x
image
worldsport.ge
ჯანო ანანიძე: “როსტოვში” სრულფასოვანი სეზონის ჩატარება მინდა”

imageსაქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ “როსტოვის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას გაანცხადა, რომ ამჟამინდელ კლუბში თავს კარგად გრძნობს და ზამთარში მოსკოვის “სპარტაკში” დაბრუნება არ სურს.
- სამარულ კლუბთან შეხვედრისგან რას ელით?
- “კრილიას” მიერ ჩატარებული თამაშები ვნახე “ურალთან” და “დინამოსთან”. ცუდი გუნდი არაა. მის შემადგენლობაში რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის ჩემი მეგობარი ალექსანდრე ამისულაშვილი. იმ ფაქტმა, რომ მეტოქეს მხოლოდ 10 ქულა აქვს, არ უნდა დაგვაბნიოს. დარწმუნებული ვარ, ვოლგისპირელები სატურნირო მდგომარეობას მალე გამოასწორებენ. აქამდე, მათ არცთუ იოლი პერიოდი ჰქონდათ – სეზონის განმავლობაში რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. უდავოა, ეს შედეგზე აისახა. პრემიერლიგაში იოლი მეტოქეები არ არსებობს, ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა ბოლომდეა საჭირო. მომავალ მატჩს მომზადებულნი უნდა შევხდეთ და სამი ქულა ავიღოთ.
- “როსტოვმა” კარგი სტარტი აიღო, მაგრამ შემდეგ გუნდმა თამაშს უკლო. რატომ?
- რთული კალენდარი გვქონდა – ზედიზედ ოთხი მატჩი გრანდებთან ჩავატარეთ. წაგებათა სერია ფსიქოლოგიურად გთრგუნავს. წინ კიდევ ბევრი მატჩია და წაგებებზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება არ ღირს. ჩვენ კვლავ უნდა ვაჩვენოთ ის ფეხბურთი, რომელმაც სეზონის დასაწყისში წარმატება მოგვიტანა. “ყუბანთან” მატჩში უკვე რაღაც გამოგვდიოდა. თუ ერთმანეთს მოედანზე მხარს დავუჭერთ და პრეტენზიებს არ წავუყენებთ, ყველაფერი დალაგდება. შემადგენლობაში მესი, ჩავი ან ინიესტა არ გვყავს და დადებით შედეგს მხოლოდ კოლექტიური თამაშით მივაღწევთ. ამიტომ, სჯობს ემოციები გუნდისთვის დავხარჯოთ, რაც უფრო წაგვადგება.
- “როსტოვში” თავს როგორ გრძნობთ?
- საწყის ორ ტურში შეცვლაზე ვითამაშე, ხოლო შემდეგ სასტარტოში რეგულარულად ვთამაშობდი. ვხედავ, რომ მთავარ მწვრთნელს მიოდრაგ ბოჟოვიჩს ჩემი იმედი აქვს და ეს ძალას მმატებს. ახლა მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. გუნდში კარგი ატმოსფეროა, საქმე არცთუ ცუდად მიმდის და ამიტომ, ზამთარში “სპარტაკში” დაბრუნება არ მსურს.
- ეს გადაწყვეტილება თქვენზეა დამოკიდებული თუ მოსკოვურ კლუბზე?
- “სპარტაკის” ხელმძღვანელობას უფლება აქვს, რომ გუნდთან ერთად იანვარში შეკრებაზე გავემგზავრო. თუმცა, მათ ვთხოვ, რომ ეს არ გააკეთონ. “როსტოვში” სრულფასოვანი სეზონის ჩატარება მინდა, რათა დაკარგული კონდიციები სრულად აღვიდგინო, აუცილებელი გამოცდილება მივიღო და ზაფხულში მოსკოვში უფრო მომწიფებულ და თავდაჯერებულ ფეხბურთელად დავბრუნდე. ამის შემდეგ, გადაწყვიტონ მომავალში რას გააკეთებენ. “სპარტაკთან” კონტრაქტი 2015 წლამდე მაკავშირებს.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge



0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0