x
image
worldsport.ge
ჭიდაობა დოპინგთან ახალი წესებით იბრძოლებს

image2015 წლის 1 იანვრიდან, დოპინგ-სკანდალში გახვეული მოჭიდავე 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. აქამდე არსებული სასჯელის გაორმაგების გადაწყვეტილება ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიო ფედერაციამ ახლახან მიიღო და უკვე ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფედერაციის პრეზიდენტ ნენად ლალოვიჩის კომენტარიც გამოაქვეყნა.
"დოპინგი არა მარტო ჭიდაობის, არამედ მთლიანად სპორტის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მასთან ბრძოლა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ახალი კოდექსის დახმარებით, გარდა იმისა, რომ სანქციას გავამკაცრებთ, საგრძნობლად გავზრდით დოპინგ-სინჯების რაოდენობას. ასევე გაიზრდება ფინანსური ჯარიმებიც. 4 წლით აქტიურ სპორტს ჩამოცილება პრაქტიკულად კარიერის დასრულებას ნიშნავს. ამიტომ, ვაფრთხილებ მოჭიდავეებს, მაქსიმალურად პატიოსნად აკეთონ თავიანთი საქმე და სუფთად იბრძოლონ წარმატებების მისაღწევად” – აცხადებს ნენად ლალოვიჩი.
მთავარი სანქციის გაორმაგების პარალელურად, პირიქით შემსუბუქდება სანქცია იმ სპორტსმენების მიმართ, ვინც ზედიზედ სამ დოპინგ-სინჯს გამოტოვებს. ამჟამად აღნიშნული დარღვევისთვის წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია მოქმედებს. 2015 წლიდან სასჯელის ვადა 1 წლამდე შემცირდება.
საჭიდაო სამყაროში დოპინგთან დაკავშირებული ბოლო ორი შემთხვევიდან ერთი ქართველ სპორტსმენს უკავშირდება – თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დისციპლინარებმა აგვისტოში ხორვატიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ დასაჯეს, მას შემდეგ, რაც მის სისხლში აკრძალული პრეპარატის პრედუქტალის კვალი აღმოაჩინეს. მალევე გაირკვა, რომ პეტრიაშვილი პრედუქტალს მხოლოდ მკურნალობის მიზნით სვამდა და მსოფლიო ფედერაციამ სტანდარტული სასჯელისგან თავი შეიკავა – სპორტსმენს ორწლიანი სანქციის ნაცვლად ნახევარწლიანი უქმობა გამოუწერა. იანვრიდან ასამოქმედებელი წესების მიხედვით, მსგავსი გამამართლებელი საბუთის არსებობის შემთხვევაში სპორტსმენს 2-წლიან დისკვალიფიკაციას შეუფარდებენ. საბუთის არარსებობის შემთხვევაში კი, 4 წლით მოკვეთენ.



ვასილ მშვილდაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0