x
image
worldsport.ge
პაულ ბრაიტნერი ლიგის ფინალზე და სხვა ამბებზე

imageლეგენდარული პაულ ბრაიტნერი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო 1973/74 წლების სეზონში, როცა მიუნხენელებმა პირველად მოიპოვეს ჩემპიონთა თასი. “ბაიერნისა” და გფრ-ის ნაკრების ყოფილმა მცველმა შესანიშნავად იცის იუპ ჰაინკესის გუნდის ავ-კარგი. ახლა ის ლონდონში იმყოფება, უეფას ჩემპიონთა ფესტივალს ესწრება, ავტოგრაფებს არიგებს და მოუთმენლად ელის ფინალურ მატჩს დორტმუნდის “ბორუსიასთან”. გულშემატკივრებმა მას ტვიტერის საშუალებით დაუსვეს კითხვები.
- როგორი შეგრძნება გაქვთ ლონდონში ჩამოსვლისა და უეფას ჩემპიონთა ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ?
- ლონდონში ყოველთვის მიხარია ჩამოსვლა. აქ ერთ-ერთი ჩემი შვილი ცხოვრობს. ის “ტოტენჰემის” ქომაგია. ამიტომ ამ ქალაქში ხშირად მიწევს ხოლმე ყოფნა. რაც შეეხება ფესტივალს, მასში ადრეც მიმიღია მონაწილეობა. მაგალითად, 2010 წელს მადრიდში და შარშან მიუნხენში. კარგი იქნებოდა, კიდევ ცოტა ხანს გავჩერებულიყავი, მაგრამ წვიმს. თუმცა, ჩემთან, მიუნხენში, საერთოდ, თოვს. ასე რომ, შესაძლოა, უარეს დღეშიც აღმოვჩენილიყავი.
- რამ განაპირობა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში გერმანული გუნდების ასეთი სიძლიერე?
- ჩვენ ფინალში ვართ, რადგან დღევანდელ ფეხბურთს ვთამაშობთ. ორივე გუნდმა “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების სტილი გადმოიღო, თუმცა “ბაიერნი” და “დორტმუნდი” უფრო შორს წავიდნენ. ეს ფილოსოფია ბურთის კონტროლზეა დამყარებული, თუმცა ჩვენმა გუნდება ამას მაღალი ტემპიც დაამატეს და თვისობრივად ახალ ხარისხში აიყვანეს. თანაც ორივეს შესანიშნავი თავდამსხმელები ჰყავთ, რომლებსაც ხშირად გააქვთ გოლები, ეს კი ნაკლებ მნიშვნელოვანი არაა. “ბაიერნს” მარიო მანჯუკიჩი და მარიო გომესი ჰყავს, “დორტმუნდს” კი რობერტ ლევანდოვსკი.
- “დორტმუნდს” მარიო გიოტცე არ ეყოლება. იმოქმედებს ეს მის თამაშზე?
- თუ “ბაიერნმა” ისეთი ფეხბურთი ითამაშა, როგორსაც გაზაფხულის მეორე ნახევარში აჩვენებს, მნიშვნელობა აღარ ექნება გიოტცეს მინდორზე ყოფნა-არყოფნას. “დორტმუნდს” უბრალოდ შანსი აღარ ექნება.
- შეიძლება წლევანდელი “ბაიერნი” ისტორიაში საუკეთესოდ მივიჩნიოთ?
- თუკი მიუნხენელები შეძლებენ გაიმეორონ, რაც ფინალამდე გააკეთეს. მერე აუცილებელია ეს დონე 2-3 წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ. ამასთან, აუცილებელი არაა, ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. თუ ასე მოხდა, მაშინ შეგვიძლია ყველა დროის საუკეთესო “ბაიერნზე” ვისაუბროთ.
- თქვენი მიუნხენური კარიერიდან რომელი ეპიზოდი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- ეს იყო შვარცენბეკის გოლი მადრიდის “ატლეტიკოსთან” პირველ ფინალში 1974 წელს. მან 119-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ორი დღის შემდეგ კი განმეორებითი ფინალი ვითამაშეთ და მოწინააღმდეგე 4:0 გავანადრურეთ. ეს “ბაიერნის” პირველი ჩემპიონთა თასი იყო და დამატებით დროში გატანილი გოლიც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა.
- საუკეთესო გოლი, რომელიც გაგიტანიათ...
- შემეძლო დამესახელებინა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გატანილი პენალტი (1974 წლის ფინალი, გფრ-ჰოლანდია 2:1 – ავტ.). მაგრამ ასე არ არის. ბოლო-ბოლო, ფინალამდე ამ ტურნირზე კიდევ ორჯერ გავიტანე. ამ გოლების გარეშე ფინალში ვერ გავიდოდით. მახსენდება კიდევ ერთი, რომელიც ჩემს მესამე სანაკრებო მატჩში გავიტანე უნგრელთა წინააღმდეგ. მაშინ 20 წლის გახლდით და მთელი ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთან ერთად თამაშობდნენ გერდ მიულერი, გიუნტერ ნეცერი, ფრანც ბეკენბაუერი, ული ჰიონესი. ამ ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ უნგრელებს 2:0 მოუგო. პირველი გოლი მე გავიტანე, მეორე - ული ჰიონესმა. ეს გადამწყვეტი გოლი იყო ჩემი სამომავლო კარიერისთვის.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელ სტადიონებზეა ყველაზე ამაღელვებელი ატმოსფერო?
- რა თქმა უნდა, ინგლისის სტადიონებზე. განსაკუთრებით “ენფილდზე”. დღესაც მიყვარს ხოლმე იქ ჩასვლა. სულ სხვა განცდა მეუფლება. როცა ისინი დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე თავის “You’ll Never Walk Alone”-ს დაიწყებენ, თითქოს ქორო მღერისო. შესანიშნავი შოუა.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0