ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 8 მარტს ჩაშლილი შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.
რევაზ ძოძუაშვილი: „ჩვენ, „ტორპედოს“ კოლექტივი ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ქუთაისური და ამასთან ერთად ქართული ფეხბურთიც. გვინდა, რომ ამ საერთო საქმის თანამონაწილეები ვიყოთ, მაგრამ ის, რაც ჩვენს მოვალეობაში არ შედის, ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. „დინამოს“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვეძლო გვეჩვენებინა კარგი თამაში და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად რაც მთავარია, მშვიდობით ჩაგვემთავრებინა იგი. ყველამ იცით, რომ „ტორპედოს“ არცერთ წევრს არანაირი გამომწვევი ჟესტი არ ჩაუდენია მომხდარი ინციდენტის პროვოცირებისთვის. მგონი, პირიქით, ამაზე საუბარი თბილისის „დინამოს“ მიმართ შეიძლება, რომელმაც მიუხედავად ჩვენი კლუბის დიდი თხოვნისა მაინც ჩამოიყვანა თავისი გულშემატკივრები.
თამაშს რაც შეეხება, მართალია, ჩვენ პირველი ნახევარი წავაგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლას არ ვეცდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი ანგარიში იყო, თუმცა არ იყო გამორიცხული დარჩენილ დროში მარცხს ავმცდარიყავით, მაგრამ ეს ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ამჟამად მთლიანი „ტორპედოს“ ყოველთვიური ბიუჯეტის ტოლფასი ხელფასი აქვს „დინამოს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამიტომ, ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. თამაშის მიხედვით „ტორპედო“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას არ იმსახურებს, მაგრამ იმედია, სანქციებით არ გაგვაგდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არ უნდათ ქუთაისში ფეხბურთი.
ის, რომ ამდენი ახალგაზრდა ასე ორგანიზებულად შემოვიდა და გავიდა მოედნიდან, ამაში ეტყობა იყო რაღაც ბოროტი ძალები ჩარეული. ჩვენს გულშემატკივრებს ხშირად ვხვდებით, მათი აზრებიც კარგად ვიცით და მათ, ვინაც არეულობა მოაწყო ნაცვლად სარგებელისა, შავი ლაქა მოაცხო „ტორპედოს“. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ არასწორად გააშუქა მომხდარი და შეაფასა, რომ თითქოს გულშემატკივრები „ტორპედოს“ ცუდი თამაშის გამო გადმოცვივდნენ ბალახზე. ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“.
http://fctorpedo.ge
www.worldsport.ge