90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია. მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში გერმანელი მარკ ოდენტალი შებოჭვით დაამარცხა. ლიპარტელიანმა შეხვედრის დასაწყისშივე ფეხი იტკინა, მაგრამ ტრავმის მიუხედავად მეტოქეს ჯერ იუკო შეუსრულა, შემდეგ კი ბეჭებზეც გააკრა.
ნახევარფინალამდე ვარლამ ლიპარტელიანმა სამი მეტოქე დაამარცხა. ფრანგი ვინსენტ მასიმინო წუთნახევარში შებოჭა, ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადის სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა, იაპონელი ჰიროტაკა კატო კი მესამე წუთის დასაწყისში შესრულებული ლამაზი იპონით ჩამოიშორა.
ფინალში ლიპარტელიანი სამხრეთკორეელ კიუ-ვონ ლის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ფინალის საგზური 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მოიპოვა. ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოსთვის აგრძელებენ ბრძოლას.
დღეს მედლები მამაკაცებში 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით, ზემოთ ჩამოთვლილ ძიუდოისტთა გარდა ფრანგულ ტატამზე უშანგი მარგიანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე ვერ მიაღწიეს და შესაბამისად, სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსიც უმალ დაკარგეს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge