x
image
worldsport.ge
ბრაზილია vs იტალია
imageდღეს, თბილისის დროით 23 საათზე, ბრაზილიის ქალაქ სალვადორის “არენა ფონტე ნოვას” სტადიონზე, კონფედერაციის თასის მატჩში ერთმანეთს პლანეტის ორი ყველაზე ტიტულიანი ნაკრები დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ორივემ ჯამში 9-ჯერ შეძლეს ოქროს მედლების მოპოვება. ისინი ერთმანეთს სულ 16-ჯერ შეხვედრიან, აქედან ერთხელ კონფედერაციის თასზეც, 2009 წლის ივნისში, სამხრეთაფიკულ პრეტორიაში სამხრეთამერიკელებმა 3:0 იმარჯვეს. მათი ბოლო შეხვედრა კი წლეულს 21 მარტს შვეიცარიულ ჟენევაში შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა. უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ამათი დაპირისპირების 4 საუკეთესო მატჩი გამოჰყო.
იტალია – ბრაზილია 2:1. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი. 1938 წლის 16 ივნისი. მარსელი
მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ, მარსელური მატჩის ფავორიტებად მაინც ბრაზილიელები მიიჩნეოდნენ და მათაც რამდენიმე ფეხბურთელი საფინალოდ დაასვენეს, თუმცა ფინალში ვიტორიო პოცოს შეგირდები გავიდნენ და მერე ჩემპიონებიც გახდნენ. უკვე მე-9 წუთზე ჯინო კოლაუსიმ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ჯუზეპე მეაცამ პენალტით გააორა. როცა ლეგენდარული მეაცა 11-მეტრიანის დასარტყმელად ემზადებოდა, შორტის რეზინი გაუწყდა და დარტყმისას შორტი მარცხენა ხელით ეჭირა.image

ბრაზილია – იტალია 4:1. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. 1970 წლის 21 ივნისი. მეხიკო
ფინალამდე იტალიამ ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩში გფრ-ის ნაკრები 4:3 დაამარცხა. 5 გოლი დამატებით დროში გავიდა. ოთხი დღის შემდეგ კი მეხიკოში ფერუჩიო ვალკარეჯის ბიჭები ბრაზილიასთან პირწმინდად დამარცხდენენ. მართალია, რობერტო ბონინსენიამ პელეს გოლი გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში “სელესაომ” კიდევ 3 გოლი გაიტანა. თავი გერსონმა, ჟაირზინიომ და კარლოს ალბერტომ გამოიჩინეს. “მატჩის წინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ პელე ისეთივე ადამიანია, როგორც ყველა ჩვენ, - იხსენებს იტალიის ნაკრების მცველი ტარჩიზიო ბურგნიჩი, - მოგვიანებით მივხვდი, რომ ვცდებოდი.”image

იტალია – ბრაზილია 3:2. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი. 1982 წლის 5 ივლისი. ბარსელონა ბრაზილიელებს ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდათ. ფალკაოთი, სოკრატესით, ჟუნიორით, ედერითა და ზიკოთი სამხრეთამერიკელები მატჩის ფავორიტები იყვნენ იტალიელებთან, რომლებმაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა პერუსთან, პოლონეთთან და კამერუნთან ფრედ ითამაშეს. სინამდვილეში კი პაოლო როსის გოლების შემდეგ ბრაზილიელები ორჯერ აღმოჩდნენ მდევრის როლში. 74-ე წუთზე როსიმ მესამე და გადამწყვეტი ბურთი გაიტანა. ამით იტალიელთა შემტევი არ დაკმაყოფილებულა, ნახევარფინალში პოლონელებთან მან დუბლი მიითვალა, ფინალში გფრს-თან კი პირველი გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. “რამდენიმე წლის შემდეგ ბრაზილიაში ვისვენებდი, - იხსენებს როსი, - იქ ერთმა ტაქსის მძღოლმა მიცნო და თავაზიანად მთხოვა მანქანიდან გადასვლა, რადგან სრულიად ბრაზილია ძალიან გავანაწყენე".

image


ბრაზილია – იტალია 0:0 (პენ. 3:2). მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. 1994 წლის 17 ივლისი. ლოს ანჯელესი რობერტო ბაჯოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით იტალიელები ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, სადაც მათ ბრაზილიელები ელოდნენ. გუნდებმა 120 წუთში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს და გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიამ გამოავლინა. ფრანკო ბარეზისა და რობერტო ბაჯოს უზუსტო დარტყმებმა ჩემპიონობა ბრაზილიელებს არგუნა. “ეს ჭრილობა არასოდეს დამიამდება, - ამბობს ბაჯო, - ასეთი რამ სხვა დროს არ დამმართნია – ბურთი კარს ზემოდან გადავაცილე. იმ მომენტში მერჩივნა მიწა გამსკდომოდა.”


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge



0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0