სხვა საშიში არქეოლოგია ანუ შემზარავი და სულისშემძვრელი აღმოჩენები 2014, 28 ოქტომბერი, 15:46 გამოცანები და იდუმალი მოვლენები არქეოლოგიის სფეროში იშვიათობას არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს შემთხვევითი აღმოჩენები, რომლებიც შემზარავია და საშინელი. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგები ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ვისი შეშინებაც არაა ეგრე იოლი, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ხანდახან ისეთ რამეს წააწყდებიან გათხრების დროს, რაც ამ ვაჟკაცური სულის ადამიანებსაც კი აგდებს შოკში. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ექვსი ასეთი შემზარავი ნაპოვნი არქეოლოგიის ისტორიაში.
1. მოჭრილი ხელებით სავსე ორმოები 3500 წელზე მეტი ხნის წინათ დაარსებული ულამაზესი ძვლეგვიპტური ქალაქის არასის სასახლის ნანგრევებში წარმოებული გათხრების დროს არქეოლოგებმა იპოვეს 4 ორმო. ამ ორმოებში არ იყო ადამიანის ჩონჩხები, იქ მხოლოდ უამრავი მოჭრილი ხელის მტევანი იდო. გათხრების ხელმღძვანელის მანფრედ ბიტაკის თქმით, ხელის მტევნების უმეტესობა საკმაოდ დიდი ზომისა იყო და სავარაუდოდ ზრდასრულ მამაკაცებს ეკუთვნოდათ. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად ყველა ხელის მტევანი მარჯვენა ხელისა იყო. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ძველეგვიპტურ ტრადიციასთან, რომლის მიხედვითაც ბრძოლებში გამარჯვებული ჯარისკაცები დამარცხებული და ტყვედ აყვანილი მტრის ჯარისკაცებს აჭრიდნენ მარჯვენა ხელს და შემდეგ ამ ხელებს სიამაყით წარუდგენდნენ თავიანთ მეთაურებს, რისთვისაც შექებასა და ჯილდოს იმსახურებდნენ. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი თხრიდნენ ღრმა ორმოს და ხელის მტევნებს შიგ ყრიდნენ. 2. მუმიები გაყინული ბავშვებისა, რომლებსაც მსხვერპლად სწირავდნენ ინკების ხალხებს ჰქონდათ განსაკუთრებული ტრადიცია, სახელად "კაპაკოჩა", რომლისათვისაც განსაკუთრებით ლამაზ ბავშვებს არჩევდნენ. მათ საკმაოდ მძიმე ხვედრი ელოდათ: ბავშვები უნდა ასულიყვნენ ანდების მთების მწვერვალზე და იქ უნდა გაყინულიყვნენ, რათა საკუთარი თავი ღმერთებისათვის შეეწირათ. ეს რიტუალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების, ან ბუნებრივი სტიქიების (გვალვა, წყალდიდობა, მიწისძვრა) შეჩერების მიზნით ტარდებოდა, ხანდახან კი მის აღსასრულებლად უბრალოდ ტომის ბელადის სურვილიც საკმარისი იყო. ითვლებოდა, რომ ბავშვი, რომელიც მსხვერპლად შეეწირებოდა, ხდებოდა ღმერთის ტოლი და სამუდამო უკვდავებას მოიპოვებდა. ყველაზე დიდი აღმოჩენა ამ რიტუალის მსხვერპლებისა მოხდა 1999 წელს, როცა ვულკან ლიუიალიიკოს მწვერვალზე, არგენტინისა და ჩილის საზღვარზე არქეოლოგების ჯგუფმა გამოქვებული იპოვა. მათ გადასწიეს ქვა, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელს ფარავდა და თითქოს ინკების სამეფოში აღმოჩნდენ. გამოქვაბულში ხელუხლებლად ელაგა მსხვერპლშეწირვის ცერემონიისათვის განკუთვნილი უამრავი საგანი და რაც ყველაზე მთავარია, აქ იყო შესანიშნავად შენახული 3 ბავშვის გაყინული მუმია, რომელთაც ტანსაცმელიც კი მშვენივრად ჰქონდათ შენარჩუნებული. 3. ასაწყობი "პაზლი" ჩონჩხებისაგან 2000 წლის დასაწყისში შოტლანდიაში, ბრინჯაოს ხანის დასახლებაში წარმოებული გათხრების დროს არქეოლოგებმა იპოვეს ორი საკმაოდ კარგად შენახული ჩონჩხი. მალე გამოირკვა რომ ეს ჩონჩხები მამაკაცსა და ქალს ეკუთვნოდა. სწავლობდა რა 10 წლის მანძილზე ამ ჩონჩხებს მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ტერი ბრაუნი, ის მიხვდა, თუ რაში მდგომარეობდა საიდუმლო, რაც მოსვენებს არ აძლევდა ამ ხნის მანძილზე: რამოდენიმე ძვალი არცერთ ჩონჩხს არ ეკუთვნოდა. მაშინ ბრაუნმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ძვლების დნმ ანალიზი. იმან, რაც ამ კვლევით დადგინდა, შეაძრწუნა ბევრისმნახველი პროფესორი: თურმე არქეოლოგებს სულაც არ უპოვნიათ ორი ჩონჩხი, მათი ნაპოვნი ექვსი ადამიანის ჩონჩხისაგან გულმოდგინედ აწყობილი ორი "პაზლი" იყო. მოგვიანებით გამოირკვა, რომ ამ ორი ჩონჩხის აწყობამდე სხეულები დაფლული იქნა ტორფნარში, რადგან ითვლება, რომ ჭაობის ტორფი შესანიშნავად ახდენს მუმიფიცირებას, ხოლო შემდეგ ექვსი ადამიანის ჩონჩხისაგან იქნა აწყობილი ის ორი ჩონჩხი, რამაც მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. თუ რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი უძველესმა ადამიანებმა, ეს ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. 4. კანიბალების შემოსევა 1994 წელს ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში მდებარე გამოქვაბულთა სისტემის ელ სიდრონის ბნელ სიღრმეებში მეცნიერებმა იპოვეს 12 ნეანდერტალელის მუმიფიცირებული სხეული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ იყო უბრალოდ, შემთხვევით ერთად მოხვედრილი 12 ადამიანი. აქ იყო მთელი ოჯახი: სამი ბავშვი, სამი მოზარდი და ექვსი ზრდასრული ადამიანი. არავითარი კვალი არ ჩანდა იმისა, რომ ეს 12 ადამიანი აქ დაასაფლავეს. ყველა მოკვდა ერდროულად, მოულოდნელად. მაინც რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი: წყალდიდობა? სრულებითაც არა. მათი სიკვდილის მიზეზი სხვა ნეანდერტალელები იყვნენ. ისინი უბრალოდ შეჭამეს კანიბალებმა. მათი ძვლებიდან ამოცლილი იყო ძვლის ტვინი, ხოლო თავიდან - თავის ტვინი და ენა. თუ ეს ისტორია არასაკმარისად შემზარავად გეჩვენებათ, დავამატებ კიდევ ერთს: გამოქვაბულში არანაირი ცეცხლის კვალი არ აღმოჩნდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი უმად შეჭამეს. 5. ორმო გენოციდის მსხვერპლთათვის კოლორადოს წმინდა მთის ხეობაში მდებარეობდა უძველესი ინდური დასახლება, რომელიც 22 პრიმიტიული საცხოვრებლისაგან შედგებოდა. თუ სიტყვა "პრიმიტიული საცხოვრებელი" თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაშინ განგიმარტავთ, რომ ეს არის უბრალოდ მიწაში ამოთხრილი ორმო, რომელსაც ხის ტოტები აქვს წაფარებული. ერთხელ არქეოლოგები, რომლებიც აქ აღმოჩენილ თიხის ქოთნებს და ძველ სამუშაო იარაღებს აგროვებდნენ, წააწყდნენ ასეთ ამოცანას: ამ საცხოვრებლებში მათ იპოვეს 33 ადამიანის გვამი, რომლებიც პატარა ნაჭრებად იყო დაჩეხილი. როგორც შემდგომში გამოირკვა, ამ გვამების 15 000-მდე სხეულის ფრაგმენტი იყო მიმობნეული სხვადასხვა საცხოვრებელ ორმოებში. თუ მკითხველი მათემატიკასთან მწყრალადაა, ავუხსნი: ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სხეული დაახლოებით 450 ნაჭრად იყო დანაწევრებული. გვამები დაჩეხილი იყო ნაჯახით, რომელიც აქვე იყო ნაპოვნი. გამოირკვა აგრეთვე, რომ მანამ, სანამ ამ ხალხს დახოცავდნენ, მათ ყელი გამოჭრეს. მაინც რა მოხდა ამ იდუმალდ დასახლებაში: დნმ ანალიზმა აჩვენა, რომ ეს 33 ადამიანი არ იყვნენ დასახლების მცხოვრებლები, ისინი ეკუთვნოდნენ სხვა ეთნიკურ ჯგუფს. დიახ, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ გენოციდთან. 6. თანამედროვე ადამიანების გაქვავებული სხეულები ადამიანური არტეფაქტების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ კვლავ და კვლავ პოულობენ. ხანდახან მეცნიერებს სულაც არ უხდებათ საუკუნეობრივი მტვრის გადაწმენდა იმის საპოვნელად, რაც მათ ცხოვრების ბოლომდე ამახსოვრდებათ. იტალიელი მკვლევარი, მოგზაური და კარტოგრაფი ჯიროლამო სეგატო, რომელიც ორი საუკუნის წინ ცხოვრობდა, გატაცებული იყო ეგვიპტოლოგიით. ეგვიპტეში მოგზაურობის დროს ის ისე მოიხიბლა მუმიებით, რომ გადაწყვიტა, შეემუშავებინა საკუთარი მეთოდიკა, რათა ადამიანების გვამები სიკვდილის შემდეგ ქვებად გადაექცია. მის მიერ გაკეთებული მუმიებიდან ბევრი დღემდეა შემონახული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი ნახვა ფლორენციის უნივერსიტეტის ანატომიურ მუზეუმში. თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სეგატოს გვამებში შეჰყავდა რაღაც უცნობი ქიმიური ნივთიერება, რომელიც სულ პაწაწინა სისხლძარღვებშიც კი იჭრებოდა. სხვა კონკრეტულის გამორკვევა მეცნიერებმა ვერ შეძლეს და სავარაუდოდ, ვერც შეძლებენ, რადგან სეგატომ თავისი საქმიანობის შესახებ ყველა სამხილი გაანადგურა, ეშინოდა რა, რომ მის აღმოჩენას მოიპარავდნენ და მიისაკუთრებდნენ. თავად მეცნიერი 44 წლის ასაკში უცაბედად გარდაიცვალა და თავისი ტექნიკის საიდუმლო საფლავში ჩაიყოლა. ის იყო ერთადერთი, ვინც იცოდა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის გადაქცევა ქვად. 1177 8-ს მოსწონს
|