სხვა ყველაზე დიდი მარგალიტი მსოფლიოში 2014, 11 სექტემბერი, 17:17 ყველაზე დიდ მარგალიტად მსოფლიოში ითვლება ეგრეთწოდებული "ალაჰის მარგალიტი", რომელიც აღმოჩინეს 1934 წელს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინების კუნძულ ფალავანთან. მარგალიტის ნიჟარა 300 კილოგრამს იწონიდა, ხოლო თავად მოლუსკის წონა 30 კილოგრამს აღემატებოდა.
ამ მარგალიტის პოვნის ისტორია ცნობილია თავისი ტრაგიზმით. 1934 წლის 7 მაისს ადგილობრივი ტომის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ უკვალოდ გაქრა მათი 18 წლის ბელადი ეტემი მას შემდეგ, რაც მან მარგალიტების საძებნელად წყალში ჩაყვინთა. აღმოჩნდა, რომ ეტემი დაიღუპა, როცა მისდაუნებურად უზარმაზარი მოლუსკის ტყვე გახდა. როცა ეტემი ნიჟარას მიუახლოვდა და მარგალიტის ძებნა დაიწყო, ამ დროს მოლუსკმა თავისი ხვრელი დახურა და ეტემის ხელი თან ჩაითრია. ბიჭმა ვერაფრით ვერ შეძლო ხელის განთავისუფლება და ზღვის ზედაპირზე ამოცურვა. მცირეოდენი ბრძოლის შემდეგ ის დაიხრჩო. თანატომელებმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაგნეს ეტამის სხეულს და მასთან ერთად უზარმაზარ ნიჟარასაც, რომლის შიგნითაც უიშვიათესი სიდიდის მარგალიტი იდო: მისი წონა 6, 35 კილოგრამი იყო, ხოლო ზომები 24X14 სმ. მარგალიტს არასწორი ფორმა ჰქონდა და დაჭმუჭნული ზედაპირი, რითაც წააგავდა ადამიანის თავის ტვინს. რადგან მარგალიტი თავისი ფორმით ძალიან ჰგავდა ჩალმიანი ადამიანის თავს, ადგილობრივმა მოლამ მას "ალაჰის მარგალიტი" უწოდა. სამწუხაროდ, ამ მარგალიტს არ აქვს პერლამუტრის ბრწყინვალება, რაც საგრძნობლად სცემს მის ფასს, მაგრამ ის შეტანილია გინესის წიგნში, როგორც ყველაზე დიდი მარგალიტი მსოფლიოში. მარგალიტის პირველი მფლობელი იყო ამერიკელი არქეოლოგი ვილბურნ კობი, რომელსაც 1936 წელს ადგილობრივმა ბელადმა აჩუქა ეს მარგალიტი მადლიერების ნიშნად, რადგან კობმა ბელადის ვაჟი მალარიისაგან იხსნა. კობის სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეებისაგან მარგალიტი შეისყიდეს ვიქტორ ბარბიშმა და პიტერ ჰოფმანმა, მათ ძვირფას ქვაში 200 000 დოლარი გადაიხადეს, რაც იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა იყო. ამჟამად მარგალიტი ექსპერტების მიერ 40 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მისი მფლობელი ვიქტორ ბარბიში მას ინახავს ამერიკის ერთ ერთი ბანკის მიწისქვეშა საცავში, თუმცა ძვირფასი ქვის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ამას წინათ ბარბიშმა ჟურნალისტებს უამბო, რომ წლების წინ მასთან მივიდა ბენ ლადენისაგან გამოგზავნილი ხალხი და ამ ადამიანებმა მას შესთავაზეს 60 მილიონი დოლარი მარგალიტის სანაცვლოდ, რათა შემდეგ ძვირფასი თვალი სადამ ჰუსეინისათვის ეჩუქებიათ. ბარბიშმა განაცხადა, რომ აზრადაც არ მოსვლია მარგალიტის გაყიდვა. მას სურვილი აქვს მარგალიტი აჩუქოს რომელიმე დიდ მუზეუმს, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს მისი ხილვის საშუალება. 277 9-ს მოსწონს
|