საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოს ოლიმპიურ ცენტრ სერხაჯში გამართულ მუშვიგ ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა. შაკო ბედინიდისის გუნდი აზერბაიჯანულ ხალიჩაზე გაფართოებული შემადგენლობით გავიდა.
ყველაზე შედეგიანად გივი მაჭარაშვილმა (100 კგ) იჭიდავა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. ფინალში მაჭარაშვილმა მასპინძელი იქბალ ჰაჩიზადე დაამარცხა. ამავე წონაში ჯონი პეტრიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 85 კილოგრამში მოჭიდავე ზაურ ბერაძემ.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილოება აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, ყაზახეთის, უზბეკეთის და საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა მიიღეს.
“ამჯერად შარშანდელი სეზონით ვიხელმძღვანელეთ და შანსი ნაკრების მთავარ კანდიდატებს მივეცით. წლევანდელ ევროპირველობაზე დასაყენებელ განაცხადს კი ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შევავსებთ, რომელიც 22-24 თებერვალს გაიმართება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.
ჭაბუკებს შორის ევროპის 2014 წლის ჩემპიონატი 6-11 მაისს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში შედგება. მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კი 15-20 ივლისს, სლოვაკეთის ქალაქ სნინაში გამოვლინდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge