი საფუძველი, მართალია, არსებობს, რადგან ისტორიულად ეს სიწმინდე ხობის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან არ შეიძლება ეს პროცესი გაუგებრობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდეს, არამედ ლიტანიობით უნდა აღესრულოს და საერთო სიყვარულითა და სიხარულით უნდა იყოს მოცული.
ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ.
" - ვკითხულობთ საპატრირქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.