x
image
ნოდარ ჯოჯუა
გიგი უგულავა კახა ბენდუქიძეს იხსენებს-მშვიდობით მეგობარო!
imageთბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, მატროსოვის ციხიდან, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.


გიგი უგულავას თქმით, მას ძალიან უჭირს, რომ კახა ბენდუქიძე ცოცხალი აღარ არის.


"იაპონიაში პრეზიდენტის ვიზიტისას ერთად ვიყავით. ქუჩაში შემთხვევით გამვლელი იაპონელები განსაკუთრებული მოწიწებით მოდიოდნენ და კახას მუცელზე დაუკითხავად თავს, ლოყას და ხელებს ადებდნენ. თითქოს ემთხვეოდნენ. თავიდან გაერთო, მერე მობეზრდა და გაბრაზდა, რას გადამეკიდა ეს ხალხიო. საბოლოოდ გაირკვა, რომ იაპონიაში მსუქანი კაცი კეთილდღეობისა და მშვიდობის მომტანია. და მასაც, როგორც ღვთაებას ემთხვეოდნენ. ძალიან სასაცილო და საყვარელი სანახავი იყო, როცა მობეზრდებოდა და ბუზღუნს იწყებდა. პირველად მაშინ თქვა ფრაზა: "ო მიშა შენ რა გითხარი, ამ სიშორეზე სად წამომიყვანეო." "ო, მიშა შენ რა გითხარი." "შემდგომში მფრინავ ფრაზად იქცა ეს. მაგალითად: "ეს მინისტრად რამ დაგანიშნინა?!" სულ ბოლოს მისი სახალისო ფრაზით ასრულებდა: "ო, მიშა შენ რა გითხარი, ეს რა ხალხი მოიყვანე, რა ხალხი!" კახასთან შეუძლებელი იყო ურთიერთობა კამათის და შემდეგ ჩხუბის გარეშე. ყველა რეფორმა ასე მიიწეოდა წინ. ყოველი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, მე მქონდა საპატიო მისია-შერიგების ორგანიზება. შერიგების მისიას ვიწყებდი ორბელიანის ფრაზით ნათქვამს ილია ჭავჭავაძის მიმართ: "ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი." მისია წარმატებით და მშვიდობით სრულდებოდა კახასთან, მისივე რეცეპტით მომზადებული და ქალბატონი რუსუდანის მიერ გაწყობილი სუფრით. ბოლოჯერ, დაპატიმრებადმდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. წამოსვლისას ეზომდე გამომაცილა, გამომშვიდობებისას იაპონია გამახსენდა და თავი გვერდულად მუცელზე დავადე, როგორც კეთილ ღვთაებას. გაეცინა და მითხრა, შენ ეგ არ გიშველის, მაინც დაგიჭერს ბიძინა, მაგრამ არაუშავს, ახალგაზრდა ხარ და გაუძლებ, მე ვიკითხოო!

მას შემდეგ აღარ მინახავს. უკვე აქედან, მატროსოვიდან წერილი მივწერე ბევრი "სმაილით". მართალია, მისი აქ, ციხეში ყოფნა წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. პასუხი აღარ მიმიღია.


მშვიდობით ჩემო მეგობარო! მე ვიცი, რომ გავა არც ისე ბევრი წელიწადი და ორ "ბურთივით მრგვალ ლიბერალს" შორის შთამომავლობა ძალიან ბევრს იპოვის საერთოს, განსხვავებას კი ძალიან ცოტას! ბევრი სმაილით გემშვიდობები, "–წერს გიგი უგულავა "ფეისბუკის" პირად გვერდზე.


0
698
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
698
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0