x
image
worldsport.ge
“დინამოს” სინდრომი

imageხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ქართველებმა ერთმანეთის გატანა არ ვიცით და წაქცეული თანამემამულისთვის ჭიტლაყის კვრა ჯიგარში გვაქვს გამჯდარი. ჩვენი ეს სამწუხარო თვისება ხშირად დაგვხვედრია წინ და რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ საპირისპირო, ფაქტია, რომ ურთიერთსოლიდარობის კუითხით, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. თუმცა, ქართული საკლუბო ფეხბურთი და ზოგადად ქართული სპორტი, ამ მავნე ჩვევის სრულიად საპირისპირო მხარეებს გვაჩვენებს.
ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, შესაძლებელია, ევროტურნირებზე გასული გორის “დილასთვის” თბილისის “დინამოს” ქომაგებს საერთოდ არ ეგულშემატკივრათ. მეტიც – ადვილი შესაძლებელია, რომ სხვა ქალაქებში მცხოვრები ქომაგები, “დილას” უცხოელ მეტოქეთა მხარეზეც კი ყოფილიყვნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ქართველ ქომაგებს ჩვენი ყველა კლუბი თანაბრად გვტკივა და წარმოშობისდამიუხედავად, ყველა ქართული კლუბის წარმატება თანაბრად გვახარებს.
მაგალითად, გუშინ ზესტაფონელ ქომაგებს შორის აღმოვჩნდი. ისეთ ქომაგებს შორის, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე დადიან “ზესტაფონის” საშინაო თუ საგარეო თამაშებზე და ალალად იხლეჩენ ხმას საყვარელი კლუბის გულშემატკივრობაში. ერთ-ერთი ქომაგთაგანი გამომიტყდა, რომ, როდესაც “ზესტაფონს” გორის “დილა“ ხვდება, მოწინააღმდეგეთა მიმართ არც გინებას იშურებს და არც კრულვას. მაგრამ, როდესაც “დილა” ევროტურნირებზე გავიდა, მისთვის უკვე აღარც გორი არსებობს და აღარც ზესტაფონი. არსებობს მხოლოდ ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელიც უცხოელებს ხვდება და რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჰოდა, გულშემატკივრობენ კიდეც!
ალბათ, ძალიან რთულია, რომ “ბარსელონას” ქომაგებს აუხსნა ეს ჭეშმარიტად ქართული ფენომენი. “ბარსას” გულშემატკივარს ხომ უწინამც დღე დაელევა, ვიდრე “რეალს” უგულშემატკივრებს, თუნდაც სრულიად ინგლისის კლუბები წეწავდნენ და ხრავდნენ. ასეთივე “ნაზი” გრძნობები აკავშირებთ ერთმანეთის მიმართ “რომასა” და “ლაციოს” ტიფოზებს, “ბაიერნისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ქომაგებს და სხვათა და სხვათ... ამ დროს კი, საქართველოში – ქვეყანაში სადაც გაუტანლობა, ხშირ შემთხვევაში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, მთელი ქვეყანა ერთ გუნდად იკვრება და ყველას ავიწყდება წარსული წყენები. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ეს თვისება არის კარგი მომავლის იმედიცა და დასაწყისიც. თუმცა...
თუმცა, ჩვენ ხომ საკლუბო ფეხბურთის არცთუ დიდი ტრადიციები გაგვაჩნია. ჩვენ ხომ ათწლეულების მანძილზე, რეალურად, მხოლოდ ერთი დიდი კლუბი გვყავდა. თბილისის “დინამო” ქართველებსთვის იყო კლუბიც და ნაკრებიც, ფეხბურთის დასაწყისიც და დასასრულიც, იმედიცა და გულისტკენაც, სიხარულიცა და წყენაც, ანიც და ჰოეც... საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა (რომელიც აგერ, უკვე 20 წელზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის) ბევრ ქართულ ქალაქში თანდათან ჩამოაყალიბა კლუბის ქომაგობის ტრადიციაც და საყვარელი გუნდის მხარდაჭერაც ნელ-ნელა ვისწავლეთ. მაგრამ, ვერ გავექეცით და ალბათ, კარგა ხნის მანძილზეც ვერ გავექცევით “დინამოს” ყოვლად უცნაურ სინდრომს.
იყო დრო, როდესაც “ფეხბურთის თამაშზე მისვლა”, აუცილებლად “დინამოს” სტადიონზე მისვლას ნიშნავდა. ქართული კლუბების არსებობის ერთადერთი “გამართლება” “დინამოსათვის” კადრების მიწოდება იყო. მაშინ ამ სხვა კლუბებს ვერც გაამტყუნებდი, რადგან უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა ნიჭიერი ფეხბურთელის, ან კარგი მწვრთნელის შენარჩუნებაზე ფიქრს, როდესაც ცხადზე-ცხადი იყო, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის წარმატებისა და წინსვლის გზა, სწორედ დიდ და ლეგენდარულ თბილისურ კლუბზე გადიოდა. მეტ-ნაკლებად, ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.
დაბოლოს, კარგია თუ ცუდი ის, რომ გორის “დილას” ზესტაფონელი (და არამხოლოდ ზესტაფონელი) ქომაგებიც გულშემატკივრობენ? რა თქმა უნდა კარგია! უფრო მეტიც – შესანიშნავია! ეს ყველაფერი, შესაძლოა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარებას ნაკლებად წაადგება, მაგრამ საქართველოსთვის არის კარგი! საქართველო კი, უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი!


ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0