მიუნხენის “ბაიერნის” კატალონელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ სამომავლო საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ბავარიელთა კლუბის ხელმძღვანელებს კარლ-ჰაინც რუმენიგესა და მათიას ზამერს შეხვდება. გვარდიოლა “ბაიერნის” ბოსებს გერმანიის თასის ფინალში შემდეგ დაელაპარაკება.
“რუმენიგესა და ზამერთან შეხვედრისას საკუთარ თვალსაზრისს გავაცნობთ ერთმანეთს. გუნდის განვითრების ჩვენეულ სტრატეგიას გამოვხატავთ და ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზეც ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს ნორმალური ამბავია. მიმდინარე სეზონში 3 ტიტული მოვიგეთ და გერმანიის თასის ფინალშიც ვართ გასულები, თუმცა, ერთიცაა – ბოლო დროს “ბაიერნი” მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. ეს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის პირველ ნახევარში იგრძნობოდა”, - პეპის ეს სიტყვები El Mundo Deportivo-ს მოჰყავს.
რამდენიმე დღის წინათ გერმანული მასმედია ირწმუნებოდა, გვარდიოლა მიუნხენში მხოლოდ კლუბის უფროსობისგან სრული მხარდაჭერის შემთხვევაში დარჩებაო.
ბოლოს კი იმასაც შეგახსენებთ, გერმანიის თასის ფინალი 17 მაისს ჩატარდება და ბავარიელთა მოწინააღმდეგე დორტმუნდის “ბორუსია” იქნება.
გოჩა კაჭარავა
www.worldsport.ge