x
image
worldsport.ge
სანდრო გურული: “შახტიორში” თავს ძალიან მყუდროდ ვგრძნობ”

imageბელარუსული “შახტიორის” ნახევარმცველმა სანდრო გურულმა “პრესბოლთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კლუბის შეცვლას არ აპირებს და სურს წარმატებას სოლიგორსკელების რიგებში მიაღწიოს.
- უეფას ევროპის ლიგის კენჭისყრას უყურეთ? მეტოქის შესახებ რა იცით?
- თანაგუნდელებთან ერთად ვუყურე. ჰოლანდიის ჩემპიონატს ხშირად ვუყურებ და ჩვენი მომავალი მეტოქის, პსვ-ს შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაქვს. ამ გუნდის სათამაშო სტილი ბელგიური “ზიულტე-ვარეგემისას” ბევრ რამეში ჰგავს. დეტალებზე კი, სამწვრთნელო შტაბი მოგვიყვება.
- ყველაზე მეტად შეხვედრა რომელ მეტოქესთან გსურდათ?
- გულახდილად გეტყვით – “სენტ-ეტიენთან”. ამ შემთხვევაში, როგორც მე, ასევე, გუნდს, მხარს ჩემი მეგობრები დაუჭერდნენ. ჩემთვისაც საფრანგეთში ჩასვლა სასიამოვნო იქნებოდა. თუ სავარაუდო ოპონენტების სიძლიერეზე ვიმსჯელებთ, მაშინ, ვერ გეტყვით. სუსტი არცერთი გუნდია. რადგან პსვ შეგვხვდა, ე.ი. მასთან უნდა ვიბრძოლოთ.
- “ზიულტე-ვარეგემთან” გამარჯვების აღსანიშნავად დრო გქონდათ? თუ მთელი ემოციები ბელგიაში დატოვეთ?
- მეორე მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ ძალიან გახარებული ვიყავით. სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვება ერთია, ხოლო შემდეგ ეტაპზე გასვლა – სხვაა.
- ვარეგემში ჩატარებულ მატჩს თქვენი მამა ესწრებოდა...
- ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ის ჩემს კარიერას თვალს ყურადღებით ადევნებს. შეძლებისდაგვარად ცდილობს ყველა თამაში ნახოს. შემდეგ მიკავშირდება და თავის აზრს მიზიარებს, გარკვეულ რჩევებს მაძლევს. თუმცა, როგორც უნდა ვითამაშო, უფრო ხშირად შეცდომებზე მითითებს. იმედია, ჰოლანდიაშიც ჩამოვა. საფრანგეთიდან ხომ ისიც არაა შორს.
- ევროთასებზე გუნდს კონკრეტული ამოცანები აქვს?
- მიზანი - ყოველ მატჩში გამარჯვება. “დერი სიტისთან” და “ზიულტე-ვარეგემთან” ასეთი განწყობით ვითამაშეთ. პსვ-სთანაც ასე იქნება.
- ამჟამინდელი “შახტიორის” ძალა რაშია?
- პირველ ყოვლისა – შეტევაში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვიგებთ, არ ვჩერდებით და დაცვაში არ “ვჯდებით”. შუა ხაზში ძალიან ძლიერი შემსრულებლები გვყავს. ეს რაც შეეხება სათამაშო თვისებებს. ამას პლუს კოლექტივი. “შახტიორში” თავს ძალიან მყუდროდ ვგრძნობ. გარდა ამისა, ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღება იგრძნობა.
- სერგეი ბოროვსკი როგორი მწვრთნელია?
- მას დიდ პატივს ვცემ. საერთოდ, ნებისმიერ მწვრთნელს პატივს ვცემ. თუმცა, ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში უთამაშია, განსაკუთრებულია. პროფესიონალია. ზოგჯერ ხისტი, მაგრამ გამუდმებით ბიჭების “დატუქსვის” აუცილებლობა არაა – ყველა ზრდასრული ადამიანია. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა.
- “შახტიორის” ლიდერად ვინ მიგაჩნიათ?
- პრინციპში, გუნდის ყველა წევრი ლიდერია. თუმცა, თუ ვინმე გამოსარჩევია, ეს საშა იურევიჩია. ჩვენ შორის კაპიტანი ყველაზე გამოცდილია. მას ბევრი ტიტული აქვს და ბატე-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგაშიც უთამაშია.
- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ალბათ განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებთ. ცოლი ხომ იქიდან გყავთ...
- მართლაც ყურადღებით ვადევნებ. თუმცა, ამ თემის განხილვა არ მინდა. ადრე კიდევ ვსაუბრობდი, მაგრამ ახლა არ მსურს.
- ბელარუსში ყველაზე მეტად რა განცვიფრებთ? სუფთა ქუჩები არ დაასახელოთ.
- ხალხი. მათ თავი მაშინვე შემაყვარეს. უბრალო გულშემატკივრებზე ვსაუბრობ და პარტნიორებზე, ასევე, მათ შესახებ ვისაც ფეხბურთთან შეხება არ აქვს. სასიამოვნოა, როდესაც პატივს გცემენ და შენში პიროვნებას ხედავენ.
- ბელარუსული კარიერის გაგრძელებას დიდი ხნით აპირებთ?
- ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არაა. ჯერჯერობით სოლიგორსკში ყველაფერი მისაღებია. რა თქმა უნდა, უფრო დიდ ხანს გაჩერება მსურს. თუმცა, ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. ცხადია, ვოცნებობ ძალა რომელიმე ელიტურ ჩემპიონატში მოვსინჯო, საფრანგეთის მსგავსში. თუმცა, ეს პანაცეა არაა. თუ წინადადებით მომმართავენ და ყველაფერ გამოვა, კარგი იქნება. ჯერ “შახტიორის” მოთამაშე ვარ და წარმატება ამ გუნდს უნდა მოვუტანო.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0