სხვა რატომ შეცვალა სანტა კლაუსმა თოვლის პაპა? 2013, 18 დეკემბერი, 11:12 ხედავთ ამ სურათს? ამასწინათ 5 წლის ბავშვს ვაჩვენე და ვკითხე, ვინ არის ეს მეთქი. არ ვიციო, მომიგო. მერე ეს ფოტო დავანახე და მაშინვე იყვირა, თოვლის ბაბუაო! დიდი მიხვედრილობა არ უნდა იმის შემჩნევას, რომ ბოლო რამდენიმე წელია ახალ წელს სულ უფრო იშვიათად ვხედავთ ტრადიციულ ქართულ თოვლის ბაბუას. სამაგიეროდ, ყველა მხრიდან გვიყურებს და ახალ წელს გვილოცავს დასავლური სანტა კლაუსი, რომელსაც ბავშვები თოვლის ბაბუას ეძახიან. მაინც როგორ მოახერხა სანტამ ნაბდიანი ბაბუას ჩანაცვლება? რატომ ანიჭებენ უპირატესობას ბავშვები და ხშირად მოზრდილებიც? ვითომ მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და დასავლურს ყველაფერს თვალდახუჭული ვიღებთ? იქნებ ასეც იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, სხვა მიზეზიც არსებობს. ერთი წუთით გადავავლოთ თვალი თოვლის პაპასა და სანტა კლაუსს შორის განსხვავებებს: 1. ტანსაცმელი თოვლის პაპა: აცვია ტრადიციული ჩოხა-ახალუხი, მოხურული აქვს ნაბადი, უმეტესად თეთრი, თავზე სვანური ქუდი ან ყაბალახი ახურია, გვერდზე გადაკიდებული აქვს ტკბილეულობითა და საჩუქრებით სავსე ხურჯინი. სანტა: აცვია წითელი შარვალი, ასეთივე ფერის ხალათი და ქუდი, რომლებზეც თეთრი ბეწვია მოყოლებული. საჩუქრებს კი უზარმაზარი წითელი ტომრით დაატარებს. 2. აღნაგობა და ხასიათი თოვლის პაპა: მაღალი, სუფთა ტანის, თეთრწვერა, ძლიერი მოხუცი. მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, იშვიათად იღიმება, მაგრამ კეთილია. სანტა: საშუალო ტანის, ჩამრგვალებული, თეთრწვერა, შუახნის ასაკის მამაკაცი. მხიარული, სიცოცხლისმოყვარე, სულ იღიმება. 3. საჩუქრების დარიგება თოვლის პაპა საჩუქრებს პირადად აძლევს ბავშვებს, მას შემდეგ, რაც პატარები მას ლექსს მოუყვებიან, შეკითხვაზე უპასუხებენ ან რაიმე სხვა დავალებას შეასრულებენ. თუმცა ხშირად დავალების გარეშეც არიგებს. სანტა: როგორც წესი, ახალი წლის ღამით ჩუმად შეიპარება სახლში, ძირითადად საკვამურით, და საჩუქრებს სპეციალურად გამზადებულ წინდებში ტოვებს. ალბათ სხვა განსხვავებებიც არის, მაგრამ ეს სამი განსაკუთრებით თვალშისაცემი მგონია. აქედან გამომდინარე, ადვილი გასაგებია რატომაც ანიჭებენ უპირატესობას პატარები მხიარულ, უკომპლექსო, აქტიურ სანტა კლაუსს, რომელსაც ბავშვებთან ერთად Gangnam Style-ზე ცეკვაც შეუძლია და დაჭერობანას თამაშიც. არც დარიგებებს იძლევა და არც შენიშვნებს, უბრალოდ ყველას ერთნაირად ართობს და ჩუქნის საჩუქრებს. ეს ყველაფერი გასაგებია, მე კი უბრალოდ მენატრება ჩვენი ბავშვობის ნაბდიანი, თუნდაც ცოტა მკაცრი, მაგრამ ძალიან კეთილი თოვლის პაპა... 749 5-ს მოსწონს 1-ს არა
|