სხვა რატომ კბენენ კოღოები მხოლოდ ზოგ ადამიანს და ზოგს - არა? 2015, 29 ივლისი, 20:33 არსებობს უამრავი თეორია, თუ რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს და არ ეკარებიან სხვებს. ერთი მოსაზრების მიხედვით, კოღოებს მოსწონთ ლუდის მსმელი, დიდი გაბარიტების მქონე ადამიანები, რომლებიც შესაბამისად დიდი რაოდენობის ნახშირმჟავა გაზს და ოფლს გამოყოფენ, თუმცა ეს აზრი სიმართლეს არ შეეფერება. მეორე ვერსიით, კოღოები გარკვეული ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ირჩევენ... მოდით გავარკვიოთ, სად იმალება ჭეშმარიტება - მაინც რატომ კბებენ კოღოები ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ასე გამწარებით? ( საკუთარი თავი წარმოვიდგინე კოღოებთან უთანასწორო ბრძოლაში გართული).
ერთი რამ ცხადზე ცხადია: გენეტიკა და სხეულის ქიმია-ესაა გასაღები ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ყოველი მეათე ადამიანი კოღოებისათვის მიმზიდველია. პირველ რიგში გავარკვიოთ, რა უნდათ კოღოებს, როცა ჩვენ სხეულს დააცხრებიან? ყოველგვარი სექსიზმის გარეშე აქსიომაა ის ფაქტი, რომ იკბინებიან მხოლოდ დედალი კოღოები, რადგან კვერცხების საკვებად და შთამომავლობის გასაჩენად მათ აუცილებლად სჭირდებათ ძუძუმწოვრების სისხლი. მსოფლიოში ცნობილი ყველა ჯიშის მამრი კოღო მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება და სისხლის წოვას არ ახდენს. დედალი კოღოები მეტად ფრთხილი არიან თავიანთი მსხვერპლის შერჩევაში და მომავალი თაობისათვის ისინი მხოლოდ საუკეთესო სისხლს ეძებენ. როგორც ცნობილია, თითოეულ ადამიანს აქვს მხოლოდ მისი სხეულისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. კოღოებმა ზუსტად იციან, როგორია მათი საყვარელი "არომატი". მათ ის შეუძლიათ შეიგრძნონ ოცდაათი მეტრი მანძილიდან. აბა წარმოიდგინეთ, ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით ას ტრილიონამდე მიკრობი იმყოფება. ჩვენ გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი საკუთარი მიკრობული ხელწერა, რომელიც ძირითადად გენეტიკით განისაზღვრება. ეს მიკრობები-ჩვენი იმუნური სისტემის განმსაზღვრელები არიან. ამიტომ დაიმახსოვრეთ, ზედმეტად ხშირი წყლის პროცედურები სულაც არაა სასარგებლო თქვენი სხეულისათვის, მითუმეტეს, რომ მას არ შეუძლია გააქროს თქვენი სხეულის დამახასიათებელი სუნი, რაც ასე იზიდავს კოღოებს. და კიდევ, გახსოვდეთ, რომ თუ კოღოს თქვენი სუნი მოეწონება, ის თავს არაფრით არ დაგანებებთ (საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით). გარდა ამისა, ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის სისხლის ჯგუფი: კოღოები I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ორჯერ უფრო ხშირად "სტუმრობენ", ვიდრე სხვა ჯგუფებისას. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანების 85% მისდაუნებურად თავად იზიდავს ამ აბეზარ მწერებს. საგულისხმოა ისიც, რომ განსაზღვრული პროდუქტები, მაგალითად, ყველი, იოგურტი, სოია, დამწნილებული პროდუქტები, სახაროზის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები ფიზიკურ აქტივობასთან ერთად იწვევს ჩვენს კანზე ჭარბი რძემჟავას გამოყოფას, რაც თავისკენ იზიდავს სისხლისმწოველ მწერებს. ის, რომ კოღოებისათვის აბსოლუტურად არამიმზიდველი გახდეთ - შეუძლებელია. ერთადერთი, რაც გვეხელეწიფება, ისაა, რომ როგორმე დავიცვათ თავი ამ აბეზარი მკბენარებისაგან: დავიფაროთ სხეულის რაც შეიძლება მეტი ნაწილი ტანსაცმლით, არ დავჯდეთ საღამოობით გარეთ, როცა კოღოები ყველაზე მეტად არიან აქტიურნი და რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ დამცავი კრემები, არომატული ეთერზეთები და მწერების საწინააღმდეგო სპრეი. კარგ ეფექტს იძლევა გაჭრილი ლიმონის გამოყენებაც. ბოლოს, მინდა ყველას გისურვოთ სასიამოვნო ზაფხული ყოველგვარი ბუზების, კოღოების, კრაზანების, ქვეწარმავლების და სხვა შემზარავი არსებების გარეშე. 922 10-ს მოსწონს
|