x
image
worldsport.ge
რევიშვილი: “დღეს ქვეყანა არაა მზად და ფეხბურთს ეს პირდაპირ ეხება”

imageნუკრი რევიშვილი არც ყველაზე ასაკოვანია საქართველოს ნაკრებში და არც ის კაცია, რომელსაც ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. მაგრამ მსმენია და ჩემი თვალითაც დამინახავს, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ხმა ამოიღოს, მართალი სიტყვა თქვას, ცუდს ცუდი დაარქვას და თვალი არ დახუჭოს, რევიშვილია. ამას, “მსოფლიო სპორტთან” მისი მორიგი ინტერვიუც მოწმობს...
საქართველო_ფინეთი _ 0:1. ქართული ფეხბურთის მორიგი წარუმატებლობა, გაცრუებული იმედები - ამით დავიწყეთ საუბარი გორის “დილასა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარესთან.
- ჩემი აზრით, არც უნდა იყოს მოლოდინი, რომ ამ ფორმაციის ნაკრები სტაბილურად ჩაატარებს რამდენიმე მატჩს და სადმე გავა. ეს ეიფორია უნდა მოვიშოროთ. ფინეთთან განსაკუთრებული არაფერი მომხდარა: წავაგეთ მორიგი თამაში, რომელშიც ყველა მოგებას ელოდა ჩვენგან. ეს პირველად არ მომხდარა. გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ რეალობას თვალს ვუსწორებ.
- ეიფორიის რაიმე საბაბი, ჰქონდა საქართველოს ნაკრებს?
- ჩვენ არც გვაქვს ეიფორია, მაგრამ გარშემო იგრძნობა. ისევ 1981 წელში ვართ დარჩენილები და გვგონია, რომ ძალიან მაგრები ვართ. ის მუხტი მოჰყვება ხალხს, არადა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები. ყველაფერი!
- ანუ? უფრო კონკრეტულად გვითხარით.
- დღეს საქართველოს ნაკრები არაფრითაა ისეთი გამორჩეული, რა მიზნებზეც მესმის ხოლმე საუბარი. ძალიან სუსტი ჯგუფი თუ შეგხვდება და თითო კალათიდან უსუსტესები ამოვლენ, კი ბატონო, რაღაც შეიძლება მოხდეს და იბრძოლო, მაგრამ ახლა, არც საძირკველია ჩაყრილი და ქვეყანაც არაა მზად. დავფიქრდეთ, რატომ უნდა გავიდეთ სადმე ჩვენ და რატომ არ უნდა გავიდეს ფინეთი? ერთ-ორ თამაშში საკუთარ თავს გადაახტები და შესაძლოა, რამე ქნა, მაგრამ მარათონში, შენზე ძლიერს ვერ აჯობებ. თუ იქნებიან არველაძეების, ქინქლაძის, კობიაშვილის, კალაძის და ამ დონის ფეხბურთელები, მაშინ კი, მაგრამ დღეს რესურსი არ ჩანს. რესურსი მხოლოდ მომავალში შეიძლება იყოს, როცა ეს ახალი თაობა, ასაკობრივი ნაკრებების ნიჭიერი ბიჭები დაღვინდებიან. საამისოდ კი საჭიროა, რომ საქართველოს ჩემპიონატი განვითარდეს თუნდაც იმ დონეზე, რომ ევროპაში ვინმემ იცოდეს. სხვაგვარად, ამ ახალგაზრდა თაობასაც დავკარგავთ. ხელი თუ არ შეუწყე, როგორ განვითარდება? სანამ ეს არ მოხდება, სჯობს ეიფორიას მოვეშვათ.
- კარგა ხანია, ნაკრები ლეგიონერების იმედზეა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ეს ლეგიონერები ტოპ-კლუბებში არ თამაშობენ. მაგალითად, ფინელთა კაპიტანი მოისანდერი “აიაქსში” თამაშობს, პუკი “შალკეში” იყო გასულ სეზონში...
- მარტო ლეგიონერების იმედად როდემდე უნდა იყოს ქვეყანა. ან როგორ უნდა იყოს? უცხოეთის კარგ გუნდში რომ წახვიდე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რამეს უნდა წარმოადგენდეს, უნდა დაინტერესდეს ის უცხოელი. 9 წელი რუსეთში ვიყავი და კარგად ვიცი, როგორი თვალით უყურებენ საქართველოს ჩემპიონატს. როცა წავედი, მაშინ კიდევ რაღაც იყო შემორჩენილი, ახლა კი, კიდევ უფრო დასუსტდა ჩვენი პირველობა. იმედია, მიხედავენ, ფული ჩაიდება, სისტემა შეიქმნება. მეეჭვება, კახა კალაძემ ეს საქმე ისე დატოვოს. მას აფიქრებს ეროვნულ ჩემპიონატში და მთლიანად ქართულ ფეხბურთში შექმნილი სიტუაცია.
- 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა, ევროპის ჩემპიონატზე მშვენიერი შედეგი აჩვენეს, მაგრამ ასე თუ ისე ძლიერ ევროპულ კლუბში, ამ ნაკრებიდან არავინ წასულა. ბევრი მათგანი პირველ ლიგაშია, ზოგი სულაც უგუნდოდაა. რატომ არ არის დაინტერესება ქართველი ჭაბუკების მიმართ? მესმის, ზოგიერთ ქვეყანაში არაევროკავშირელობა უშლის ხელს, მაგრამ ყველგან ასე ხომ არაა...
- ისევ და ისევ საქართველოს ჩემპიონატის გამო. ქართველია? ქართულ კლუბში ირიცხება? გადახედავენ ჩვენს ჩემპიონატს და ინტერესი უქრებათ.
- ვიცით, რომ იანვარში თქვენც რუსეთში აპირებთ დაბრუნებას.
- 3 კლუბის ვარიანტია. ვნახოთ, ჯერ დრო არის. გიორგი დევდარიანთან და ლევან სილაგაძესთან ვმეგობრობ, “დილას” ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივა მომეწონა და ამიტომაც ჩამოვედი. 30 აგვისტოს გვქონდა საშინაო თამაში “რაპიდთან” და რუსეთში გადასვლა ვეღარ მოვასწარი. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თორემ მქონდა ვარიანტები. დღეს რუსეთში წასვლაც რთულია საქართველოდან. მე მიცნობენ, რადგან იქ ვთამაშობდი ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ სხვა ქართველებს? ის ინტერესი აღარაა, წლების წინ რომ იყო. თან ლიმიტია და რუსულ კლუბებს ურჩევნიათ, ბრაზილიელი და არგენტინელი გადაიყვანონ. ამაში არაფერია გასაკვირი.
- გასაგებია. პრემიერლიგის კლუბში წახვალთ?
- დიახ. უბრალოდ, ჯერ არ მინდა გუნდების დასახელება.
- რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში არ უნდა გადახვიდე და თუ ვარიანტი გაქვს, სჯობს, ნაკლებ ხელფასზე წახვიდე შედარებით სუსტ ჩემპიონატში - ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- არა. თუ სწორად მახსოვს, გიორგი მაკარიძის ინტერვიუ იყო თქვენს საიტზე და მან თქვა, რომ ქართველები რუსეთსა და უკრაინაში არ უნდა მიდიოდნენ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. რადგან ასე აკეთებს, ესე იგი, ასე მიიჩნევს საჭიროდ. ვეთანხმები, რომ შესაძლოა, შედარებით მაღალ ხელფასზე თვალი დახუჭო და ევროპაში წახვიდე რუსეთის ნაცვლად, მაგრამ როცა თანხაში განსხვავება 2-3 ჯერ მეტია და კლუბიც უფრო ძლიერია, უარს არ იტყვი.
- რამდენიმე ფეხბურთელისგან ვიცი, რომ დასავლეთ ევროპაში კი არა, იგივე რუმინეთიდან და პოლონეთიდანაც კი, ქართველებზე მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთიდან და უკრაინიდან. არ გვიცნობენო.
- ასეც არის. და ამ დროს ძნელია, ფეხბურთელი გაამტყუნო, რომ რუსეთის გუნდს ირჩევს. ზოგს ასარჩევადაც არ აქვს საქმე.
- ისევ ნაკრებზე: ფეხბურთი რომ მარტო მინდორზე ბურთის გორება არაა, ეს ცხადია. ერთსულოვნება უნდა იყოს. ატმოსფერო როგორია ნაკრებში? რამდენად მეგობრულად ხართ ერთმანეთში?
- როგორც 3-4 წლის წინ იყო, ახლაც ასეა. იდეალური რომ არაა, თავადაც ხედავთ, მაგრამ წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი მინდორზე გავიდეს და რამე დააკლოს. ამაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი. ეს კლუბი არაა, ქვეყნის სახელი გაგვაქვს საზღვარგარეთ. გაუსაძლისი სიტუაცია ნამდვილად არაა ნაკრებში, მაგრამ წაგებები რომ მოქმედებს, ამას თქმა არ უნდა.
- რას იტყვით თემურ ქეცბაიასა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის მომხდარ გაუგებრობებზე?
- ქეცბაია თავისებური ადამიანია, მაგრამ უნდა გაუგონ. შეიძლება მეც არ მომწონს თუნდაც ტაქტიკა, მაგრამ უნდა შევიგნოთ: ეს საქართველოს ნაკრებია და არა თემურ ქეცბაიასი, ნუკრი რევიშვილის, ან კონკრეტულად რომელიმე ერთი კაცის. ქეცბაია მწვრთნელია და ასე ხედავს, ამიტომაც, როცა მუშაობს, გვერდში უნდა დავუდგეთ. სხვა მოვა - სხვისაც ვიღაცას რაღაცა არ მოეწონება და ასე ვიტრიალოთ წრეზე? კონფლიქტები კარგს არ მოიტანს, მხოლოდ არევს ისედაც არეულ სიტუაციას. და დღეს რომ ნაკრებს რთული პერიოდი უდგას, ამას თქმა რად უნდა.
- თქვენზე ვიცი, რომ ნაკრებში როცა ცუდი ხდება, შიგნითვე ამბობთ. მაინტერესებს, თუ იყო მცდელობა თქვენგან, ალეკო ამისულაშვილისგან, ზურაბ ხიზანიშვილისგან და სხვა შედარებით გამოცდილი ფეხბურთელებისგან, რომ ქეცბაიასა და რამდენიმე მოთამაშეს შორის გაუგებრობა აღმოფხვრილიყო? ხომ შეიძლება შერიგება... ფაქტია, ნაკრებს დააკლდნენ ლევან კობიაშვილი, ალესანდრე იაშვილი, თავის დროზე გოგიტა გოგუა და დავით სირაძე, ახლა ლევან ყენიაც.
- სიმართლე, უნდა ითქვას და არ უნდა დაიმალოს. მე პირში თქმა მიყვარს. ყოფილა მცდელობა ჩვენგან და ხიზანიშვილისგანაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ “ხიზანას” თავად მოუვიდა კონფლიქტი. ამაზე, უმჯობესია, რომ თავად ზურამ თქვას. ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველანი დააკლდნენ ნაკრებს, იყო კიდეც გაუგებრობის აღმოფხვრის მცდელობები, მაგრამ ქეცბაიამ ეს გზა აირჩია. საბოლოოდ, მაინც ამისკენ მივდივართ. მწვრთნელია და ასე მიიჩნევს საჭიროდ. ერთსულოვნებასა და სიმართლის პირში თქმას რაც შეეხება, გორის “დილაში” ამით მივაღწიეთ რაღაცას, ორი ეტაპი ამით გავიარეთ. ერთსულოვნება მოედანზეც გადადის.
- “დილაზე” უფრო დავკონკრეტდეთ: რა იყო “ზესტაფონთან” მარცხის მიზეზები?
- აშკარად გვაჯობეს. არა მგონია, ‘ზესტაფონი” ჩვენზე ძლიერი იყოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში გვაჯობეს და დამსახურებულად მოიგეს. ესაა ფეხბურთი. მოხდა ისე, რომ “დილადან” ვერავინ ითამაშა სათანადოდ.
- ზამთარში დატოვებთ გუნდს და საერთოდაც, უცნობია, როგორი იქნება “დილა” ახალი წლიდან, მაგრამ ამ ფორმაციის გუნდს, თუ შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა?
- ვფიქრობ, შეუძლია. ყველამ იცის, რომ კლუბს ფინანსურად არ ულხინს და რაიმე დახმარება თუ იქნება, რატომაც არ შეუძლია ჩემპიონობა? ჯერ ბუნდოვანი სიტუაციაა. ოღონდ, მსაჯობა არ უნდა იყოს ისეთი, თბილისის “დინამოსთან” რომ ვნახეთ. წარმოიდგინეთ, ორი საუკეთესო გუნდი თამაშობს და მასპინძელს ასე ექცევიან მსაჯები. წეღან ჩემპიონატის განვითარებაზე ვსაუბრობდით და ასეთი მსაჯობის შემხედვარე, ეს შეუძლებელია. ამ მხრივაც დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. რუსეთშიც კი მოისპო ასეთი მსაჯობა. მსგავსი რამ, რაც “დილა”-“დინამოს” თამაშში ვნახე, რუსეთში აღარ ხდება.





ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0