x
image
worldsport.ge
ვან გაალის წარმატების რამდენიმე საიდუმლო

image“მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მწვრთნელის წარსადგენად ემზადება. ვან გაალისგან ყველა იმ გეგმის გამჟღავნებას ელის, რომელიც “წითელ ეშმაკებს” კუთვნილ ადგილას დააბრუნებს.
ამასობაში, სანამ მანჩესტერში პრეზენტაციისთვის ემადებიან, Sportsmail-მა გადაწყვიტა, ის ფაქტორები და პრინციპები მიმოიხილოს, რომლებმაც ვან გაალი „აიაქსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედამდე“ მიიყვანა და პროცესში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად აქცია.
ჰოლანდიელს საკმაოდ საინტერესო და ბევრისგან განსხვავებული საფეხბურთო ხედვა აქვს და რამდენიმე ფაქტორის ვან გაალისებურ ახსნას ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ამპარტავნობა და სამწვრთნელო ხედვა
“მწვრთნელი ხედავს შესაძლებლობებს და სჯერა თავისი ხედვის. მან იცის, რომ ეს წარმატებამდე მიიყვანს. როდესაც ამას ვამბობ, საკუთარ ხედვას და ფილოსოფიას ვგულისხმობ. გეთანხმებით, მედიდურად ჟღერს. ისიც ვიცი, რომ ხალხი ამპარტავანს მეძახის, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს – ამპარტავანი არ ვარ, უბრალოდ ჩემს შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და საკუთარი თავის მჯერა.”
მომზადების მნიშვნელობა – გაკვეთილი დედისგან
“მომზადება საქმის ნახევარია” – დედაჩემი სულ ამას მეუბნებოდა. იგი ამას ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დაწყებითი სკოლის განათლება ჰქონდა მიღებული. ამდენს ვერ მივაღწევდი, თავდაუზოგავად რომ არ მეშრომა. ჩემი მუშაობის პრინციპი მარტივია - ვკრებ ხალხს, მათ ვხვეწ და საუკეთესო პროდუქტს ვიღებ. ამას ყოველდღიურად ვაკეთებ.”
დამხმარე ჯგუფი
“მარტო ყველაფერს ვერ გავწვდები, რადგან ყველაფერი არ ვიცი. დავუბრუნდეთ იმას, რისიც მწამს: მომზადება, ვარჯიში, ანალიზი, შეფასება – ამ ყველაფრისთვის დამხმარე ჯგუფია საჭირო. მე მყავს 12 ადამიანი, რომლებიც მუშაობას მიადვილებენ – ვინც ამზადებს, ავარჯიშებს, აანალიზებს და აფასებს ჩემთვის. მაგრამ მე მათ უნდა წავუძღვე – ჩემი მოვალეობაა, მათ სწორი მიმართულება ვუჩვენო.
როდესაც ნაკრები ჩავიბარე, ყველას ეგონა, რომ იმ ფეხბურთელების შერჩევას დავიწყებდი, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონობისკენ გაგვიძღვებოდნენ. არა! -Pპირველ რიგში, დამხმარე ჯგუფის შერჩევა დავიწყე. ყოველთვის ასე ვიქცევი, რადგან ადამიანებს კარგი მასწავლებელი სჭირდებათ.”
ესპანური ფეხბურთის გავლენა
“ორი წლის წინ, როდესაც ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელები პირველად ვნახე, რაღაც გავუმხილე. მე მათ “ბარსელონას” თამაში ვაჩვენე. რატომ? იმიტომ, რომ ეს ის იყო, რაც ერთ მუშტად შეგვკრავდა.
ისინი სამკუთხა ნახევარდაცვით თამაშობენ, რომელსაც თავისი ბურჯი ჰყავს. თუმცა, მათ არ ჰყავთ ტიპიური ცენტრფორვარდი – მათ სხვა ტიპის თავდამსხმელი ჰყავთ (ლეო მესი).
მაგრამ ეს ტაქტიკა არ მხიბლავს – შემადგენლობაში ნამდვილი “ცხრიანის” ყოფნა საქმეს მიადვილებს. იმ დღიდან, ფეხბურთელებმა იცოდნენ, რა მსურდა და რის შეცვლას ვაპირებდი. მე მათთან გულახდილი ვიყავი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”
შეგახსენებთ, რომ ვან გაალი მანჩესტერში გუშინ ჩაფრინდა და მისი პრეზენტაცია დღეს იგეგმება.


ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0