x
image
worldsport.ge
დაჩი ცნობილაძე: "ჩვენი კოზირი გუნდური თამაშია"
imageდღეს, თბილისის დროით 20 საათზე გადამწყვეტი მატჩებია 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის VI ჯგუფში. საქართველო-ბელგია. გია ცეცაძის გუნდი ჯგუფს ლიდერობს და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიბევებს ადგილს და შესაძლოა, საამისოდ ფრეც ეყოს. ამაზე ქვემოთ, ამჯერად კი "მსოფლიო სპორტი" ბელგიაში დაუკავშირდა 19-წლამელთა საყრდენ ნახევარმცველ დაჩი ცნობილაძეს:
- 13 კაცით ემზადებით მასპინძლებთან გადამწყვეტი მატჩისთვის. ეს მოქმედებს განწყობაზე?
- 5 კაცი რომ არ გვეყოლება, ესაა ცუდი, თორემ შემადგენლობაში ყველას ჰყავს სრულფასოვანი შემცვლელი. რთული ისაა, რომ თამაშის გაძლიერება ვერ მოხერხდება შეცვლების წყალობით.
- ბელგიის თამაშს ნახავდით. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ბოლო მატჩი, რომელშიც ინგლისს 1:1 ეთამაშნენ, ჩვენმა მწვრთნელებმა ნახეს. წინა მატჩებიდან გამომდინარე, ბელგია კარგ ფეხბურთს თამაშობს, ძალისმიერი გუნდი არაა.
- შოტლანდია_საქართველო 1:3. ეს მატჩი შეაფასეთ.
- შოტლანდიას პირველ ტაიმში აშკარად ვაჯობეთ. ეს სანამ თანაბრად ვიყავით, ხოლო შემდეგ, როცა 2 კაცი გაგვიძევეს, დაცვიდან დავიწყეთ თამაში და კონტრშეტევებზე ავაგეთ, რასაც 2 გოლი მოჰყვა. მსაჯზე რაღა უნდა ვთქვა: 5 კაცი მოგვაკლო ბოლო მატჩისთვის, თანაც, აქედან მხოლოდ ერთი იყო სამართლიანი ყვითელი ბარათი, დანარჩენი კი მოიგონა. წითელ ბარათებზე აღარაფერს ვამბობ.
- პირველ ტაიმში, 0:0-ისას ძელს გაარტყით ბურთი. გაიხსენეთ ის ეპიზოდი.
- მარცხნიდან უბილავასგან მივიღე ბურთი, ერთი კაცი მოვატყუე, არაბულთან კედელი გავითამაშე და ერთი-ერთზე, საჯარიმოს ხაზიდან კუთხეში მაღალი ბურთი დავარტყი. არ გამიმართლა, ძელს მოხვდა.
- საქართველოს ნაკრები რით სჯობს მეტოქეებს? ანუ, რით გამოირჩევით?
- მთავარი მაინც გუნდური თამაშია. ესაა კოზირი.
- კლუბზეც: უმაღლეს ლიგაში, რუსთავის "მეტალურგში" თითქმის არ გიწევს თამაში...
- ვითამაშე "ვიტ ჯორჯიასთან" და "კოლხეთთან", 18-კაციან განაცხადშიც ბევრჯერ ვიყავი. იმედია, თამაში უფრო ხშირად მომიწევს.
ბელგიელებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ლიდერობას არავის დაუთმობს, მარცხი კი ფინალის მიღმა დაგვტოვებს. და რა ხდება, თუკი, ქართველი ჭაბუკები ფრედ ითამაშებენ? ამ შემთხვევაში, ბელგია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, თუმცა, საფრთხეს ინგლისისგან უნდა ველოდეთ, რომელიც თუკი შოტლანდიასთან 3 ან მეტი ბურთის სხვაობით იმარჯვებს, საქართველოს ნაკრებზე წინ აღმოჩნდება.
ინგლისელებს შესაძლოა 2-ბურთიანი გამარჯვებაც ეყოთ, თუკი საბოლოო ჯამში, თანაბარი ბალანსის შემთხვევაში, ქართველებზე მეტი ბურთი ექნებათ გატანილი. ამას გარდა, თუკი საქართველოსა და ინგლისს ბურთების ზუსტად ერთნაირი ბალანსი აღმოაჩნდათ, შესაძლოა, საქმე წილისყრამდეც მივიდეს.
მოკლედ, ჩახლართული სიტუაციაა, თუმცა, მთავარი ისაა, რომ ცეცაძის ბიჭები საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი და გამარჯვების შემთხვევაში, მათი დამწევი აღარავინაა.
მომავალ შეხვედრაში დანაკლისი მასპინძლებსაც ექნებათ. ბელგიელთა შემტევმა ჟორდი ქრუმ ინგლისთან შეხვედრაში მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაცირებულია. ცნობისთვის, ქრუმ ორივე გასული შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
საქართველოს და ბელგიის 19-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირება 29 მაისს ბორნემში თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება და ამავე დროს ვესტერლოში ინგლისი-შოტლანდიაც აიღებს სტარტს.
ევროპის 19 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი. მე-6 ჯგუფი (ბელგია)


სატურნირო მდგომარეობა

საქართველო 2 1 1 0 4:2 4

ბელგია 2 0 2 0 3:3 2


ინგლისი 2 0 2 0 2:2 2



შოტლანდია 2 0 1 1 3:5 1


29 მაისი (20 საათი)
ინგლისი – შოტლანდია; საქართველო – ბელგია


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0