x
image
worldsport.ge
ვერცხლი და ორი ბრინჯაო ბაქოდან

imageსაქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ბაქოში ჩატარებულ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე, ოქროს გრან პრიზე, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა, აზერბაიჯანში 16 სპორტსმენი იახლა და მათგან საპრიზო სამეულში შესვლა, მხოლოდ 3-მა შეძლო. ყველაზე შედეგიანად იაკობ ქაჯაიამ (120 კგ) იჭიდავა – მეორე ადგილი დაიკავა. უშანგი ჩიტიაშვილი (74 კგ) და ბექა როყვა (96 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
იაკობ ქაჯაიამ პირველ შეხვედრაში რუს ვასილი პარშინს სძლია (6:5), შემდეგ ირანელი ბეჰნამ ნეჰდიზადეჰი (1:0) და თურქი ატილა გიუზელიც (3:1) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ საბაჰი სარიატთან ვეღარას გახდა (1:7).
უშანგი ჩიტიაშვილმა ძირითად ბადეში უკრაინელი ოსმან სალიევის ჩამოშორების შემდეგ (7:0), ოქრო ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან წაგებით (0:5) დაკარგა. ბრინჯაოს გზაზე კი, თურქი ფათიჰ ჩენგიზი (8:2) და რუსეთის ნაკრების წევრი ზელიმხან მუდაევი (6:5) ჩამოიცილა.
ბექა როყვა პირველსავე წრეში დამარცხდა ნორვეგიელ მარტინ ჰამლეტ ნილსენთან (0:6) და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჯერ ირანელ სეიედმოსტაფა სალეჰიზადეჰს აჯობა (4:2), ხოლო “ბრინჯაოს ფინალში”, თანაგუნდელ მიხეილ ქაჯაიას სძლია (7:0). ამ უკანასკნელის მსგავსად, კვარცხლბეკამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ რევაზ ლაშხს (66 კგ), მანუჩარ ცხადაიას (74 კგ), გიორგი ცირეკიძესა და რევაზ ნადარეიშვილს (ორივე 84 კგ). რეპეშაჟის ფინალში, ლაშხმა ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან წააგო (0:3), ცხადაიამ უკრაინელ მიკოლა დარაგანთან (2:3), ცირეკიძემ აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამადოვთან (1:7), ხოლო ნადარეიშვილმა უნგრელ ვიკტორ ლორინცთან (5:6).
დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე გიორგი ლომინაძე (55 კგ), ლაშა გოგიტაძე (60 კგ), მარად აბულაძე, გიორგი დავითაია (ორივე 66 კგ), ნიკოლოზ კელასოვი (84 კგ), ირაკლი ქაჯაია (96 კგ), შოთა გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძეც (ორივე 120 კგ) გავიდნენ, მაგრამ ყველა საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები, საერთო გუნდურ ჩათვლაში, 60 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონმა აზერბაიჯანმა ზუსტად ორჯერ მეტი დააგროვა. მესამე-მეოთხე პოზიციები რუსეთმა და თურქეთმა დაიკავეს 34 და 32 ქულით.
ხვალ, ბაქოს ხალიჩაზე ქალები გავლენ, ზეგ კი, მედლებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაითამაშებენ და საქმეში რევაზ მინდორაშვილის გუნდიც ჩაერთვება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
49
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
49
  
2013, 23 ნოემბერი, 2:56
საამაყოა :)
0 1 1