x
image
worldsport.ge
დაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები

imageდაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები! ქინქლაძის, ქეცბაიას, არველაძეების, ცხადაძის, შელიას, კალაძის ნაკრები! ბევრ თამაშს რომ აგებდა, მაგრამ მაინც რომ გვეამყებოდა – ის ნაკრები! ხშირად რომ გულს გვტკენდა – ის ნაკრები! მოლდოვასთან რომ აგებდა და ბულგარეთს რომ ამარცხებდა – ის ნაკრები! დღეს, უკვე აღარ ვიცით, სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები და რომელი თამაში ვაჩვენოთ. ანდა საერთოდ ღირს კი შვილის სტადიონზე წაყვანა? წაიყვან და რა უნდა უთხრა? ეს არის ჩვენი გუნდიო? ამისთვის ვღვრით ცრემლსო? სულ ესა ვართო?! ამიტომ, დაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები!
არ გვითხრათ, წარსული წლებისა და ახალგაზრდობის დაბრუნება შეუძლებელიაო. ნურც იმას გვეტყვით, ქინქლაძის სასწაულები წარსულში დარჩაო. თუ ეს ყველაფერი აღარ დაბრუნდება, მაშინ რითი ვიცოცხლოთ? ვისი იმედი გვქონდეს? ვის და რის გამო უნდა ავიტკიოთ გული, როდესაც ტელევიზორებს მივუჯდებით, ანდა სტადიონის ზღურბლს გადავკვეთთ? ამიტომ, დაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები!
გუშინ, შიდა ქართლის ერთ-ერთ პატარა სოფელში პაპანაქება სიცხეში თორმეტიოდე წლის ბავშვი მტვრიან შარაზე იდგა და ბურთს კენწლიდა. ისე უბრალოდ, სულ მარტო იდგა შარაზე, კენწლიდა და თან ჩუმად თვლიდა: 32, 33, 34... ისეთი კარგი სანახავი იყო, უკეთესს მართლა ვერაფერს ნახავდა კაცი. შუბლზე ოფლი ჩამოსდიოდა, ეცვა “ბარსელონას” ძველი, გადახუნებული მაისური. კენწლიდა და თვლიდა... ლეო მესი ვარო – მითხრა. კიდევ, ჩავი მომწონსო, ინიესტაო, ფორლანიც მაგარიაო. ქართველი ფეხბურთელებიდან კი ამ პატარა ბიჭმა გაგიკვირდებათ და კახი კალაძისა და შოთა არველაძის გარდა, თითქმის არავინ იცოდა. ჰო, კიდევ ის იცოდა, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. საქართველოს დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელები კი ვერა და ვერ გაიხსენა. ნაკრების თამაშებს არც ვუყურებო – მითხრა. მამაჩემი უყურებს და დავცინი, მერე რომ ბრაზობს და იგინებაო... განა რამის თქმა მინდა ამ ამბით. არაფერი ისეთი. თავადაც მიხვდებით ალბათ... ჰოდა, ამიტომაც ვამბობ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები!
ამასწინათ ძველ გაზეთებში ვიქექებოდი და სრულიად ახალგაზრდა კახი კალაძის ინტერვიუს წავაწყდი. კახი ამბობდა: ჩვენ ნაკრებში არავისზე ნაკლები ფეხბურთელები თამაშობენო და ეს თაობა ღირსია, რომ ერთხელ მაინც გავიდეთ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზეო. ვერ გავიდნენ! ვცვალეთ მწვრთნელები, ვამუშავეთ ტაქტიკები და ავიდუღეთ ტვინი იმაზე ფიქრში – როგორ უნდა აგვეშენებინა უკეთესი გუნდი. მაგრამ მაინც ვერ გავედით. კაცმა რომ თქვას, ეს არცაა გასაკვირი. ხან ისეთ ჯგუფში ვხვდებოდით, იქიდან ჩვენი ნაკრები კი არა, ქაჯ-ეშმაკებიც ვერ გავიდოდნენ. ხან კიდევ, მოვიყვანდით ყოვლად უცნაურ მწვრთნელებს და იმათი ცდებისა და ექსპერიმენტების ცქერაში გავლიეთ წლები. მერე თაობაც შეიცვალა. მერე, ვიღაცეები წავიდნენ და ვიღაცეები მოვიდნენ. მერე გავბრაზდით. მერე დავიღალეთ... და სულ ბოლოს, მე ვნახე ბავშვი, რომელსაც “ბარსელონას” მაისური ეცვა, უყვარდა ანდრეს ინიესტა და არ იცოდა საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელის გვარი!
კახეთში ერთმა კარგმა კაცმა თქვა დანანებით: ჩემი შვილი რომ გაიზრდება და მკითხავს, აფხაზეთი რა არისო, მაშინ შემრცხვება ყველაზე მეტად, ჩემი თაობის უსუსურობის გამოო. იმ კარგ კაცს შვილმა შეიძლება ისიც ჰკითხოს: საქართველოში ერთ დროს ფეხბურთსაც თუ თამაშობდნენ, აქამდე რატომ არ მითხარიო... მიდი და გაეცი ამაზე პასუხი თუ ბიჭი ხარ! ჰოდა, ამის რჯულიც არ იყოს – დაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები!


ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

3
68
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
68
  
2013, 22 ივლისი, 10:23
გაიხარე მეგობარო... დამბურძგლა მართლა... გამახსენდა ძველ ტელევიზორში რომ ვუყურებდით ჩვენი ნაკრების თამაშს ვიცოდით რომ შანსები დიდი არ იყო მაგრამ ბიჭები მაინც იბრძოდნენ ... ცუდი მარტო ფულზე ფიქრში გადაიზარდა სპორტი... ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭები უფულობის გამო იკარგებიან და ისევე მტვრიანი შარის ფეხბურთელებად რჩებიან, მაშინ როდესაც მათი ნიჭის პატრონებს მართლაც ბევრის მიღწევა შეუძლიათ... არ ვარ დიდი 21ს ვარ და მახსოვს ჩემს ბავშვობაში ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, ჩემთან ერთად მოთამაშე ბავშვებში ბევრი ისეთი ნიჭიერი და კარგი მომავლის მქონეც იყო, რომ ბევრს შეშურდებოდა , მაგრამ უსახსრობის გამო მათი ნიჭი მტვერმა "მიითვისა"... სანამ ფეხბურთს ისევე სპორტის სტატუსი არ დაუბრუნდება და მხოლოდ ფულზე არ იქნება აქცენტი არაფერი გვეშველება... ვთვლი, რომ უნდა ტარდებოდეს შესარჩევი ვარჯიშები და ამოირჩნენ ისეთი ბიჭები ვისაც საშუალება არ აქვთ მაგრამ დიდი ნიწი აქვთ და უნდა დაფინანსდნენ ... ეს არა მარტო ფეხბურტში, არამედ სხვა სპორტის სახეობებშიც უნდა იყოს, თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ ... იმედია ისევე ბევრჯერ გავიხარებთ ჩენი ნაკრებით... იმედია მოინდომებენ ბიჭები და მათი ყველას სახელი გვეცოდინება ... წარმატებები ახალ თაობას და მადლობა ძველს .
2013, 21 ივლისი, 20:01
საოცარი გულით დაწერილი ნიუსია და სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია...ქვეყნის ჩემპიონატს ჭირდება კარგი პატრონი და მერე ნაკრებსაც ეშველება
2013, 21 ივლისი, 19:57
და ასათიანი გამოგრჩა ავტორ!!!ცუდია ესე რომ ივიწყებენ ქართველები ერთ დროს სიხარულს რომ გვანიჭებდა ისეთ ფეხბურთელებს,თუმცა თვალში რომ არ გვეჩხირება და ზედმეტად თავმდაბალი იყო მიტო ხდება ესე...
0 1 3