ფეხბურთი
სუარესის "ელ კლასიკოში" მონაწილეობა გადაწყვეტილი არაა
2014, 18 ოქტომბერი, 18:02
ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის ლუის სუარესის მუნდიალზე მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ, სრულიად საფეხბურთო სამყარო ფეხბურთელის ოფიციალურ მატჩებში დაბრუნებას ელის. მოსალოდნელია, რომ ურუგვაელის დაბრუნება 25 ოქტომბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის პრიმერადივიზიონის შეხვედრაში მოხდება.
"ბლაუგრანას" თავკაცი ლუის ენრიკე კი აღნიშნავს, რომ სუარესის "ელ კლასიკოში" მონაწილეობა ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.
"ძნელი სათქმელია სუარესი სასურველ სათამაშო ფორმაშია თუ არა. თუ იგი მზად იქნება, მოედანზე გავა და ითამაშებს, თუ არა და ვერ დაგვეხმარება. არ შემიძლია გითხრათ, რამდენად მზადაა ურუგვაელი მომავალი მატჩისთვის - 80, 90 ან 100 პროცენტით. ჩვენ მას ფორმაში შესვლაში ვეხმარებით და იგი თავდაუზოგავად ვარჯიშობს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ფიფამ სუარესს დისკვალიფიკაციის დროს უფლება მისცა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში მიეღო მონაწილეობა. 13 ოქტომბერს ურუგვაიმ ომანი 3:0 დაამარცხა და აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში სუარესმა 57-ე და 66-ე წუთებზე დუბლი შეასრულა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge