საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩში ესპანეთს მადრიდში 24:17 აჯობა, მაგრამ ოთხი ლელო ვერ გაიტანა და დასკვნითი შეხვედრის წინ რუმინეთს სატურნირო ცხრილში 1 ქულით ჩამორჩა.
საწყის ნახევარ საათში “ბორჯღალოსნები” მერაბ კვირიკაშვილის ორი ჯარიმით და ერთი არეკნით 9:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ორი შეცდომა ორ ლელოდ დაუჯდათ და ტაიმი 9:14 დათმეს. მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა ისევ არეულად დაიწყეს, მაგრამ 50-ე წუთზე მასპინძლებს პირველხაზელი გაუსინბინეს და მეტობა საქართველოს ნაკრებმა სათანადოდ გამოიყენა - მამუკა გორგოძემ და გიორგი თხილაიშვილმა ლელოები გაიტანეს, ხოლო კვირიკაშვილმა ერთი გარდასახვა გამოიყენა.
მანვე ჯარიმით ანგარიში 24:14 გახადა, მაგრამ ესპანეთმა 76-ე წუთზე ერთი ჯარიმის გატანა შეძლო, 17:24 დამარცხდა და 7 ქულით მარცხისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა. ერთა თასის დღეს გამართულ სხვა ორ მატჩში გამარჯვებულმა გუნდებმა პრემიალური ქულების აღება შეძლეს. რუმინეთმა ბელგია 29:10 დაამარცხა და თბილისს ერთა თასისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ლიდერის რანგში ეწვევა, ხოლო რუსეთმა პორტუგალიას 34:18 სძლია და მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლას საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში განაგრძობს.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge
http://intermedia.ge/tv/პირველი-არხი/2014-03-08-18-55-08/ref:url