საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ევროშესარჩევში გიბრალტარის დამარცხების მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობით უკმაყოფილოა.
"ჯვაროსნებმა" ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში გიბრალტარი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
"მოვიგეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ უკმაყოფილო ვარ ჩემი გუნდის ასპარეზობით. პირველი 30 წუთი კარგი გამოვიდა. შესვენებაზე ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მატჩზე ფოკუსირება 95 წუთის განმავლობაში უნდა მოახდინონ და არა - 30 წუთით. ჩვენ უფრო ბევრი უნდა გაგვეტანა, რადგან არ ვიცით ჯგუფში მოვლენები როგორ განვითარდება. გიბრალტარს შეეძლო ანგარიშის შემცირება და ვფიქრობ ქართველები განვილ მატჩს კარგი დამოკიდებულებით არ შეხვდნენ - ასეთ მეტოქესთან ბევრი გოლი უნდა გაიტანო ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დაგეგმილი სამი ქულა ავიღეთ, ხოლო გიბრალტარმა პოლონეთთან მატჩისგან განსხვავებით ჩვენთან კარგად ითამაშა." - განაცხადა ქეცბაიამ.
14 ნოემბერს თბილისს D ჯგუფის ლიდერი პოლონეთის ეროვნული ნაკრები ეწვევა. “ჯვაროსნების” თავკაცმა პრესკონფერენციაზე მომავალ მატჩზეც ისაუბრა:
"მომავალი მეტოქე პოლონეთია და გვინდა კარგი შედეგი კვლავ გავიმეოროთ. თუ ჩემ ფეხბურთელებს იგივე სურვილი და განწყობა ექნებათ მეტოქესთან, როგორც შოტლანდიას ჰქონდა, მაშინ კარგ შედეგს მივაღწევთ. ტექნიკურად კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ დამოკიდებულებაში ცოტა მოვიკოჭლებთ, რაც უფრო მეტის მიღწევის საშუალებას არ გვაძლევს."
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge