ჰოლანდიის ნაკრებისა და იტალიური “მილანის” ლეგენდარული ფეხბურთელი რუუდ გულიტი იტალიელ ჟურნალისტებს ესაუბრა. მეტწილად, საუბრის თემა იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები და “მილანი” გახლდათ.
“ინგლისში ბევრ კლუბს უცხოელი მეპატრონე ჰყავს, მომავალი ასეთია და ტრაგედია არ იქნება თუ “მილანს” ჩინელი მეპატრონე ეყოლება, მაგრამ არ მგონია, რომ სილვიო ბერლუსკონიმ “როსონერი” სრულად დატოვოს. იგი ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტია და იმედი მაქვს, რომ გუნდში დარჩება.
იტალიაში ძველი სტადიონებია და ცოტა ფული. “მილანმა” გადაწყვიტა ვარსკვლავები გაეყიდა და აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. ეს გზა რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ შედეგის ჩვენებას დრო უნდა. “მილანის” გულშემატკივრები მისტირიან ძველ დროს, თუმცა გუნდი დაუბრუნდება თავის ძველ დიდებას.
“იუვენტუსი” ადრე თამაშობდა ძველ სტადიონზე, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევდა და ბოლომდე არც ივსებოდა. ახლა კი ახალი, თანამედროვე არენა აქვს, რომელიც გაცილებით მეტს იტევს და სულ სავსეა. ამან კი გუნდისთვის ახალი სტიმული და ახალი ატმოსფერო მოიტანა. პრობლემა სწორედ ესაა – იტალიელ გულშემატკივრებს ურჩევნიათ თამაშებს ტელევიზორში უყურონ, ვიდრე მოძველებული სტადიონებიდან. ყველა იტალიურმა გუნდმა “იუვეს” გზა უნდა გაიაროს, მათ შორის “მილანმაც”, რადგან გუნდი თამაშობს 70 ათასიან სტადიონზე, თუმცა ტრიბუნებზე მხოლოდ 20 ათასი მაყურებელია”, - ამბობს გულიტი.
რუუდ გულიტი 80-იანი და 90-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო. “როსონერისთან” ერთად ჩემპიონთა თასი მას ზედიზედ ორჯერ – 1989 და 1990 წლებში აქვს მოგებული. 1988 წლეს კი თავის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.
გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge