x
image
worldsport.ge
რამდენ კილომეტრს დარბიან საქართველოს ჩემპიონატში?

imageწლებია, რაც მსოფლიო ფეხბურთში დაინერგა კონკრეტული ფეხბურთელის თითოეულ მატჩში გარბენილი მანძილის დადგენის სისტემა. დაგვეთანხმებით, ძალიან საინტერესო თემაა და საქართველოს ჩემპიონატშიც შეეძლოთ ამ აპარატურის მოპოვება. თანაც, მხოლოდ დაფარულ მანძილს კი არ ზომავს, არამედ, ტექნიკურ-ტაქტიკურ მაჩვენებლებს ზუსტად აფიქსირებს.
ამას ჩვენ არ ვიგონებთ. ცხინვალის “სპარტაკის” მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ გვითხრა “ზესტაფონთან” 1:0 მოგებული მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
ძალიან დუნე თამაში იყო და კითხვა დავსვით, თუ ჰქონდა ხაჩიძეს მიახლოებითი ინფორმაცია მაინც, თუ რა მანძილს ფარავს საქართველოს ჩემპიონატში ერთი ფეხბურთელი ერთ მატჩში:
ხაჩიძე: - ჩვენ შარშან ერთ მატჩში გამოვიყენეთ ეს აპარატურა. არის ასეთი რუსული ტელეკომპანია “ინტერსპორტი”, რომელიც ნტვ-ის პარტნიორია. ამ “ინტერსპორტს” აქვს ასეთი სპეციალური აპარატურა და მათთან 10 მატჩზე გავაფორმეთ ხელშეკრულება, ოღონდ 500 ევრო გადავიხადეთ, რადგან მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვისარგებლეთ -
“სამტრედიასთან” პირველი ლიგის მატჩზე გამოვიყენეთ. 8, 2 კილომეტრი - ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენი ერთი ფეხბურთელისა.image

- პირველ ლიგაში, ერთ მატჩში 8, 2 კილომეტრი დაფარა ფეხბურთელმა? ბევრი გვეჩვენება.
- ასეა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც 4 კილომეტრამდე დაფარეს. ეს მცველებმა. რა თქმა უნდა, მეკარეებზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ ვუტევდით, პირველ ნომრად ვთამაშობდით და შემტევმა ფეხბურთელმა დაფარა 8, 2 კილომეტრი.
- უფრო ზუსტად გვითხარით ამ აპარატურაზე. კიდევ რას აფიქსირებს?
- აფიქსირებს კონკრეტულ მატჩში მოაწილე ყველა ფეხბურთელის შედეგიანობის მაჩვენებელს: ზუსტი და არაზუსტი პასების რაოდენობას, წარმატებული და წარუმატებელი დრიბლინგების რაოდენობას, მოგებული და წაგებული ორთაბრძოლების რაოდენობას, ტაქტიკა-სტრატეგიას. ძალიან დიდი შვებაა კლუბისთვის: არა მარტო მწვრთნელისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვისაც. ხშირად ყოფილა, მატჩის გარჩევისას ფეხბურთელისთვის მიმიცია შენიშვნა, ამა თუ იმ მომენტში რა შეცდომა დაუშვა, ის კი მეუბნება, ას არ იყოო. არ ახსოვს. ფეხბურთელი თამაშშია ჩაბმული და ზოგი ისეთი დაძაბულია, რომ საკუთარი სახელი და გვარი არ ახსოვს. და რა გასაკვირია, ერთ მომენტში არასწორი გადაადგილება არ ახსოვდეს? მაგრამ სწორედ ამისთვისაა საჭირო აპარატურა: ის ზუსტად გაჩვენებს, ყველანაირ შეცდომაზე მიგითითებს.
- ამ აპარატურის მთელი სეზონის განმავლობაში გამოყენება, რა ჯდება?
- ერთი კლუბისთვის 5000 ევრო, თუ სეზონურ ხელშეკრულებას გააფორმებს. სხვათა შორის, “ინტერსპორტის” წარმომადგენლები თბილისში იყვნენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჰქონდათ შეხვედრა, მზად იყვნენ თანამშრომლობაზე, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
- რატომ?
- როგორც ვიცი, კლუბებმა არ ისურვეს ამ თანხის გადახდა. არადა, რამხელა ფუფუნებაა ასეთი აპარატურა. ძალიან სუსტებს თუ არ ჩავთვლით, ეს აპარატურა ყველა ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაშია. აქ კი, თურმე არ გვჭირდება. აი, ასეა.


ჩვენის მხრივ დავამატებთ: წელიწადში მხოლოდ 5000 ევროზეა ლაპარაკი! რა არის ეს თანხა იმასთან შედარებით, რა დახმარებასაც გაუწევს გუნდს? არაფერი. მიზერი.

რაც შეეხება უცხოეთს: ევროპის ძლიერ კლუბებში, წამყვანი ფეხბურთელები საშუალოდ 11 კილომეტრს დარბიან ერთ მატჩში, ოღონდ საუბარია მათზე, რომლებიც სრულად, 90 წუთს ატარებენ მინდორზე. ეს საშუალოდ, თორემ ზოგიერთ ფეხბურთელს 13 კილომეტრზე მეტიც დაუფარავს. ხოლო მათ, ვისაც 120 წუთი უთამაშიათ, 16 კილომეტრზეც ასულან...
ჩავარდნებიც არის. მაგალითად, “ბაიერნი” “ბარსელონას” ლიგის ნახევრაფინალში ლეო მესიმ 7, 4 კილომეტრი დაფარა, როცა არიენ რობენმა 11, ხოლო ფრანკ რიბერიმ 10, 5 კილომეტრი დაფარეს. და სხვათა შორის, იმ შეხვედრაში ყველაზე კარგი მაჩვენებელი ბარსელონელ ჩავის ჰქონდა - 11, 9 კილომეტრი.
სხვათა შორის, ბევრს გაუკვირდა, რომ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ყველაზე დიდი მანძილი ჩავიმ დაფარა, თუმცა ასეა – ის, სასწაული სისრწაფით არ გამოირჩევა, მაგრამ სულ მოძრაობაშია.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
191
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0