თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ტაშკენტში დღეს დაწყებულ სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩილელი ანდრე რენატო ქუისპეს (10:0), აზერბაიჯანელი ახმედმაბი გუეზატილოვს (8:2), ბელარუსი ვლადისლაუ ანდრეიუსა (4:0) და მონღოლი ბეხბაიარ ერდენებატის (6:3) ძლევის შემდეგ, ხინჩეგაშვილი ფინალში მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონს, ჩრდილოკორეელ კიონგ ლი იანგს დაეჭიდა და პირველი პერიოდი 3:0 მოუგო, მაგრამ მეორე სამწუთეულში აზიელმა 5 ქულა აიღო. აქედან 3 საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე, მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებით. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ხალიჩის არბიტრის შეფასება გააპროტესტეს, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ პროტესტი არც კი განიხილა.
დღესვე, ტაშკენტური ხალიჩა 70, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებსაც დაეთმოთ. საქართველოს სახელით საქმეში ალექსანდრე ჯაჭვაძე (70 კგ), დავით მარსაგიშვილი (86 კგ) და გიორგი საკანდელიძე (125 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამივე დილის პროგრამაში დამარცხდა.
შედარებით შედეგიანად მარსაგიშვილმა იჭიდავა – საწყისი ორი ეტაპის დასაძლევად სულ სამი წუთი იკმარა. ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს 56 წამში გასცდა (12:2), ხოლო ჩინელ შენგფენგ ბის 2 წუთსა და 4 წამში (13:2). მეოთხედფინალშიც მშვენივრად დაიწყო – ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ასლან კახიძეს მეორე პერიოდის დასაწყისში 7-ქულიანი უპირატესობით (7:0) უგებდა, მაგრამ მოულოდნელად მოდუნდა, დაღლაც დაეტყო და საბოლოოდ 9:10 დამარცხდა. კახიძემ ფინალში გასვლა ვერ შეძლო და მარსაგიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.
ალექსანდრე ჯაჭვაძემ და გიორგი საკანდელიძემ კი სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. ჯაჭვაძემ პირველსავე წრეში, ბოლო წამზე წააგო ეკვადორელ იოან ბლანკოსთან (4:5), ხოლო საკანდელიძისთვის დაუძლეველი ზღუდე მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი, ბელარუსი ალექსეი შემაროვი აღმოჩნდა (0:4).
ხვალ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 65, 74 და 97 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი ბექა ლომთაძე (61 კგ), მალხაზ ზარქუა (65 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.
www.worldsport.ge