x
image
worldsport.ge
დიდი სტუმრები "დინამოს" აკადემიაში

imageმადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, დაახლოებით ექვსის ნახევარზე, თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზე მოვიდა, სადაც გუნდს შეხვდა. რონალდუ 10 წუთით გაჩერდა ბაზის ტერიტორიაზე, დაათვალიერა და შემდეგ "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიას მიაშურა.
მასთან ერთად იყვნენ ახლო წარსულში უკრაინელი ვარსკვლავი ანდრეი შევჩენკო, საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი, ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია.
"დინამოს" ბაზაზე პრესის ჟურნალისტებს რონალდუს ნახვის საშუალება არ მოგვცემია, აკადემიაში კი მან საცხოვრებელი ადგილი და ყველა მინდორი დაათვალიერა. ბალახი მოსინჯა, მერე ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად.
მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი ადამიანი იყო, ზოგიერთებმა რონალდუსთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფიც მიიღეს. "მოგესალმებით. პირველად ვარ საქართველოში და მინდა, მთელ ქვეყანას წარმატება ვუსურვო. მშვენიერი აკადემიაა ევროპული სტანდარტებით და საქართველოს ვუსურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყოლოდეს. ფეხბურთი დიდ შრომას მოითხოვს და ვიცი, ძნელია მშობლებისგან შორს იყო. ამიტომაც კარგია, რომ ასეთი კომფორტული პირობებია ბავშვების საცხოვრებლად", - თქვა პორტუგალიელმა.
რონალდუსთან შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ანდრეი შევჩენკოს, თუმცა ვერ ვიტყვით, თითქოს მთლად თავისუფლად იყო. "შევა" ბევრჯერაა თბილისში ნამყოფი, თანაც, რონალდუსგან განსხვავებით, უკვე ვეტერანი ფეხბურთელია.
"მსოფლიო სპორტმა" მასთან ორიოდე წუთით მოასწრო გასაუბრება:
- კარგი აკადემიაა. თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა კარგი საფუძველი ჩაყარა. მშვენიერია, როცა ახალ თაობას საშუალებას აძლევ კომფორტულად ყოფნისთვის. იმედია, ბავშვებისთვის სტიმული იქნება ის ფაქტი, რომ აკადემია გავხსენით. ვფიქრობ, კარგი საქმე გავაკეთეთ. კახა კალაძემ და მე, არცთუ ცოტას მივაღწიეთ კარიერაში, დღეს კი, თბილისში ჩვენთან ერთადაა თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი.
- თქვენი უახლოესი გეგმები როგორია? საფეხბურთო კუთხით ვგულისხმობ.
- სამწვრთნელო კურსებს გავდივარ კიევში. ვნახოთ, დღესდღეობით ესაა. კონკრეტულად რომელიმე გუნდის მწვრთნელობაზე საუბარი ჯერ არ მიდის.
აკადემიის გახსნას თბილისის "დინამოს" ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი...
კახა კალაძე: "ევროპის ნებისმიერ ძლიერ ქვეყანაში ყურადღება ექცევა ახალი თაობის აღზრდას და მოხარული ვარ, რომ თბილისის "დინამოში" ეს ხდება. ევროპული სტანდარტების აკადემიაა და "დინამოს" პრეზიდენტმა მშვენიერი საფუძველი ჩაუყარა კლუბის მომავალს. ჩვენ, მთავრობის წარმომადგენლები, მივესალმებით ამ ყველაფერს.
... დღეს გასამართ მატჩს რაც შეეხება, ამხანაგურია და მიუხედავად ამისა, დაძაბულ თამაშს ველით. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ჰქონდა თამაში რუსულ კლუბს საქართველოში. კარგია, რომ ეს შეხვედრა ტარდება".
აკადემიის გახსნის შემდეგ, რონალდუ და შევჩენკო თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად გაემგზავრნენ.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
417
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0