მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მისმა გუნდმა “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 7:0 აჯობა, ის კატალონიურ კლუბს ევროპაში მაინც საუკეთესოდ მიიჩნევს.
“ბაიერნმა” გასულ სეზონში ჰეთ-თრიკი შეასრულა - ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი მოიგო. ახლა 28 წლის ფეხბურთელის კოლექციაში 13 მნიშვნელოვანი ჯილდოა: ექვს-ექვსი - ქვეყნის ჩემპიონობა და თასი და ერთი - ევროპის ჩემპიონთა თასი. და მაინც, შვაინშტაიგერი სულაც არ აპირებს მოდუნებს და როგორც Goal-თან ინტერვიუში აღნიშნა, ახალ სეზონს ახალი ჯილდოების მოპოვების იმედით ელოდება.
“ძალიან სასიამოვნოა ამ 13 ჯილდოს ერთად ყურება, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ მათ შემხედვარეს კიდევ და კიდევ მეტი ტიტულის მოპოვება მინდა. ჯერ მხოლოდ 28 წლის ვარ და ეს ის ასაკია, როდესაც ფეხბურთელი სრული ბრწყინვალებით იხსნება. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს. ვიმედოვნებ, რომ ერთი წლის შემდეგ ჩემს კოლექციას კიდევ რამდენიმე ჯილდოს შევმატებ. ახალი სეზონიდან პეპ გვარდიოლას სახით კვლავ მსოფლიო დონის მთავარი მწვრთნელი გვეყოლება და ჩემპიონატის განახლებას დიდი მოლოდინით ველით”, - თქვა შვაინშტაიგერმა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნისთვის” გასული სეზონი ასეთი წარმატებული იყო და გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მოხსენიება ნაადრევია.
“ჩემი აზრით “ბარსელონა” ევროპის საუკეთესო გუნდად რჩება. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში სწორედ ის დომინირებს საერთაშორისო არენაზე. რაც დიდიც უნდა იყოს გამარჯვება, ვერავინ იტყვის - “ახლა ჩვენ პირველები ვართ ევროპაში”. მაგრამ “ბარსელონასთან” მიუნხენში გამართულ მატჩში ჩვენ სრულყოფილებას მივაღწიეთ და რეალურად განვახორციელეთ ყველა ტაქტიკური ჩანაფიქრი. გასული სეზონის გამოცდილება გამოვიყენეთ და მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ. იუპ ჰაინკესმა ნამდვილ გუნდად გვაქცია. ახლა მცველები და თავდამსხმელები ერთიანნი არიან. ჩვენი შემტევები მუხლჩაუხრელად მუშაობენ დაცვაში და სწორედ ეს გახდა წარმატების საწინდარი. გუნდური სულისკვეთება გაგვიჩნდა, რამაც ახლაც მოგვიტანა წარმატება და მომავალშიც აუცილებლად გამოგვადგება”, - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
www.worldsport.ge