ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი ნაციონალური კონგრესის წევრმა რომარიომ მკაცრად გააკრიტიკა ფიფა. რომარიოს თქმით, ის ლაპარაკობს არა როგორც ყოფილი სპორტსმენი ან პოლიტიკოსი, არამედ როგორც უბრალო ბრაზილიელი. რომარიო უერთდება ბრაზილიელ ხალხს და მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის აგებული სტადიონებისთვის დახარჯული უზარმაზარი თანხები სოციალურად უფრო მნიშვნელოვან პროექტებზე, მაგალითად სკოლებისა და სპორტული მოედნების შენებაზე უნდა დახარჯულიყო. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში კონფედერაციის თასის პარალელურად მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დახარჯული თანხების საწინააღმდეგოდ.
“ფიფა უბრალოდ იყენებს ჩვენი ხალხის ფულს, - ამბობს რომარიო, - ეს უპატივცემულობაა, მაგრამ მათ სინდისი არ აწუხებთ. იმ ფულით რაც სტადიონების მშენებლობაში დაიხარჯა, შეგვეძლო 8 ათასი სკოლა აგვეშენებინა, გვეყიდა 39 ათასი სასკოლო ავტობუსი ან მოგვეწყო 28 ათასი სპორტული მოედანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალაქ ბრაზილიაში, “მანე გარინჩას” სტადიონის აშენებაში დახარჯული ფულით შეგვეძლო 150 ათასი ბინა აგვეშენებინა ღარიბებისთვის. მაგრამ არა, ჩვენ 1, 5 მილიარდი რეალი დავახაჯეთ სტადიონს. ის ლამაზია? დიახ. პრაქტიკულია? არც ისე, თანაც კონფედერაციის თასის შემდეგ რაღაცეები კიდევ დასამატებელი იქნება.
ბრაზილიის ნამდვილი პრეზიდენტი ფიფაა. ეს ორგანიზაცია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფოში სახელმწიფო შექმნა. მუნდიალის შემდეგ ფიფა 4 მილიარდიან მოგებას ნახავს, საიდანაც 1 მილიარდი გადასახადი უნდა იყოს, მაგრამ ისინი არაფერს გადაიხდიან. მოვიდნენ, შოუ ჩაატარეს, არაფერი დაუხარჯავთ და ყველაფერი მიაქვთ. არადა, ფული უბრალო ხალხის ჯიბეებიდან მიდის.
სოლომონ გულისაშვილი
www.worldsport.ge