x
image
worldsport.ge
კახა კალაძე: “ლობანოვსკი ჩემთვის განსაკუთრებული მწვრთნელი და მასწავლებელია”

imageრამდენიმე დღის წინათ საქართველოს ნაკრების ყიფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა უკრაინულ გამოცემა “კომანდას” ჟურნალისტ იური ტროხიმჩუკს. ინტერევიუ საკმაოდ ვრცელია და მას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
- კახა, თითქოს გუშინ იყო: ლობანოვსკის მიწვევით, გამოუცდელი და მორცხვი ჭაბუკი კიევის დასპყრობად რომ ჩამოხვედით. ახლა კი გამოსათხოვარ მატჩს ატარებთ. კმაყოფილი ხართ თქვენი კარიერით?
- ახლა, როცა თითქმის 20 წლიან კარიერას თვალს ვავლებ, შემიძლია ვთქვა, რომ უკმაყოფილო არ ვარ. ფეხბურთი ისეთი სპორტია, ყოველთვის შეიძლება მეტს შესწვდე ვიდრე მიგიღწევია. ვცდილობდი წინ და წინ მევლო და იმას მივაღწიე, რომ ჩემი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გავხდი. დიდებულ გუნდებში ვთამაშობდი და “მილანთან” ერთად ხმაურიანი გამარჯვებები მოვიპოვე, უმაღლეს დონეზე უამრავი მატჩი ჩავატარე და ვამაყობ ამით. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი “იუვენტუსის” წინააღმდეგ დღემდე დეტალებში მახსოვს. ასეთი სამახსოვრო მატჩები ბევრი მაქვს.…
- ვის გარეშე ვერ გახდებოდით ის, ვინც ხართ?
- ვფიქრობ, ფეხბურთისა და სპორტის დიდი სიყვარულის, შრომისმოყვარეობისა და იღბლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.
- თქვენ მრავალ გამოჩენილ მწვრთნელთან გითამაშიათ. რომელმა დატოვა თქვენზე წარუშლელი კვალი?
- ყველას მადლიერებით ვიხსენებ, ბავშვობის დამრიგებლებსაც და დიდ მწვრთნელებსაც. პირველებმა ის ბაზისი მომიმზადეს, რომელიც შემდეგ თბილისისა დი კიევის “დინამოებში” დავხვეწე. განსაკუთრებულ მწვრთნელად და მასწავლებლად კი ვალერი ლობანოვსკის მივიჩნევ. მასთან მუშაობისას იმ დონეს მივაღწიე, რომელმაც “მილანში” გადასვლის საშუალება მომცა. იქ კი ფათიხ თერიმისა და კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით უფრო მაღალ დონეზე ავედი.
- როგორ მიიქციეთ ლობანოვსკის ყურადღება, გახსოვთ? სად შეგამჩნიათ?
- როგორც მახსოვს, გადამწყვეტი მომენტი საქართველო-იტალიის შესარჩევი მატჩი იყო, რომელიც თბილისში 0:0 დამთავრდა.
- რას ნიშნავს თქვენთვის გამოსათხოვარი მატჩი. ძნელი იყო მისი ორგანიზება?
- უპირველესად ეს მეგობრებთან, ყოფილ პარტნიორებთან და მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საშუალებაა. შემდეგ პატივის მიგება იმ საქმესთვის, რომელსაც ვემსახურებოდი, დაბოლოს, ქართველ გულშეამტკივართა ვალი – დიდი ხანია თბილისში მათთვის მსგავსი ზეიმის მოწყობა მინდოდა. ძნელი ხომ არ იყო მალდინისა და კანავაროს დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა? არა, მათი უმრავლესობა ჩემი მეგობრები არიან და სიამოვნებით დამთანხმდნენ ჩამოსვლაზე.
- რატომ გამართეთ ეს მატჩი ახლა. კარიერა ხომ შარშან დაამთავრეთ?
- თავიდან მატჩის გამართვა 2012 წლის შემოდგომაზე გვინდოდა, მაგრამ, ალბათ გახსოვთ, მაშინ საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, მე კი ოპოზიციურ კოალიციაში ვიყავი. როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, მთავარი სტადიონსკენ გზა დამიკეტეს. აი, მაშინ შევპირდი გულშემატკივრებს, რომ ჯერ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებდით და გაზაფხულზე გამოსათხოვარ მატჩსაც გავმართავდი. თანაც ამ ვარიანტს ერთი დიდი პლუსი აქვს, მინდორზე ჩემთან ერთად გიორგი დემეტრაძეც იქნება, რომელიც ციხიდან ზამთარში გაათავისუფლეს.
- გავიგეთ, რომ ხელისუფლება სტადიონის ბლოკირების გარდა უამრავ წინააღმდეგობებს გიქმნიდათ. აყადაღებდნენ თქვენს საბანკო ანგარიშებს და ქონებას… ყოველივე ამის შემდეგ გული არ აიყარეთ? იტალიაში დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდათ?
- მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმს ოფიციალურად დავუპირისპირდი, ჩემს ბიზნესს მართლაც შავი დღე დაუდგა. მიუხედავად ამისა, ბოროტებასთან ბრძოლა მაინც გავაგრძელე. სტიმულს ის მაძლევდა, რომ ასეთივე პრობლემები საქართველოში ათიათასობით ადამიანს ჰქონდა. მათ დაიჯერეს ჩვენი ბრძოლის და იმედოვნებენ, რომ ჩვენს კოალიციას შესწევს ძალა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ეს რწმენა და ჩემი ხალხის სიყვარული მაძლიერებს და ვერავითარი ფული თუ წამხდარი ბიზნესი ამ გრძნობას ვერ შემიცვლის.
- რომელი უფრო ძნელი იყო - არჩევნებში გამარჯვება თუ სამინისტროში მუშაობის დაწყება. თქვენ ხომ ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გქონდათ?
- ორივე ძნელია, თუმცა საინტერესო. ბავშვობიდან მივეჩვიე მიზნის დასახვას და მის შესრულებას. ასე ვარ სპორტშიც, სამსახურშიც და პოლიტიკაშიც.
- ბევრი უკრაინელი სპორტსმენიც მიდის პოლიტიკაში. მცირე გამოცდილება ანდრეი შევჩენკოსაც ჰქონდა. თქვენ ვინმეს ბაძავდით?
- არა. პოლიტიკოს-სპორტსმენებს შორის ასეთი არავინ მყავს. ისე კი, სამაგალითო პოლიტიკოსი ჩემთვის პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.
- ძალიან დაკავებული ხართ და სპორტული ფორმის შენარჩუნებას თუ ახერხებთ?
- ნახევარი წელიწადია სამინისტროში ვმუშაობ და ხანდახან რამდენიმე კვირა ისე გადის, ვარჯიშს კი არა გამოძინებასაც ვერ ვასწრებ. ცხადია, ვცდილობ მეგობრებთან ერთად ვითამაშო, ტრენაჟორების დარბაზშიც დავდივარ ხოლმე, მაგრამ ამას დილით ადრე, ან გვიან ღამით თუ ვახერხებ, როცა ნორმალურ ადამიანებს უკვე სძინავთ (იცინის).
- თქვენს სამსახურში კაზუსებიც ხდება ხოლმე. მაგალითად, ერთ-ერთი სხდომის დროს ენერგეტიკის სამინისტროში შუქი ჩაქრა.…სახალისოა არა?
- როცა ეს ისტორია მახსენდება, მეცინება ხოლმე. საქმე კი ასე იყო: ჩემი მინისტრად მუშაობის პირველი თუ მეორე დღე გახლდათ, საკუთარ კაბინეტში დელეგაციას ვიღებდი და ვიღაცამ შეცდომით თუ არცოდნით სხვა ჩამრთველი გამორთო. მაშინვე უკუნეთში აღმოვჩნდით. 2 თუ 3 წუთში ყველაფერი გასწორდა, თუმცა მართლაც ძალიან სასაცილო იყო. რა გასაკვირია, რომ ეს ყველაფერი გაზეთების ფურცლებზე მოხვდა.
- გარდა იმისა, რომ მაღალი თანამდებობის ადამიანი ხართ, ასევე 2 შვილის მამა ბრძანდებით. უფროს ვაჟს დაღუპული ძმის საპატივცემულოდ ლევანი დაარქვით, ხოლო უმცროსს (რომელიც ერთი წლისაა) კახაბერი. იცლით მათთვის?
- ოჯახი ჩემ ცხოვრებაში მთავარია. თუ ვინმე გეუბნებათ რომ საყვარელი ადამიანებისთვის და ბავშვების გაზრდისთვის დრო არ ჰყოფნის, მაშინ რასაც არ უნდა აკეთებდეს, აზრი აღარ აქვს.
- როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი იყავით ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობდით. ახლა რა მიზნები გაქვთ?
- კარგი კითხვაა, მაგრამ ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: ვოცნებობ, რომ ქართული ოცნება ასრულდეს.
- რაზე გწყდებათ გული?
- ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიცავდი საქართველოს ნაკრების ღირსებას, თუმცა საწყენია, რომ დიდ ტურნირში ვერ ვითამაშეთ. და რა თქმა უნდა, 2 ავტოგოლი ერთ მატჩში (იტალიის ნაკრებთან 2009 წელს).
- რაიმე პროექტები გაქვთ?
- ვცდილობ ჩემ ქვეყანაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარო. ჯერ კიდევ მთავრობაში მოსვლამდე თბილისში სპორტული სკოლის შექმნას ვაპირებდი, მაგრამ მერიასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მშენებლობისთვის მიწა არ გამომიყვეს.
- რატომ გახდით პოლიტიკოსი?
- სპორტში ყველაფერი მოვიგე და როგორც ფეხბურთელმაც ამოვწურე ჩემი თავი. თანაც თავიდანვე ვამბობდი, რომ მწვრთნელის პროფესია საჩემო არაა. პოლიტიკოსობა კი ჩემს ქვეყანაში არსებულმა მძიმე მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. როცა თბილისში დავბრუდი და ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდში მიმიწვია, მაშინ სააკაშვილის მიმართ ბევრი რამ გადავაფასე. ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში კირიტიკული კითხვა დავუსვი და მან არადექვატურად მიპასუხა…


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0