რომის “ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ბოლო დროს ევროპულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიროსლავ კლოზესთან კლუბის ხელმძღვანელობას და მწვრთნელს კონფლიქტი არ აქვს.
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა “ვარეზესთან” იტალიის თასის გათამაშების მატჩში მონაწილეობა არ მიიღო. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ კლოზე სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და ამის გამო კლუბთან კონფლიქტი აქვს.
“მედიის მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი და თავიდან ბოლომდე უარვყოფ ამ ინფორმაციას”, – განაცხადა ლოტიტომ.
მიმდინარე სეზონში მიროსლავ კლოზემ 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 36 წლის თავდამსხმელი მოედანზე საშუალოდ 35 წუთს ატარებს. ბუნებრივია კლოზე ასაკთან მიმართებაში შედეგიანად თამაშობს და მეტი სათამაშო დროის მოთხოვნა სამართლიანია. გერმანელს “ლაციოსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge