x
image
worldsport.ge
“ტორპედო” არ იშლება, პირიქით… ოფიციალურად: გეგუჩაძე წავიდა

imageსამშაბათს, ჭავჭავაძეზე, “ვისოლის” სათავო ოფისში, ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ ჟურნალისტებს უმასპინძლა. ჯერ გასული სეზონი შეაფასა და მერე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მთავარი სასიამოვნო ამბავი ის იყო, რომ ბოლო მოეღო ჭორებს, თითქოს “ვისოლი” ქუთაიუსური კლუბის პატრონობას მეტად აღარ აპირებდა. ჭორები ჭორებად და კლუბის პრესრელიზში ეწერა: მფლობელმა “ტორპედოს” უფრო გაახალგაზრდავება დაისახა მიზნად და მწვრთნელთა ბანაკშიც ცვლილებები განახორციელაო.
გაახალგაზრდავება მაშინ, როცა ევროთასის მატჩები კარზეა მომდგარი? ცოტა უცნაურია, თუმცა ფხაკაძემ განმარტა: ცხადია, რისკი არის, გაბედული ნაბიჯია, მაგრამ ვფიქრობთ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ, გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც დარჩებიან, ნიჭიერი ახალგაზრდები კი ახალ ძალასა და ენერგიას შეგვმატებენ, ამიტომ წარმატების მეტი შანსი გვექნებაო.
ახლა კი თავიდან მივყვეთ:
ლევან ფხაკაძე: - გასული სეზონი კარგად ჩავამთავრეთ. შარშანდელის მსგავსად, ჩემპიონატში კვლავ მე-3 ადგილი დავიკავეთ, თუმცა უფრო უკეთესი შედეგის მისაღწევად გუნდის გაახალგაზრდავება გადავწყვიტეთ – მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22 წელი იქნება, რაც სამომავლო წარმატებისთვის მთავარი წინაპირობაა. ყველას კარგად გვახსოვს, რა კარგად იასპარეზეს შარშან გაზაფხულზე სლოვენიის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა 17-წლამდელებმა. ისინი ნახევარფინალამდე მივიდნენ და მთელ საქართველოს დიდი სიხარული აჩუქეს. ამჟამად ისინი თბილისის “ლოკომოტივსა” და გორის “დილაში” თამაშობენ. ჩვენ მათი “ტორპედოში” გადმოყვანა გადავწყვიტეთ, უმეტესობასთან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია. ლაპარაკია 12-13 ფეხბურთელზე. ამიერიდან უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ და ეს მათი განვითარებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. ასევე ქუთაისურ გუნდში იმუშავებენ “ლოკომოტივის” ესპანელი მწვრთნელები ჟერარდ სარაგოსა მულეტი და ალბერტო ბეროკალ კორეა.
- თავის დროზე თბილისის “დინამომაც” მიიწვია ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია, თუმცა მან წარმატებას ვერ მიაღწია.
- გეთანხმებით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას თან რისკი ახლავს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს რისკი მინიმუმადეა დაყვანილი. მათ საერთაშორისო გამოცდილება აქვთ და ბიჭებსაც კარგად იცნობენ. გია გეგუჩაძეს, გურამ ასპინძელაშვილსა და დათო ჯანელიძეს კი დიდ მადლობას გადავუხდი კარგი მუშაობისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.
- როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს კლუბებს?
- თავის დროზე მქონდა პროექტი, რომელიც ყველა კლუბის კერძო მეპატრონისთვის გადაცემას ითვალისწინებდა, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს შეუძლებელია, რადგან კონკურენტუნარიანი გარემო არ არსებობს. დღეს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს კლუბებს, ჩვენი მიზანი კი ბიზნესმენების დაინტერესებაა. ხომ გადაგდა ეს ნაბიჯი “ვისოლმა”, კერძო მფლობელი ჰყავს თბილისის “დინამოსაც”, აუცილებელია სხვა ბიზნესმენებიც ჩავრთოთ ამ საქმეში.
შემდეგ კომენტარი გია გეგუჩაძეს ვთხოვეთ, რომელიც ფხაკაძესთან ერთად ესწრებოდა პრესკონფერენციას:
გია გეგუჩაძე: “დიახ, “ტორპედოს” მწვრთნელი აღარ ვარ და ჯერჯერობით არც შეთავაზებები მაქვს. ახლა ცოტას დავისვენებ და მერე ვნახოთ. დღეს კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ექიმებს და განსაკუთრებით ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის, წვიმასა თუ ქარში, ჩვენს გვერდით იდგნენ. ცვლილებებს მივესლამები და გულით ვუსურვებ წარმატებებს”.
ორიოდ კვირაში ქუთაისელთა ხელმძღვანელები ფართო პრეზენტაციას გეგმავენ.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0