სხვა შემთხვევითი აღმოჩენები, რომლებმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალეს 2014, 23 სექტემბერი, 12:55 მეცნიერები თვეებსა და წლებს ანდომებენ, რათა მსოფლიოს ახალი გამოგონება წარუდგინონ და გააოცონ ადამიანები თავიანთი აღმოჩენით, მაგრამ ხდება სხვაგვარადაც-გამოგონება ჩნდება უეცრად-წარუმატებელი სამეცნიერო ცდის ან სრულიად უნებლიე შემთხვევითობის წყალობით. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უამრავი საგანი თუ პრეპარატი, რომელთაც სამყარო შეცვალეს, სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს.
1. პენიცილინის აღმოჩენა დიდი მეცნიერებისა და სწავლულების რეიტინგში სერ ალექსანდრე ფლემინგს დამსახურებულად ეკუთვნის მოწინავე ადგილი, მაგრამ ამ უდიდეს პიროვნებას ერთი ცუდი თვისება ახასიათებდა: მას არცთუ ისე ძალიან უყვარდა სისუფთავე. 1928 წელს ფლემინგი თავის ლაბორატორიაში მუშაობდა, როცა შენიშნა, რომ სტაფილოკოკებით სავსე თეფში რაღაც უცნაური აპკით დაფარულიყო. მეცნიერი შვებულებაში ისე წავიდა, რომ ამ თეფშის გარეცხვა დაავიწყდა. დაბრუნებისას ნახა, რომ აპკი კიდევ უფრო გასქელებულიყო. მაშინ ფლემინგმა გადაწყვიტა მიკროსკოპში გაესინჯა ის. გაოცებულმა სწავლულმა ნახა, რომ ამ აპკს სრულიად გაენადგურებინა სტაფილოკოკის მიკრობები. ასე აღმოაჩინეს პენიცილინი, რომელმაც შემდგომში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. 2. უმსხვრევი მინა უმსხვრევი მინა ფართოდ გამოიყენება საავტომობილო მრეწველობაში და მშენებლობაში. დღეს ის ყველგანაა და ჩვენ არ გვიკვირს ასეთი მინის არსებობა, მაგრამ როცა 1903 წელს ფრანგ მეცნიერს ედუარდ ბენედიქტუსს ხელიდან შემთხვევით გაუვარდა კოლბა და მარმარილოს იატაკზე დაცემული ნატიფი მინის ჭურჭელი არ გატყდა, ეს მისთვის სენსაცია იყო. როგორც აღმოჩნდა, კოლბაში ესხა კოლოდური ხსნარი, რომელიც აორთქლდა და კოლბა შიგნიდან დაიფარა თხელი აპკით, რომელმაც მას განსაკუთრებული სიმყარე მიანიჭა. იმ დროს საფრანგეთში ავტომობილების წარმოების ბუმი იყო. მათ შუშებს ჩვეულებრივი მინისაგან ამზადებდნენ, ავარიის დროს ის ტყდებოდა და მანქანაში მყოფებს საშინლად ასახიჩრებდა, ამიტომ ბენედიქტუსი მიხვდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის აღმოჩენას. მან ავტომეწარმეებს შესთავაზა თავისი გამოგონება, მაგრამ მათ ასეთი მინის დამზადება ძალიან ძვირი მოეჩვენათ და უარი თქვეს მის გამოყენებაზე. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაინერგა ტრიპლექსი (ასე უწოდეს ამ მინას) საავტომობილო მრეწველობაში. პირველად ის 1944 წელს კომპანია Volvo-მ გამოიყენა. 3. კარდიოსტიმულატორი კარდიოსტიმულატორი, რომელიც დღეს უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელად ითვლება, სუფთა შემთხვევითობის წყალობით აღმოაჩინეს. ინჟინერი უილსონ გრეიტბეტჩი მუშაობდა მოწყობილობის შექმნაზე, რომელსაც უნდა ჩაეწერა გულის რიტმი. ერთხელ მან თავის მოწყობილობას მიუერთა ტრანზისტორი და დაინახა, რომ ელექტრულ წრედში წარმოიშვა ბიძგები, რომლებიც ძალიან ჰგავდა ჯანმრთელი ადამიანის გულისცემას. ამის შემდეგ ინჟინერმა შექმნა პირველი იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორი-ხელსაწყო, რომელიც იძლევა ხელოვნურ იმპულსებს გულის ასამუშავებლად. 4. რადიაქტიობა რადიაქტიობა სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ჰენრი ბეკერელის მიერ. ეს მოხდა 1886 წელს, როცა ჰენრი ბეკერელი იკვლევდა ურანის მარილების ფოსფორესცენციას და იმ დროს ახლადაღმოჩენილ რენტგენის სხივებს. მან ჩაატარა უამრავი ექსპერიმენტი, რათა გამოეკვლია, შეეძლოთ თუ არა ფლორისცენცურ მინერალებს გამოეცათ სინათლე მზის სხივებთან კონტაქტის დროს. კვლევის დროს მეცნიერი დაბრკოლებას წააწყდა: ექსპერიმენტი ტარდებოდა ზამთარში, როცა არ იყო საკმარისი მზის სხივები. ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლევა ზაფხულისთვის გადაედო. მან ურანის ნატეხი და ფოტოფირფიტები ერთად შეახვია და გულდაგულ შეინახა გაზაფხულამდე. როცა ბეკერელი სამუშაოს დაუბრუნდა, ნახა, რომ ურანი აღბეჭდილიყო ფოტოფირფიტაზე მზის სხივების გარეშე. შემდგომში მან პიერ და მარია კიურებთან ერთად აღმოაჩინა ის, რასაც დღეს რადიაქტიობა ეწოდება. კიურებმა და ბეკერელმა ამ აღმოჩენისათვის ნობელის პრემია მიიღეს. 5. ვულკანიზირებული რეზინის აღმოჩენა თქვენ ალბათ არ იცოდით, რომ მანქანის საბურავების დასამზადებლად საჭირო რეზინი ჩარლზ გუდირმა აღმოაჩინა და შემდგომში ამ აღმოჩენას მისი სახელი ეწოდა. იოლი არ იყო ისეთი რეზინის აღმოჩენა, რომლისგანაც დამზადებული საბურავები გაუძლებდა მაქსიმალური სიჩქარით და აჩქარებით ჩატარებულ ავტორბოლებს-ამაზე ხომ ავტომობილების გამოგონებისთანავე ოცნებობდნენ. გუდირის ოცნებას-გამოეგონებინა ასეთი რეზინი, ალბათ ასრულება არ ეწერა-ის ამ აკვიატებული იდეით იყო დააავადებული, რის გამოც ერთხელ ციხეში მოხვდა, მეორედ კი კინაღამ საკუთარი შვილები ამოხოცა წარუმატებელი ექსპერიმენტის დროს. ეს ხდებოდა 1850-იან წლებში: გუდირი ცდილობდა კაუჩუკისა და მაგნეზიის შერევით მიეღწია ოპტიმიზიციისათვის და ჩვეულებრივი რეზინის სიმყარისათვის. მისი უამრავი ცდა მარცხით დასრულდა, რამაც მისი გაკოტრება გამოიწვია და ორიოდე წელი, შვილები რომ შიმშილით არ დახოცოდა, თევზის ჭერით ირჩენდა თავს. ბოლოს გუდირმა მიაღწია შედეგს და კაუჩუკის და გოგირდის შერევით შედარებით მყარი რეზინი მიიღო, მაგრამ ავტომწარმოებლებმა ის გამოუსადეგრად ჩათვალეს. ამ მორიგი მარცხის შემდეგ გუდირი ლამის თვითმკვლელობამდე მივიდა. ერთხელ გუდირი ადგილობრივ მაღაზიაში შევიდა, რათა მეპატრონისათვის თავისი მორიგი ცდის ნიმუში წარედგინა. მაღაზიაში ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, მათ სიცილი დაუწყეს შეშლილ მეცნიერს. გამწარებულმა გუდირმა რეზინი ცხელ ღუმელზე დააგდო და..... როცა მან დამწვარი რეზინა ხელში აიღო, მიხვდა, რომ ეს იყო სწორედ ის, რის მიღწევასაც წლები შეალია.თურმე კაუჩუკისა და გოგირდის ნარევს მხოლოდ მაღალტემპერატურული დამუშავება ესაჭიროებოდა. ასე დაიბადა უბრალო ცეცხლიდან მთელი იმპერია. 6. შამპანურის გამოგონება ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ შამპანური გამოიგონა დომ პიერ პერინიონმა, ბენედიქტეს ორდენის ბერმა, მაგრამ მე-17 საუკუნეში მცხოვრებ ამ ბერს სულაც არ ჰქონია მიზნად შხეფებისმფრქვეველი ღვინო გამოეგონებინა. პირიქით, ის ცდილობდა, რომ როგორმე თავიდან აეცილებინა ეს პროცესი, რადგან შუშხუნა, დაუდუღებელი ღვინო მაშინ უვარგისად და უხარისხოდ ითვლებოდა. პერინიონს უნდოდა სამეფო კარი გაეოცებინა უმაღლესი ხარისხის ღვინით და მიეღო უგემრიელესი თეთრი ღვინო. რადგან მაშინ შამპანის ოლქში შავი ყურძენი მოჰყავდათ და თეთრი ჯიშები იშვიათობა იყო, პერინიონმა მოიფიქრა ხერხი, თუ როგორ მიეღო მუქი წვენიდან თეთრი ღვინო. საბედნიეროდ, კლიმატი შამპანში საკმაოდ ცივია და ღვინო დიდხანს უნდებოდა დუღილს, მასში კი ნახშირმჟავა გაზის ბუშტუკები რჩებოდა( ნახშირის საშუალებით პერინიონი ფილტრავდა მუქ წვენს ფერის მოსაცილებლად). არისტოკრატებს ძალიან მოეწონათ შუშხუნა ღვინო, რამაც დასაბამი მისცა შამპანურის წარმოებას. 7. სახარინი ყველამ იცის, რომ სახარინი შაქრის შემცვლელი პროდუქტია. ის გამოგონებული იქნა ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით. აღმოჩენა შემდეგნაირად მოხდა: ქიმიკოსს კონსტანტინე ფალბერგს ცუდი ჩვევა ჰქონდა-მას არ უყვარდა ჭამის წინ ხელების დაბანა. 1879 წელს ფელბერგი ქვანახშირის ფისის გამოყენების მეთოდებზე მუშაობდა. მან დაასრულა საქმე და სახლში წავიდა. როგორც ყოველთვის, მეცნიერი ვახშამს დაუბანელი ხელებით მიუჯდა. საჭმელი ქიმიკოსს ძალიან ტკბილი მოეჩვენა და ცოლს ჰკითხა, თუ რატომ ჩაყარა მასში შაქარი. ცოლმა გასინჯა კერძი და უთხრა, რომ ის სრულიადაც არ იყო ტკბილი. ფალბერგი მიხვდა, რომ საჭმელი კი არა, მისი ხელები იყო შაქრიანი, რომელიც მას არ დაუბანია. მეცნიერი სასწრაფოდ დაბრუნდა ლაბორატორიაში და დარწმუნდა, რომ მიიღო შაქრის შემცვლელი ხელოვნური დაბალკალორიული დამატკბობელი. მალე მან დააპატენტა თავისი გამოგონება, რის შემდეგაც დაიწყო სახარინის მასიური წარმოება. 8. ტეფლონი ტეფლონი, რომელმაც მთელი მსოფლიოს დიასახლისებს შეუმსუბუქა შრომა, აგრეთვე გამოგონებილი იქნა შემთხვევის წყალობით: კომპანია DuPont-ის ქიმიკოსი როი პლანკეტი სწავლობდა ფრეონის თვისებებს და ერთ-ერთი ცდის დროს გაყინა აიროვანი ტეტრაფტორეთილენი. გაყინვის შემდეგ სწავლულმა გახსნა ჭურჭელი და აღმოაჩინა, რომ გაზი სადღაც გამქრალიყო, ხოლო ჭურჭლის ფსკერზე თეთრი ფხვნილი დალექილიყო. იმათ საბედნიეროდ, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუკეთებია ომლეტი, მეცნიერი დაინტერესდა ამ ფხვნილით და გააგრძელა მისი შესწავლა, შედეგად კი მიიღო სწორედ ის ტეფლონი, რომლის გარეშეც თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელია. 9. ხელოვნური საღებავები უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხელოვნური საღებავები აღმოჩენილი იქნა მალარიის წამლის გამოგონებისას ჩატარებული ცდების დროს. 1856 წელს ქიმიკოსი უილიამ პერკინი მალარიის სამკურნალო ხელოვნური ქინაქინის შექმნაზე მუშაობდა. მალარიის ახალი წამალი მას არ გამოუგონებია, მაგრამ მიიღო სქელი შავი მასა, რომლის წყალში გაზავებისას სითხე წითელ ფერად შეიღება. ასე გამოიგონა მან პირველი ქიმიური საღებავი. მის მიერ მიღებული საღებავი ბევრად კარგი ხარისხის აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული რომელიმე ბუნებრივი საღებავი: ჯერ ერთი, მისი ფერი გაცილებით კაშკაშა იყო და მეორეც, ის არ ირეცხებოდა ქსოვილიდან და არ ხუნდებოდა. პერკინის აღმოჩენამ საყოფაცხოვრები ქიმია მეტად სასარგებლო და მომგებიანი საქმე გახადა. 10. კარტოფილის ჩიპსები 1853 წელს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სარატოგას რესტორანში მეტად პრეტენზიული კლიენტი შევიდა. მან უარი თქვა კარტოფილ ფრიზე, რადგან ის მეტად მსხვილად და დიდ ნაჭრებად დაჭრილი მოეჩვენა. მას შემდეგ, რაც მას რამდენჯერმე მიუტანეს სულ უფრო და უფრო წვრილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი, ის კი გამუდმებით იწუნებდა მას, რესტორნის შეფ-მზარეულმა გადაწყვიტა სასაცილოდ აეგდო კლიენტი და მისთვის სიფრიფანად, ვაფლივით თხლად დაჭრილი კარტოფილი მოამზადა. თავიდან კლიენტმა განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი მცდელობა ზედმეტად თხლად იყო დაჭრილი და მას ჩანგლით ვერ აიღებდა, მაგრამ რამოდენიმე ნაჭრის გასინჯვის შემდეგ მას მოეწონა კერძი და მეორე თეფშიც მოითხოვა. რესტორანში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ყველამ მიაქცია ყურადღება ამ სცენას და მათაც მოუნდათ ამგვარად შემწვარი კარტოფილის დაგემოვნება. საერთო ჯამში ამ შემთხვევის შემდეგ გამოჩნდა ახალი კერძი «Saratoga chips», რომელიც სულ მალე მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. 1028 5-ს მოსწონს
|