უეფამ ერთა ლიგის ფორმატი გამოამზეურა, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან ეროვნული ნაკრებების ამხანაგური თამაშების უმრავლესობას შეცვლის.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური საიტის ცნობით, ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბრ-ნოემბერში ჩატარდება. მასში იქნება ოთხი დივიზიონი, რომლებიც თავის მხრივ დაიყოფიან სამ-ოთხგუნდიან ჯგუფებად. პირველი გათამაშებისთვის გუნდების დივიზიონებში გადანაწილება 2017 წლის 15 ნოემბრისთვის რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით მოხდება.
თითოეული დივიზიონის ჯგუფის ოთხი გამარჯვებული, მომავალ გათამაშებას (2020 წელს) რანგით მაღალ დივიზიონში დაიწყებს, ხოლო ოთხი უარესი ერთი საფეხურით დაქვეითდება. გარდა ამისა, 2019 წლის ივნისში ერთა ლიგის ფინალური ტურნირი ჩატარდება, რომელშიც უმაღლესი დივიზიონის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას. ის პლეი ოფის სისტემით გაიმართება და გუნდები ნახევაფრინალებსა და ფინალს ითამაშებენ. დასკვნითი ეტაპის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გაირკვევა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge